მართალია, საქართველოს მოსახლეობა კვლავაც ნაკლებად ინფორმირებულია ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის დეტალებთან დაკავშირებით, მაგრამ არის ერთი აქტუალური კითხვა, რომელიც ძალიან ბევრ ტელემაყურებელს უჩნდება: რატომ გადავდივართ ციფრულ მაუწყებლობაზე?
კითხვა, ცხადია, ლეგიტიმურია და ასევე ლეგიტიმურია არგუმენტიც – „მე მომწონს ის მაუწყებლობა, რომელიც მაქვს, შეცვლა არ მჭირდება”. თუმცა არსებობს ლეგიტიმური ფაქტებიც: ანალოგური სიხშირე ამოწურვადი ბუნებრივი რესურსია, ხოლო ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა – გარდაუვალი აუცილებლობა, რომელიც მსოფლიოს არაერთმა ქვეყანამ უმტკივნეულოდ მიიღო. რატომ? იმიტომ რომ ამ გარდაუვალ აუცილებლობას აქვს არაერთი თანამდევი უპირატესობა.
ციფრულ მაუწყებლობას დადებითი ეფექტის მოტანა შეუძლია როგორც ტელემაუწყებლებისთვის, ისე ტელემაყურებლებისა და ზოგადად ქვეყნის სატელევიზიო ბაზრისათვის.
რადგან მომხმარებლის ინტერესები ყოველთვის მთავარია, დავიწყოთ ტელემაყურებლებით. ტელემაყურებელი, რომელიც დღეს ანალოგური სიგნალით იღებს გამოსახულებას, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შემდეგ მიიღებს ძალიან მაღალი ხარისხის გამოსახულებასა და ხმას. ძალიან ზუსტად რომ ვთქვათ – ისეთ გამოსახულებასა და ხმას, როგორიც აქამდე არასდროს ჰქონია, რადგან ანალოგური მაუწყებლობისას გამოსახულებას შეიძლება თან ახლდეს მონო- ან სტერეოხმა, ანუ მხოლოდ ორი ხმის არხი, მაშინ როცა ციფრული მაუწყებლობისას შესაძლებელია გამოსახულებას 16-მდე ხმა ახლდეს. ეს ფაქტორი დამატებით ბენეფიტს იძლევა იმ თვალსაზრისით, რომ ტელემაყურებელს კონკრეტული პროგრამის რამდენიმე ენაზე ყურების საშუალებას აძლევს. ციფრული მაუწყებლობის დადებით მხარედ უნდა მივიჩნიოთ ისიც, რომ მას, ანალოგურისაგან განსხვავებით, ინტერაქტიულობა ახასიათებს – ტელემაყურებელს საშუალებას აძლევს რამდენიმე არხს ერთდროულად უყუროს ან გადახედოს ციფრული ტელევიზიების ჩამონათვალს იმის გასაგებად, თუ რომელ არხზე რა გადის მოცემული მომენტისათვის. თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ ტელემაყურებლებმა ტექნიკური საკითხების მოგვარება ბოლო წუთამდე, ანალოგური სიგნალის გათიშვამდე, არ უნდა გადადონ და დროულად იზრუნონ სპეციალური მოწყობილობების შეძენაზე, რომელთაც საკუთარ ტელევიზორებს მიუერთებენ ციფრული სიგნალის მისაღებად.
რაც შეეხება ტელემაუწყებლებს, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა მათთვის მოქმედების არეალს მნიშნელოვნად ზრდის და, შესაბამისად, საშუალებას აძლევს უფრო კონკურენტუნარიანები გახდნენ. ასე მაგალითად, თითოეულ ტელეკომპანიას შეუძლია ერთდროულად რამდენიმე არხი შესთავაზოს მაყურებელს. ტელეკომპანიებისათვის მარტივდება ლიცენზიების მიღების პროცესიც.
ზოგადად ტელეინდუსტრიისათვის ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა ბაზარზე თამაშის წესებს მნიშვნელოვნად ცვლის. ის, რომ ციფრული სიხშირე არ არის ისეთივე ამოწურვადი რესურსი, როგორიც ანალოგური და, შესაბამისად, მისი რაოდენობა ბუნებაში უფრო მეტია, ტელემაუწყებლობის ბაზარს ახალი მოთამაშეებისთვის უფრო ღიას ხდის. შესაბამისად, იზრდება შანსი, რომ მეტი ტელეკომპანია გვქონდეს ბაზარზე, მეტი არჩევანი და, რა თქმა უნდა, მეტი კონკურენცია.
2015 წლის 17 ივნისი ის დღეა, როცა საქართველოში ანალოგური სიგნალი გაითიშება და ამისათვის ქვეყნის მოსახლეობა მზად უნდა იყოს. თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და უცხოელი კონსულტანტების ერთ-ერთ უმთავრეს რეკომენდაციად კვლავაც სახელმწიფოს მიერ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სტრატეგიაზე მუშაობის დასრულება და მისი გამოქვეყნება რჩება, რათა საზოგადოებისათვის ცნობილი იყოს სამოქმედო გეგმა და კონკრეტული ვადები.