Credit Suisse-თან შერწყმის პარალელურად, უმსხვილესი შვეიცარიული ბანკის, UBS-ის აღმასრულებელ დირექტორად სერხიო ემროტი ბრუნდება, რომელიც ბანკს 2011-დან 2020 წლამდე ხელმძღვანელობდა.
CEO-ს თანამდებობაზე ემროტი რალფ ჰამერსს ჩაანაცვლებს, რომელიც UBS-ის დირექტორი 2020 წლიდან იყო.
კომპანიის წარმომადგენლობის განმარტებით, მასშტაბური და საკმაოდ კომპლექსური რესტრუქტურიზაციის ფონზე, დირექტორთა საბჭომ ემროტის დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ის კომპანიების შერწყმების ექსპერტი და გამოცდილი ბანკირია, რომელსაც კარგად ესმის Credit Suisse-ისა და UBS-ის სპეციფიკა.
აწ უკვე ყოფილი დირექტორი, რალფ ჰამერსი ახალი CEO-ს მრჩევლის პოზიციაზე გადაინაცვლებს.