ზუსტად ერთი წლის წინ, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართმა გაავრცელა.
„ერთი წლის წინ, ამ დღეს, სწორედ ამ ადგილიდან, დაახლოებით დილის შვიდ საათზე მოგმართეთ მოკლე განცხადებით. ის მხოლოდ 67 წამი გაგრძელდა. ის მოიცავდა ორ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს: რომ რუსეთმა ჩვენს წინააღმდეგ დაიწყო სრულმასშტაბიანი ომი; და რომ ჩვენ ძლიერები ვართ, ყველაფრისთვის მზად ვართ და ყველას დავამარცხებთ, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ უკრაინა!
ასე დაიწყო 2022 წლის 24 თებერვალი. ყველაზე გრძელი დღე ჩვენს ცხოვრებაში. ჩვენი თანამედროვე ისტორიის უმძიმესი დღე. ადრე გავიღვიძეთ და მას შემდეგ არ დაგვიძინია“, – ამ სიტყვებით იწყებს განცხადებას უკრაინის პრეზიდენტი.
ვოლოდიმირ ზელენსკი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ომის პირობებში უკრაინელი ხალხის მიერ გამოვლენილ სიმამაცესა და შეუპოვრობას. ის მადლობას უხდის ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს, მასში შემავალ თითოეულ სამსახურს მტრისთვის მედგარი წინააღმდეგობის გაწევის გამო.
უკრაინის პრეზიდენტს განცხადებაში არც პარტნიორების მიერ გაწეული დახმარება ავიწყდება. „მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს პარტნიორს, მოკავშირეს და მეგობარს, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში გვერდში გვედგნენ“, – აცხადებს ზელენსკი.
განცხადების დასასრულს უკრაინის პრეზიდენტი განვლილ ერთ წელიწადს კიდევ ერთხელ ახასიათებს და მიმდინარე წელს გამარჯვების პირობას დებს.
„ეს იყო გამძლეობის წელი; ზრუნვის წელი; ვაჟკაცობის წელი; ტკივილის წელი; იმედის წელი; გამძლეობის წელი; ერთიანობის წელი; უძლეველობის წელი; უძლეველობის მრისხანე წელი.
მისი მთავარი შედეგი არის ის, რომ გავუძელით. არ დავმარცხებულვართ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ წელს გავიმარჯვოთ!
დიდება უკრაინას!“