უკრაინაში შეჭრიდან დღემდე რუსეთმა ნავთობპროდუქტების ექსპორტიდან $98 მლრდ მიიღო

უკრაინაში შეჭრიდან დღემდე რუსეთმა ნავთობპროდუქტების ექსპორტიდან $98 მლრდ მიიღო

ახალი კვლევის თანახმად, უკრაინაში მიმდინარე 100-დღიანი ომის განმავლობაში რუსეთმა წიაღისეული საწვავის ექსპორტით $98 მილიარდი აშშ დოლარი გამოიმუშავა. ევროკავშირი კი ამ პერიოდის განმავლობაში რუსული საწვავის ტოპ იმპორტიორი გახლდათ. აღნიშნული კვლევა ორშაბათს ფინურმა დამოუკიდებელმა კვლევითმა ორგანიზაციამ, CREA-მ გამოაქვეყნა.

ვითარება უკრაინაში კვლავ დაძაბულია. რუსული სამხედრო ძალების პროგრესი აღმოსავლეთ უკრაინის დასაკავებლად, შეფერხებებით, თუმცა მაინც გრძელდება. თავის მხრივ, შეერთებული შტატები და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები უკრაინას თავის დასაცავად შეიარაღებას აწვდიან, თუმცა ეს არასაკმარისია. ოფიციალური კიევი პარტნიორებს რუსეთთან ყოველგვარი სავაჭრო ურთიერთობების გაწყვეტას სთხოვს.

ცნობისათვის, ომამდე ევროკავშირის ბუნებრივი აირის საჭიროებების 40%-ს სწორედ რუსეთი აკმაყოფილებდა. ნავთობის შემთხვევაში კი ეს რიცხვი 27%-ს შეადგენდა. თუმცა, თვის დასაწყისში ევროკავშირი რუსეთიდან ნავთობის იმპორტის თითქმის სრულად აკრძალვაზე შეთანხმდა. გარდ ამისა, წლის ბოლომდე ბუნებრივი აირის იმპორტის 2/3-ით შემცირებაც იგეგმება. მიუხედავად ამისა, ემბარგოს ეფექტი ჯერ არ ჩანს.

CREA-ს ანგარიშის თანახმად, ომის ასი დღის განმავლობაში რუსეთიდან წიაღისეული საწვავის ექსპორტის 61% სწორედ ევროკავშირზე მოდიოდა. ევროკავშირმა ამ პერიოდის განმავლობაში რუსეთისაგან 60 მილიარდი დოლარის ოდენობის საწვავი შეიძინა.

მთლიანობაში ტოპ იმპორტიორი ქვეყანა ჩინეთი გახლდათ ($13.2 მლრდ). შემდეგ მოსდევენ: გერმანია ($12.7 მლრდ), იტალია ($8.4 მლრდ), ნიდერლანდები ($  8.2 მლრდ), თურქეთი ($7 მლრდ), პოლონეთი ($4.6 მლრდ), საფრანგეთი ($4.5 მლრდ) და ინდოეთი ($3.6 მლრდ).

რუსეთის მიერ წიაღისეული საწვავის ექსპორტით მიღებული შემოსავლის უდიდესი ნაწილი ნედლმა ნავთობმა ($48.2 მლრდ) შეადგინა. მეორე და მესამე ადგილზე კი ბუნებრივი აირი ($25.1 მლრდ) და ნავთობპროდუქტები ($13.6 მლრდ) იმყოფება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *