უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის საკოორდინაციო ცენტრი თურქეთში ამოქმედდება

უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის საკოორდინაციო ცენტრი თურქეთში ამოქმედდება

თურქეთის თავდაცვის მინისტრის, ჰულუსი აქარის განცხადებით, უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის საკოორდინაციო ცენტრი თურქეთში, სტამბოლში იფუნქციონირებს.

თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, საკოორდინაციო ცენტრის გახსნის შესახებ შეთანხმება ყველა ჩართულ მხარეს შორის გაფორმდა. უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტს ერთობლივ მონიტორინგს გაუწევენ კონფლიქტში ჩაბმული მხარეები და ფასილიტატორები.

ჰულუსი აქარის განცხადებით, თურქი, რუსი და უკრაინელი ლიდერები შეთანხმებას ხელს ოფიციალურად მომდევნო კვირას მოაწერენ. აღნიშნული შეთანხმება გლობალური სასურსათო კრიზისის აღმოფხვრისაკენ წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ამ ყველაფერში კი თურქეთი დიდ როლს თამაშობს.

მხარეებს შორის შეთანხმებას გამოეხმაურა გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში და მას გლობალური შიმშილის შემცირებისაკენ გადადგმული არსებითი ნაბიჯი უწოდა. მან ასევე აღნიშნა, რომ მარცვლეულის ექსპორტზე შეთანხმება იმის ინდიკატორიცაა, რომ რუსეთსა და უკრაინას გარკვეულ საკითხებზე მოლაპარაკება შეუძლიათ.

შეგახსენებთ, რომ უკრაინა ხორბლის, ქერისა და სიმინდის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ექსპორტიორია. გარდა ამისა, გლობალურ ბაზრებზე გაყიდული მზესუმზირას ზეთის დაახლოებით ნახევარი სწორედ უკრაინაზე მოდის. თუმცა, რუსეთის მიერ მოწყობილი საზღვაო ბლოკადის გამო უკრაინიდან მარცვლეულისა თუ სხვა სახის პროდუქციის ექსპორტი მნიშვნელოვნადაა შეზღუდული.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.