უკრაინის წიაღისეულით საფრანგეთიც არის დაინტერესებული

უკრაინის წიაღისეულით საფრანგეთიც არის დაინტერესებული

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის, სებასტიან ლეკორნუს განცხადებით, ქვეყანა წიაღისეულთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს უკრაინასთან უკვე თვეებია, რაც აწარმოებს. როგორც ჩანს, ამერიკის შეერთებული შტატები ერთადერთი ქვეყანა არ არის, რომელიც უკრაინის კრიტიკული მნიშვნელობის მინერალებით ინტერესდება.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შეერთებულ შტატებთან წიაღისეულის შესახებ შეთანხმებას, სავარაუდოდ, ხელს დღეს მოაწერს. ამასთან დაკავშირებით განცხადება პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოთხშაბათს გააკეთა.

რაც შეეხება საფრანგეთს, სებასტიან ლეკორნუმ განაცხადა, რომ ის მოლაპარაკებებს თავის კოლეგასთან აწარმოებს და მინერალები საფრანგეთის საჭიროების დასაკმაყოფილებლად უნდათ – თავდაცვის ინდუსტრიისთვის, რომელსაც, მისი თქმით, მომდევნო წლებში გარკვეული რაოდენობის ნედლეულზე წვდომა დასჭირდება.

ლეკორნუს თქმით, სწორედ ამ საჭიროებიდან გამომდინარე საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მას დისკუსიების დაწყების მანდატი მისცა. „ემანუელ მაკრონმა მთხოვა, რომ უკრაინელებთან დისკუსია დამეწყო… ამას ოქტომბრიდან ვაკეთებ“, – განაცხადა მინისტრმა.

სებასტიან ლეკორნუმ ისიც განმარტა, რომ საფრანგეთი, შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, უკრაინისგან წიაღისეულს შეიძენს და მას საფრანგეთის მიერ უკრაინისთვის გაწეული მილიარდობით ევროს სამხედრო და სხვა სახის დახმარების უკან დასაბრუნებლად არ გამოიყენებს.