უკრაინულ Naftogaz-ს Nord Stream 2-ის სერტიფიცირებაში სურს მონაწილეობის მიღება

უკრაინულ Naftogaz-ს Nord Stream 2-ის სერტიფიცირებაში სურს მონაწილეობის მიღება

უკრაინულმა Naftogaz-მა გერმანიის მარეგულირებელი ორგანოს სააპლიკაციო ფორმა შეავსო ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის სერტიფიცირების პროცესში მონაწილეობის მისაღებად. უკრაინული ავტორიტეტული მედიასაშუალება Ukrinform-ის კორესპონდენტის ინფორმაციით, Naftogaz-ის აღმასრულებელმა დირექტორმა იური ვიტრენკომ აღნიშნული განცხადება ორშაბათს, 18 ოქტომბერს, ბრიფინგზე გააკეთა.

„Naftogaz-მა, უკრაინის ეროვნულმა კომპანიამ, რომელიც სახელმწიფოს ენერგოუსაფრთხოებისა  და ეროვნული ინტერესების დაცვისათვის მნიშვნელოვან ქვაკუთხედს წარმოადგენს, გერმანულ მარეგულირებელ ორგანოს, Nord Stream 2-ის სერტიფიცირების პროცესში მონაწილეობის მიღების უფლება მოსთხოვა“, – განაცხადა იური ვიტრენკომ.

მან ასევე აღნიშნა, რომ კომპანიის ოფიციალური პოზიციით, ევროპულ კანონმდებლობასთან შეუთავსებლობის გამო მილსადენს ფუნქციონირების სერტიფიკატი არ უნდა მიენიჭოს. უფრო კონკრეტულად კი უკრაინის ოფიციალური პოზიციით, Nord Stream 2 მთლიანად გაზის მიმწოდებლის მიერ კონტროლდება, მილსადენის ფუნქციონირებაში მონაწილეობას არ იღებს მესამე მხარე და ფუნდამენტურადაა დარღვეული სოლიდარობის პრინციპები.

შეგახსენებთ, რომ რუსული გაზსადენის, ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის მშენებლობა რამდენიმე კვირის წინ დასრულდა. ცოტა ხნის წინ კი გაზსადენში ტესტირებისათვის პირველი ნედლეულიც გაეშვა. თუმცა ჯერჯერობით მას სრულად ფუნქციონირების უფლება არ მოუპოვებია გარკვეული იურიდიული უზუსტობების გამო. უკრაინის მთავრობა აღნიშნული მილსადენის მშენებლობას თავიდანვე ეწინააღმდეგებოდა, რადგან გაზსადენს უკრაინისთვის, გარდა კოლოსალური ფინანსური ზარალისა, ენერგოუსაფრთხოების რისკებიც მოაქვს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *