უნგრეთი: რუსეთისთვის სანქციების დაწესების საჭიროებას ვერ ვხედავთ, აუცილებელია მოლაპარაკება

უნგრეთი: რუსეთისთვის სანქციების დაწესების საჭიროებას ვერ ვხედავთ, აუცილებელია მოლაპარაკება

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის თანაშემწის განცხადებით, ევროკავშირმა რუსეთისთვის სანქციების დაწესება უნდა შეწყვიტოს. მისი მოსაზრებით, EU-მ ცეცხლის შეწყვეტასა და მხარეებს შორის მოლაპარაკებების გამართვას უნდა შეუწყოს ხელი.

ზემოხსენებული განცხადება ორბანის თანაშემწემ ევროკავშირის ლიდერების სამიტზე გააკეთა. მან სიტყვით გამოსვლისას განმარტა, რომ EU-ს მიერ მიღებული სანქციები თავად ბლოკს აზიანებს, რუსეთი კი შეზღუდვების შედეგებს გადაურჩა.

„ბოლოს ეკონომიკური პრობლემების გამო, ევროკავშირი ომის წაგებულ მხარეს იქნება. ჩვენი რეკომენდაციაა, შევაჩეროთ სანქციების დაწესების პროცესი“ – განაცხადა ბალაჟ ორბანმა. შეგახსენებთ, რომ უნგრეთი ევროკავშირის ყველაზე მეტად პრორუსული ქვეყანაა. სახელმწიფო რუსულ ნავთობსა და ბუნებრივ აირზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული. გარდა ამისა, რუსეთი უნგრეთში ბირთვულ რეაქტორსაც აშენებს.

აღსანიშნავია, რომ უნგრეთმა ევროკავშირის მიერ რუსეთისათვის დაწესებულ უკანასკნელ სანქციათა პაკეტს თავი აარიდა. ვიქტორ ორბანის თანაშემწის განცხადებით, რუსეთი დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს გვერდს უვლის და „მიუხედავად იმისა, რომ ისიც ზარალდება, უკრაინაში წინსვლას მაინც ახერხებს.“

შეგახსენებთ, 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან დღემდე, ევროკავშირმა ოკუპანტ ქვეყანას სანქციების 6 სხვადასხვა პაკეტი დაუწესა. სანქციათა პაკეტები აქტივების გაყინვას, რუსი ოლიგარქებისა და ოფიციალური პირებისთვის სავიზო აკრძალვების დაწესებას, საექსპორტო კონტროლის გამკაცრებას, ცენტრალური ბანკის აქტივების გაყინვას, ასევე რუსული ბანკების Swift-დან გამოთიშვასა და რუსული ქვანახშირისა და ნავთობის იმპორტის აკრძალვას მოიცავს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *