მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ (UNWTO) ტურიზმის სექტორის დასახმარებლად “გაიდლაინები” გამოაქვეყნა. “გაიდლაინებში” ხაზგასმულია, რომ საჭიროა ნდობის აღდგენა და საჭირო ნაბიჯების გადადგმა სექტორში. ამასთან, როგორც ცნობილია UNWTO Google-თან თანამშრომლობას აღრმავებს, რაც გლობალური ტურიზმის ციფრულ ტრანსფორმაციას დაეხმარება.
“გაიდლაინები” გლობალური ტურიზმის კრიზისის კომიტეტთან კონსულტაციების შედეგად შემუშავდა და მის მიზანს მთავრობების და კერძო სექტორების მხარდაჭერა წარმოადგენს კორონავირუსის კრიზისიდან გამოსვლის პროცესში. იმის მიხედვით თუ როდის მოიხსნება სამოგზაურო შეზღუდვები, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია აცხადებს, რომ საერთაშორისო ტურისტული მიმოსვლა შესაძლოა 60–80%-ით შემცირდეს. ეს კი საფრთხეს უქმნის 100–129 მლნ სამუშაო ადგილს და ექსპორტში 910 მილიარდი დოლარიდან 1.2 ტრილიონ დოლარამდე ზარალის რისკებს ქმნის.
“ეს გაიდლაინები მთავრობებსაც და ბიზნესებსაც უზრუნველყოფს ყოვლისმომცველი ზომებით, რაც მათ ტურიზმის სექტორის უსაფრთხოდ გახსნაში დაეხმარება“, – განაცხადა UNWTO-ს გენერალურმა დირექტორმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.
გზამკვლევში ხაზგასმულია, რომ მნიშვნელოვანია მოგზაურების ნდობის აღდგენა უსაფრთხო პროტოკოლებით, რაც შეამცირებს რისკებს ტურიზმის ჯაჭვის თითოეულ ნაბიჯზე. პროტოკოლები კი მოიცავს მგზავრების მიღების სათანადო პროცედურებს, მათ შორის ტემპერატურის შემოწმებას, ტესტირებას, ფიზიკურ დისტანცირებას, ხშირ ჰიგიენურ პროცედურებს და ა.შ.
რაც შეეხება UNWTO-ს თანამშრომლობას Google-თან, გაიდლაინში აღნიშნულია ასევე, მიმართულებების, კომპანიებისა და თანამშრომლების ციფრული ტრანსფორმაციის შესახებ, მაგალითად უფასო ონლაინ ტრეინინგები UNWTO-ს ონლაინ აკადემიაში, ასევე ისეთი აპლიკაციების დანერგვა, როგორიცაა Hi Card-ი, რათა გააუმჯობესონ საერთაშორისო ფუნქციონალური თავსებადობა აეროპორტებსა და სასტუმროებში. ტექნოლოგიების როლი სასტუმროებსა და ტურისტულ ადგილებში სოციალური დისტანცირების წახალისებაში ასევე მნიშვნელოვანია.
UNWTO ასევე იმუშავებს Google-თან ერთად ციფრული სწავლების, ონლაინ უნარების ტრენინგების წახალისებაში, რათა გლობალური ტურიზმის სექტორში ახალი შესაძლებლობები უზრუნველყოს.
“ჩვენ სასიამოვნოდ აღელვებულები ვართ Google-თან ერთდ უფრო მჭიდროდ მუშაობით. ბოლო კვირებმა დაგვანახა ტექნოლოგიების გაძლიერებული როლი ჩვენს ცხოვრებაში, ტურიზმის ციფრული ტრანსფორმაცია სექტორს უფრო მოქნილს გახდის და გააჩენს შესაძლებლობებს მსოფლიოს მასშტაბით“, – განაცხადა პოლოლიკაშვილმა.