უორენ ბაფეტი Berkshire Hathaway-ის CEO-ს პოსტს დატოვებს

უორენ ბაფეტი Berkshire Hathaway-ის CEO-ს პოსტს დატოვებს

94 წლის ინვესტორმა, უორენ ბაფეტმა შაბათს განაცხადა, რომ წლის ბოლომდე Berkshire Hathaway-ის აღმასრულებელი დირექტორის პოსტს დატოვებს. აღნიშნული განცხადება ბაფეტმა კომპანიის აქციონერთა ყოველწლიურ შეხვედრაზე გააკეთა, სადაც ის ასევე შეეხო აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სავაჭრო ტარიფებს, Berkshire Hathaway-ის სტრატეგიებსა და, ზოგადად, ეკონომიკის მდგომარეობას.

შეხვედრის ბოლოს უორენ ბაფეტმა, Berkshire Hathaway-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან გადადგომის დაანონსებასთან ერთად განაცხადა, რომ მას ამ პოზიციაზე Berkshire Hathaway Energy-ის CEO გრეგ აბელი შეცვლის. მის განცხადებას დამსწრეები ოვაციებით შეხვდნენ. შეგახსენებთ, ბაფეტი Berkshire Hathaway-ის სათავეში 1970 წლიდან იმყოფება.

ბაფეტმა ტრამპის სავაჭრო პოლიტიკაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ვაჭრობა არ უნდა იყოს იარაღი“ და „აშშ-ს უნდა სურდეს ვაჭრობა დანარჩენ მსოფლიოსთან“. მან ტარიფები კიდევ ერთხელ მოიხსენია, როგორც „ომის გარკვეული ფორმა“ და დასძინა, რომ ამერიკამ უკვე „გაიმარჯვა“, რადგან, მისი თქმით, ქვეყანა „არაფრიდან ძალიან მნიშვნელოვან ძალად იქცა“.

უორენ ბაფეტი ოპტიმისტურად გამოეხმაურა ამერიკის ეკონომიკურ მდგომარეობასაც: „დაეჭვების საფუძველი არ არსებობს,“ — განაცხადა ინვესტორმა. რაც შეეხება დოლარის კურსის ვარდნას, რომელმაც გასულ თვეში სამწლიან მინიმუმს მიაღწია — ბაფეტმა განაცხადა, რომ ვალუტის რისკის სამართავად არაფერს აკეთებს და ინვესტორებს უთხრა: „ჩვენ არ გვინდა გვქონდეს აქტივები ისეთ ვალუტაში, რომლის მომავალსაც სარისკოდ მივიჩნევთ“.

94 წლის ინვესტორი 2025 წლის პირველი კვარტლის ბაზრის არასტაბილურობასაც შეეხო და განაცხადა, რომ „ეს არაფერია“, განსაკუთრებით 1929 წლის უოლ-სტრიტის კრახთან შედარებით.

ცნობისთვის, ამერიკული Forbes-ი უორენ ბაფეტის ქონებას ამ დროისთვის $168.2 მილიარდად აფასებს, რაც მას მსოფლიოში მეხუთე უმდიდრეს ადამიანად აქცევს.