უორენ ბაფეტის Berkshire Hathaway-ის ავიაჰოლდინგმა შექმნილი ვითარების გამო, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში $5 მლრდ დაკარგა. პანდემიის გამო, ჩაკეტილია საზღვრები, გაუქმებულია ავიარეისები. ავიაკომპანიები კი უდიდეს ზარალს განიცდიან.
ბაფეტის კონგლომერატი ისეთი ამერიკული ავიაკომპანიების წილებს ფლობს, როგორიცაა American Airlines-ი, Delta Air Lines-ი, Southwest Airlines-ი და United Airlines-ი.
ამ ოთხი ავიაკომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია საშუალოდ 52%-ით დაეცა 2020 წლის პირველ სამ თვეში. უფრო კონკრეტულად, United-ის აქციები 65%-ით, American-ის და Delta-ს აქციები 50%-ზე მეტით, ხოლო Southwest-ის აქციები 35%-ით დაეცა.
აღნიშნულმა კი Berkshire-ის ავიაჰოლდინგს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. კონგლომერატმა მხოლოდ Delta-ს აქციების დაცემით $2 მლრდ დაკარგა, ხოლო United-ისა და American-ის გამო $1-1 მლრდ-ზე მეტი.
აღსანიშნავია, რომ მარტის დასაწყისში ბაფეტმა Delta-ს კიდევ $45 მლნ ღირებულების აქციები შეიძინა, მას შემდეგ კი ავიაკომპანიის აქციები 20%-ით დაეცა.