უორენ ბაფეტის Berkshire-მა სადაზღვევო კომპანია Alleghany $11.6 მილიარდად შეიძინა

უორენ ბაფეტის Berkshire-მა სადაზღვევო კომპანია Alleghany $11.6 მილიარდად შეიძინა

ლეგენდარული ამერიკელი ინვესტორის, უორენ ბაფეტის საინვესტიციო ჰოლდინგმა, Berkshire Hathaway-მ სადაზღვევო კომპანია Alleghany 11.6 მილიარდ აშშ დოლარად შეიძინა.

მართალია, გარიგების შესახებ ინფორმაცია პირველად მარტში გავრცელდა, თუმცა შესყიდვის პროცესი ოფიციალურად სწორედ ახლა დასრულდა, სადაზღვევო კომპანია კი სრულად გადავიდა Berkshire-ის მფლობელობაში.

შეთანხმების პირობების მიხედვით, Alleghany-ის გენერალური დირექტორი და თავმჯდომარე, ჯო ბრანდონი ისევ გააგრძელებს კომპანიის მართვას, თუმცა ამჯერად უორენ ბაფეტის ზედამხედველობის ქვეშ.

ცნობისთვის, Alleghany ნიუ-იორკში 1929 წელს დაარსდა და ის ქვეყნის მასშტაბით 4,400-მდე თანამშრომლებს ასაქმებს. კომპანია დაკავებულია როგორც უძრავი და მოძრავი ქონების, ასევე სიცოცხლის დაზღვევით.

აღსანიშნავია, რომ $11.6-მილიარდიანი შენაძენი 2016 წლის შემდეგ Berkshire-ის მიერ განხორციელებული ყველაზე მსხვილი გარიგებაა.

ზოგადად, სადაზღვევო სექტორი Berkshire-ის ერთ-ერთი ყველაზე მოგებიანი მიმართულებაა, Alleghany-ს შეძენა კი მნიშვნელოვნად ზრდის უორენ ბაფეტის საინვესტიციო ჰოლდინგის გავლენას ზემოხსენებულ ბაზარზე.