მიუხედავად იმისა, რომ ტოპ-ბანკებსა და დანარჩენ ბანკებს შორის ზომაში ძალიან დიდი სხვაობაა, კონკურენცია საკმაოდ დიდია, – ამის შესახებ „ლიბერთი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხოდელმა გადაცემა Forbes Talks-ში განაცხადა.
მისი თქმით, „ლიბერთის უხარია კონკურენცია და მეტ ძალას მატებს“. რაც შეეხება „ლიბერთის“ კონკურენტულ უპირატესობას, ვასილ ხოდელის თქმით, ეს არის ძლიერი, გულანთებული, შედეგების დადებაზე ორიენტირებული გუნდი.
„მეორე – ინფრასტრუქტურული უპირატესობაა. ჩვენ ყველაზე დიდი ქსელი გვაქვს მიწაზე, ეს უპირატესობა გვაქვს და გარკვეული პერიოდი ნამდვილად გვექნება, მიუხედავად იმისა, რომ გაციფრულება ჩვენთანაც აქტიური ტემპებით მიმდინარეობს.
მესამე – ფინანსური თვალსაზრისით რომ შევხედოთ, ეს არის ჩვენი საბალანსო უწყისი, რომელშიც ლარიზაცია დღეს საბანკო სისტემაში ყველაზე მაღალია. ჩვენ ყველაზე გამძლე ვართ იმ შოკების მიმართ, რომლებიც ახლაც გვაქვს. გვგონია, რომ ამ კრიზისიდან უფრო ძლიერები გამოვალთ“, – აღნიშნა ვასილ ხოდელმა.
„ლიბერთის“ გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ ბანკის სასესხო პორტფელის 75%-ზე მეტი ლარშია დენომინირებული. „ანალოგიური სტრუქტურა გვაქვს პასივების მხარეს, აბსოლუტურად დაბალანსებულია… ლარიზაციის კოეფიციენტი, უხეშად, 45%-47%-ის ფარგლებშია“, – დასძინა მან.
ცნობისთვის, „ლიბერთის“ აქტივების ზომა 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 2.9 მლრდ ლარი იყო და რიგით მესამე პოზიციას იკავდებდა ბაზარზე; მთლიანი საკრედიტო პორტფელი 1.67 მლრდ ლარს შეადგენდა, 2020 წლის ზარალი კი 15.1 მლნ ლარი იყო.