„ჩვენ მოხარული ვართ იმ შეფასებით, რაც ასეთი მაღალი რეპუტაციის მქონე სარეიტინგო სააგენტოსგან მივიღეთ“, – განაცხადა ~ „ლიბერთი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხოდელმა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-ის შეფასების შესახებ გადაცემა Forbes Talks-ში საუბრისას. მისი თქმით, ყველაფერი, რაც ბანკმა გასულ წელს, პანდემიის პირობებში გააკეთა, სააგენტომ განახლებულ რეიტინგში მნიშვნელოვანწილად გაითვალისწინა.
„ჩვენ სააგენტოსთან საკმაოდ ეფექტიანი კომუნიკაცია გქვონდა. წლის დასაწყისშივე, როდესაც სტრატეგიული დოკუმენტი დავამტკიცეთ, Fitch-საც გავუზიარეთ და შემდგომ ფაქტების მიხედვით გავზომეთ ის, თუ რამდენად ახლოს ვიყავით ჩვენს სტრატეგიულ გეგმასთან“, – აღნიშნა ხოდელმა და „ლიბერთის“ გუნდს მადლობა გადაუხადა მუშაობისთვის და ამ პროცესებში მონაწილეობისთვის, რაც შემდგომ Fitch-ის რეიტინგშიც აისახა.
ვასილ ხოდელი აღნიშნავს, რომ 2020-ის მსგავსად, არც 2021 იქნება მარტივი წელი.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველას გვესმის, რომ არც წლევანდელი წელი იქნება მარტივი, კერძოდ გადახდისუნარიანობის რისკები გაიზრდება და საბანკო სისტემაში უმოქმედო სესხების წილი მოიმატებს, Fitch-ი ამბობს, რომ სჯერა იმ სასიცოცხლო ძალისა, რომელიც „ლიბერთის“ აქვს და რომ ჩვენი მოგებიანობა გადაფარავს ამასაც და კარგ შედეგებს ვაჩვენებთ“, – განაცხადა ვასილ ხოდელმა.
ცნობისთვის, Fitch-მა მარტის ბოლოს მიიღო გადაწყვეტილება, რომ “ლიბერთი ბანკისთვის” საკრედიტო რეიტინგის მოლოდინი “ნეგატიურიდან” “სტაბილურამდე” გაეუმჯობესებინა. გავლენიანმა სარეიტინგო სააგენტომ აღნიშნა, რომ რთული წლის მიუხედავად, ბანკის კაპიტალი კვლავ ჯანსაღ პარამეტრებს ინარჩუნებს.