სი ძინპინი დონალდ ტრამპთან შესახვედრად აშშ-ში ჩავა

სი ძინპინი დონალდ ტრამპთან შესახვედრად აშშ-ში ჩავა

ფოტო: Brendan Smialowski/AFP/Getty Images

 

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩასვლასა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრას გეგმავს. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, პრეზიდენტ ტრამპის მიწვევით, სი ძინპინი აშშ-ს 23–25 სექტემბერს სახელმწიფო ვიზიტით ეწვევა.

ჩინეთის პრეზიდენტის ვაშინგტონში ვიზიტი დაგეგმილია მაშინ, როდესაც ორ ქვეყანას შორის მიღწეული 1-წლიანი სავაჭრო ზავის ვადა იწურება. აქვე საინტერესოა, რომ 2023 წლის შემდეგ ეს სი ძინპინის აშშ-ში პირველი ოფიციალური ვიზიტი იქნება. მაშინ ჩინეთის პრეზიდენტი სან-ფრანცისკოში ჩავიდა და აშშ-ის მაშინდელ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეხვდა. ვიზიტის ფარგლებში სი APEC-ის სამიტსაც დაესწრო.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, კუო ძიაკუნის, შეფასებით, უკანასკნელი ექვსი თვის განმავლობაში ორი სახელმწიფოს პრეზიდენტების შეხვედრები  „ისტორიული და მნიშვნელოვანი მოვლენაა“.

„ჩინეთი მზადაა, იმუშაოს აშშ-სთან ერთად, რათა [მხარეებს შორის] გაძლიერდეს დიალოგი და თანამშრომლობა, ჯეროვნად მართონ აზრთა სხვადასხვაობა, უწყვეტად გაუმჯობესდეს ორივე ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობა და ხელი შეეწყოს მსოფლიოში მშვიდობას, სტაბილურობასა და კეთილდღეობას“, — დასძინა კუომ.

პრეზიდენტებს შორის დაგეგმილი შეხვედრა ვაშინგტონსა და პეკინს შორის დაძაბული სავაჭრო ურთიერთობების ფონზე გაიმართება. გასული წლის ბოლოს, მხარეებმა სამხრეთ კორეაში სავაჭრო ზავი შეათანხმეს, რომლის გაგრძელებაზეც ამჟამად მოლაპარაკებები მიმდინარეობს. შეთანხმება ეხება გარკვეული ტიპის საქონელზე, მათ შორის ამერიკულ ენერგორესურსებსა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე, ტარიფების შემცირებას.