Vertical Aerospace-ის მფრინავმა ელექტროტაქსიმ სადებიუტო ფრენა შეასრულა

Vertical Aerospace-ის მფრინავმა ელექტროტაქსიმ სადებიუტო ფრენა შეასრულა

მფრინავი ელექტროტაქსის ბრიტანულმა სტარტაპმა, Vertical Aerospace-მა პირველი სრული საცდელი ფრენა წარმატებით ჩაატარა და საპილოტე წარმოების ეტაპზე გადასვლას ერთი ნაბიჯით დაუახლოვდა.

ფრენა Vertical Aerospace-ის პროტოტიპმა, VX4-მა 70 კმ/სთ სიჩქარით განახორციელა. ტესტირება ინგლისის სამხრეთში მდებარე აეროპორტის ტერიტორიაზე წარიმართა და მფრინავი დანადგარი დისტანციურად იმართებოდა.

Vertical Aerospace-მა სატესტო ფრენა უფრო მცირე ზომის საფრენი აპარატით გასული წლის სექტემბერშიც განახორციელა. კომპანიის მიზანი სამომავლოდ პირველი პილოტირებული სატესტო ფრენის განხორციელებაა. პროექტის ვადების გათვალისწინებით, კომპანია საფრენი სერტიფიკატისა და მარეგულირებლების ნებართვის მიღებას 2026 წლის ბოლოსთვის გეგმავს.

საავიაციო ინდუსტრიის დეკარბონიზების ტემპების გათვალისწინებით, ვერტიკალურად დამშვებ მფრინავ ელექტროტრანსპორტზე მოთხოვნა საგრძნობლად გაიზრდება, რადგან ტრანსპორტის ეს სახეობა მგზავრის გადაყვანისას ნახშირორჟანგს არ გამოყოფს.

Vertical Aerospace-ი 8-პროპელერიანი VX4-ის შესაქმნელად ისეთ კომპანიებთან მუშაობს, როგორიც Rolls-Royce-ი, Honeywell-ი და GKN-ია. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია ჯერ ფრენის ლიცენზიის მოპოვებისგან შორსაა, Vertical Aerospace-მა უკვე 1,400-მდე წინასწარი შეკვეთა მიიღო ამერიკული და ევროპული ავიაკომპანიებისაგან.

იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული ტექნოლოგია ინდუსტრიაში სიახლეს წარმოადგენს, მარეგულირებლებს ლიცენზიის მისანიჭებლად ჩვეულებრივზე მეტი დრო დასჭირდებათ.