ვილემ დე კუნინგის $100-მილიონიანი ნამუშევარი არიზონის მუზეუმს უბრუნდება

ვილემ დე კუნინგის $100-მილიონიანი ნამუშევარი არიზონის მუზეუმს უბრუნდება

ნიდერლანდებში დაბადებული და ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე აბსტრაქციონისტი მხატვრის, ვილემ დე კუნინგის ფერწერული ტილო, რომელიც არიზონის უნივერსიტეტის ხელოვნების მუზეუმიდან 1985 წელს მოიპარეს, საბოლოოდ დაწესებულებას უბრუნდება.

1954-55 წლებში შესრულებულ ხელოვნების ნიმუშს, სახელწოდებით „Woman-Ochre“, ნიუ-მექსიკოს გალერეამ 2017 წელს, ჯერი და რიტა ალტერების კოლექციაში მიაგნო, რომელთა საკუთრებაც მათი გარდაცვალების შემდეგ შეიძინა.

ალტერებმა, რომლებიც სკოლის მასწავლებლები იყვნენ, ხელოვნების ნიმუში მადლიერების დღის მეორე დღეს მოიპარეს. რიტამ დაცვის თანამშრომლებს ყურადღება გაუფანტა, რათა ჯერის ნამუშევარი ჩარჩოდან ამოეჭრა. ძარცვას სულ რაღაც 15 წუთი დასჭირდა.

ძარცვის შემდეგ ტილო, რომელიც ამჟამად 100 მილიონ აშშ დოლარად არის შეფასებული, მნიშვნელოვნად დაზიანდა. ხელოვნების ნიმუშმა რთული აღდგენითი პროცედურა გაიარა, რომელიც Getty-ის მიერ უფასოდ შესრულდა.

როგორც ცნობილია, ვილემ დე კუნინგის „Woman-Ochre“ არიზონის მუზეუმში 8 ოქტომბრიდან გამოიფინება. ფერწერული ტილო ასევე გამოჩნდება დოკუმენტურ ფილმში „The Thief Collector“, რომელშიც ალტერების ძარცვაზე იქნება საუბარი.