გასულ კვირას Facebook-ის მიერ დაანონსებული მეტავერს-სამყაროს სიახლეების შემდეგ, ფეხსაცმლის ცნობილმა ბრენდმა, Nike-მა შეერთებული შტატების პატენტისა და სავაჭრო ნიშნის ოფისს ვირტუალური საქონლის ლიცენზიის შესახებ განაცხადით მიმართა. კომპანიის ცნობით, ის მეტავერსის სივრცეში შესაბიჯებლად ემზადება, რისთვისაც საკუთარი პროდუქციის გაციფრულება გადაწყვიტა.
როგორც ჩანს, ამერიკული ტანსაცმლის გიგანტის ხელმძღვანელობამ, Facebook-ის აღმასრულებელი დირექტორის, მარკ ცუკერბერგის მიერ დაანონსებული მეტავერსი დიდ შესაძლებლობად აღიქვა და ამ სფეროში მათთან თანამშრომლობაც გადაწყვიტა.
ფეისბუკი აღნიშნული სიახლის ფარგლებში მის დიდი ხნის ელექტრონული კომერციის პარტნიორ, Shopify-სთანაც გეგმავს ურთიერთობის გაღრმავებას, რადგან ფეისბუკის რებრენდინგს ტექნოლოგიურ სამყაროში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
კიდევ ერთმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Microsoft-მა, საკუთარი ციფრული ვირტუალური სამყაროს შექმნა დააანონსა, რომელსაც Microsoft Mesh-ი ერქმევა და, სავარაუდოდ, ის ცუკერბერგის Meta-ს პირდაპირი კონკურენტი იქნება. „მაიკროსოფტის“ განცხადებით, ის საკუთარ მომხმარებლებს ახალ ვირტუალურ სივრცეებს შესთავაზებს 3D ავატარებითა და საოფისე სივრცეებით.
ამ სამყაროში კი საკუთარი ადგილი ერთ-ერთმა პირველმა სწორედ Nike-მა ნახა. როგორც ჩანს, კომპანია მომავალში საკუთარი საწარმოო პოლიტიკის ცვლილებას გეგმავს და ფეისბუკთან, მაიკროსოფტთან თუ სხვა ტექნოლოგიურ პიონერებთან თანამშრომლობასაც გეგმავს შექმნილი ავატარებისათვის Nike-ის ფეხსაცმლების მოსარგებად. აღნიშნული ნაბიჯი კომპანიისათვის საკმაოდ სარფიანიც შეიძლება აღმოჩნდეს. საინტერესოა, სხვა ტანსაცმლის ბრენდები რამდენად მეგობრულები აღმოჩნდებიან ტექნოლოგიების მიმართ და როგორ მონახავენ საკუთარ ადგილს მეტავერსში.