ვირუსებთან მებრძოლი რაინდი კომპანია Pfizer მომდევნო წარმატებულ გასროლას ამზადებს

ვირუსებთან მებრძოლი რაინდი კომპანია Pfizer მომდევნო წარმატებულ გასროლას ამზადებს

ემილიო ემინიმ მიკრობებისა და ბაქტერიების წინააღმდეგ ბრძოლა ადრეულ ასაკშივე დაიწყო – ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც იგი, მუშათა კლასიდან გამოსული ჩვეულებრივი ბავშვი, მანჰეტენის გრინვიჩ-ვილიჯში, სალივანის ქუჩაზე ცხოვრობდა. ემილიო ერთ-ერთი პირველთაგანი იყო იმ ბავშვებს შორის, რომლებმაც პოლიომიელიტის საწინააღმდეგო ორალური ვაქცინა მიიღეს შაქრის ნატეხთან ერთად. თუ ჰკითხავთ მას, ამერიკის შეერთებულ შტატებში წითელას ეპიდემიური აფეთქება ბოლოს როდის დაფიქსირდა, მყისვე გიპასუხებთ, რომ ეს 1964 წელს მოხდა, რადგან სწორედ მაშინ შეეყარა ეს დაავადება.

50 წლის შემდეგ მან, როგორც იქნა, თავის ძველ მტრებზე გამარჯვება მოიპოვა. 57 წლის ემინი ხელმძღვანელობს ვაქცინათა კვლევის მიმართულებას მსოფლიოს უდიდეს ფარმაცევტულ კომპანია Pfizer-ში, სადაც წარმატებით ამუშავებს Prevnar 13-ად წოდებულ პნევმონიის საწინააღმდეგო ვაქცინას.

Prevnar, წლიური გაყიდვების $3,7-მილიარდიანი მაჩვენებლით, ერთ-ერთი მოწინავეა ფარმაცევტულ ბაზარზე. იგი წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს პროდუქტს, რომელიც Pfizer-მა მიიღო 2009 წელს კომპანია Wyeth-ის შესყიდვის შედეგად; აღნიშნული გარიგების ღირებულება $68 მილიარდს შეადგენდა. საინვესტიციო ბანკის, Sanford C. Bernstein-ის მონაცემებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ Prevnar მხოლოდ ბავშვთა ვაქცინაციისათვის იქნება გამოყენებული, 2015 წლისათვის მისი გაყიდვების მაჩვენებელი 60%-ით გაიზრდება და $6 მილიარდს შეადგენს. თუ ემინი დაამტკიცებს, რომ ეს ვაქცინა მოზრდილებშიც ასეთივე ეფექტიანია – რასთანაც, სხვათა შორის, საკმაოდ ახლოსაა – მაშინ ეს ბაზარი დამატებით $700 მილიონს მოიტანს იმავე 2015 წლისათვის. თუმცა, Pfizer-ის შეფასებით, მოზრდილთა ვაქცინაციის ბაზარი კიდევ უფრო დიდია და $2 მილიარდს უტოლდება.

ფარმაცევტული ბიზნესის ნებისმიერი წარმომადგენელი გეტყვით, რომ უკეთესი დროის შერჩევა წარმოუდგენელი იყო $68-მილიარდიანი (გაყიდვების მოცულობა) Pfizer-ისათვის, რომელსაც თვისებრივად ახალი პროდუქტების განვითარების წარუმატებელ მცდელობათა მდიდარი ისტორია და ყველაზე გაყიდვადი პრეპარატების საპატენტო აუფლებების დაკარგვის სამწუხარო გამოცდილება აქვს. მას შემდეგ, რაც ქოლესტერინის საწინააღმდეგო ლეგენდარული პრეპარატი Lipitor, რომლის წლიური რეალიზაციის მოცულობა $11 მილიარდს შეადგენდა, ნოემბრის ბოლოს საპატენტო დაცვის გარეშე დარჩება, Prevnar Pfizer-ის ყველაზე გაყიდვად პროდუქტად იქცევა. ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით პნევმოკოკი (პმევმონიის გამომწვევი მიკრობი) ყოველწლიურად იწვევს პნევმონიის 175 000 ისეთ შემთხვევას, როდესაც დაავადებულთა ჰოსპიტალიზაცია აუცილებელია და 6 000 შემთხვევას, რომელიც ლეტალურად სრულდება.

ეს გარემოება ემინის კრიტიკულად განაწყობს კომპანიის წარმატების მიმართ,თუმცა მასთან საუბარში ეს განწყობა ნაკლებად იგრძნობა: „მთელი ეს სიჩქარე გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ თუახალი ვაქცინა მართლაც წარმატებული გამოდგა, მაშინ ძალიან, ძალიან მოკლე დროში დაავადება, რომლის იმუნიზაციასაც ვცდილობთ, საერთოდ გაქრება”, – ამბობს იგი.

მაღალი, წვერმოშვებული და საკუთარ თავში დარწმუნებული ემინი სულაც არ ჰგავს კორპორაციულ გმირს. მან ბრონქსის Manhattan College სახელმწიფო გრანტით დაამთავრა. 1983 წელს აკადემია მიატოვა და კომპანია Merck-ში დაიწყო მუშაობა, რადგანაც, როგორც თავად ამბობს – „მე მართლა შემიყვარდა ვირუსები”. მისი პირველი პროექტი B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინის შემუშავებასთან იყო დაკავშირებული – დღეს ახალდაბადებულ ჩვილებს პირველ რიგში სწორედ ამ ვაქცინას უკეთებენ. შემდეგ დადგა შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომის (AIDS – შიდსი) დროც, 1987 წლიდან მოყოლებული, ის მუშაობდა ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატებზე Sustiva და Crixivan რომლებიც ამ დაავადების სამკურნალო ერთ-ერთი პირველ ეფექტიან საშუალებებად ითვლება. 1996 წელს იგი კომპანია Merck-ის ვაქცინათა კვლევის მიმართულების ხელმძღვანელი გახდა.

ეს გამალებული მუშაობის პერიოდი იყო. მისი კვლევითი ჯგუფი ამუშავებდა ვაქცინებს ჩუტყვავილას, სარტყელისებური ჰერპესის, ადამიანის პაპილომავირუსის (რომელსაც საშვილოსნოს ყელის კიბოს გამოწვევა შეუძლია) წინააღმდეგ და პარალელურად მუშაობდა შიდსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე. „რომ არა საშინელი ბიუროკრატია, ჩვენ უამრავ სასიკეთო საქმეს გავაკეთებდით”, – ამბობს მკვლევარი ალან შოუ, რომლის ოფისიც ემინისას ემიჯნება.

2004 წელს ემინიმ კომპანია Merck დატოვა. როგორც თავად აცხადებს, ამის მიზეზი სიახლეების ძიება იყო. თუმცა ზოგიერთი ამტკიცებს, რომ კომპანია Merck-ის კვლევითი საქმიანობის ახალი ხელმძღვანელი პიტერ კიმი (კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელად სხვა კანდიდატს განიხილავდა. ასეა თუ ისე, ემინიმ დატოვა კომპანია. მასთან ერთად წამოვიდნენ შოუ და რამდენიმე სხვა წამყვანი მკვლევარი.

ემინის მომდევნო გაჩერება ბილ და მელინდა გეიტსების საქველმოქმედო ფონდის მიერ დაფინანსებული შიდსის ვაქცინის საერთაშორისო ინიციატივა (International AIDS Vaccine Initiative) იყო. სწორედ აქ „აღმოაჩინა” მან, რომ „ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემუშავება ძალიან, ძალიან, ძალიან რთული საქმეა” მაშინაც კი, როდესაც ზურგს გეიტსის მილიარდები გიმაგრებს.

ასე რომ, ემინი კომპანია Wyeth-ში გადავიდა, რათა შიდსის პრობლემის გადაწყვეტის ნაცვლად რეალურად მიწაღწევ მიზანზე – პნევმონიაზე ემუშავა. ვაქცინა Prev¬nar ეყრდნობოდა იმ ტექნოლოგიას, რომელიც კომპანია Wyeth-მა 1994 წელს შეიძინა და რომელიც დაფუძნებულია ადამიანის იმუნური სისტემის მიერ ბაქტერიის ზედა შრიდან შაქრის ამოცნობაზე.

აღნიშნულ ტექნოლოგიაზე დაყრდნობით შექმნილმა პირველმა ვაქცინამ თითქმის სრულიად გაანადგურა ჰემოფილური ჩხირის B ბაქტერია – ტვინის დაზიანების უმთავრესი მიზეზი. 2000 წელს ოფიციალურად წარდგენილმა Prevnar-მა გამოცდა დიდი წარმატებით ჩააბარა. მისი წყალობით ბავშვებში შემცირდა არა მარტო პნევმონიისა და მენინგიტის, არამედ ყურის ინფექციებიც. ვაქცინა იმდენად ეფექტიანი გამოდგა, რომ მოზრდილებიც კი უფრო იშვიათად ავადდებოდნენ ამ ინფექციებით.

ემინიმ დიდი პოტენციალი დაინახა ვაქცინის ახალ, გაუმჯობესებულ ვერსიაში, რომელსაც ვირუსის 13 სხვადასხვა შტამის პრევენცია შეუძელია (პირველი ვერსია მხოლოდ 7 შტამის წინააღმდეგ მოქმედებდა). Prevnar 13-ს შეუძლია ადამიანის ორგანიზმის დაცვა სასიკვდილო, პრეპარატების მიმართ რეზისტენტული 19A-ად წოდებული პნევმოკოკის შტამისაგან,რომელთანაც პირდაპირაა დაკავშირებული ბავშვთა ინფექციური დაავადებების ზრდა. Prevnar 13-ს შეუძლია დაიკავოს ახალი საბაზრო ნიშაც – ზრდასრული პაციენტები, რომლებსაც სტაციონარებში ისეთი სირთულის პროცედურები უტარდებათ, როგორიცაა ოპერაციები ღია გულზე, რომლის დროსაც პნევმონია ჩვეული და ხშირად სასიკვდილო გართულებაა.

კომპანია Wyeth-ის ხელმძღვანელობას სურდა Prevnar 13-ს დღის სინათლე ხუთ წელიწადში ეხილა – რაც თითქმის წარმოუდგენელი იყო. ემინი სან-ფრანცისკოში გაემგზავრა და მოინახულა კომპანია Merck-ის კიდევ ერთი ექპატრიატი კეტრინ იანსენი), გერმანელი მიკრობიოლოგი, რომელმაც შეიმუშავა Merck-ის პრეპარატი Gardasil – საშვილოსნოს ყელის კიბოს გამომწვევი მიკრობის საწინააღმდეგო ვაქცინა. მან კომპანია Merck იმიტომ დატოვა, რომ ციმბირის წყლულის საწინააღმდეგო ვაქცინაზე ემუშავა. ემინიმ იანსენს სამუშაოს ყველაზე რთული ნაწილი ჩააბარა:ანონიმურ პაციენტთა სისხლის სინჯების ტესტირების გზით კლინიკური კვლევის წარმოება იმის დასამტკიცებლად, რომ Prevnar-ს აქვს უნარი გაააქტიუროს ადამიანის იმუნური რეაქცია პნევმოკოკური ბაქტერიის წინააღმდეგ.

კეტრინ იანსენის ათეულობით თანამშრომელი 24-საათიან რეჟმში, 10-12 საათიან ცვლებში მუშაობდა. მან საკუთარ სახლში წვულებაც კი მოაწყო, რათა ჯგუფის განწყობა აემაღლებინა. როდესაც იანსენმა ერთ-ერთი კოლეგა მეცნიერის მეუღლეს მოუბოდიშა იმის გამო, რომ მისი ქმარი, დაძაბული სამუშაო რეჟიმიდან გამომდინარე, თითქმის ვერ ხვდებოდა პატარა შვილებს, მეცნიერის ცოლმა უპასუხა: „ვაქცინაზე მუშაობა იმდენად მნიშვნელოვანია მთელი საზოგადოებისათვის, რომ უკმაყოფილების გამოხატვის უფლება, უბრალოდ, არ მაქვს”.

ახლა წარმატება უკვე ახლოსაა. სულ ცოტა ხნის წინ ამერიკის შეერთებული შტატების საკვები პროდუქტებისა და სამკურნალო პრეპარატების კონტროლის მართვის (FDA) ექსპერტებმა გასცეს რეკომენდაცია Prevnar 13-ის მოზრდილ პაციენტებში გამოყენებასთან დაკავშირებით. ემინიმ ნიდერლანდის სამეფოში დაიწყო ახალი კლინიკური კვლევა, რომელიც 85 000 პაციენტს მოიცავს. კვლევის მიზანია კიდევ ერთხელ დაუსაბუთოს მედიკოსებს ვაქცინის ეფექტიანობა. თუ კლინიკური შესწავლა დაადასტურებს, რომ ვაქცინას პნევმონიის პრევენცია შეუძლია, მაშინ „მედიკოსებისა და პროვაიდერების ინტერესი ვაქცინის მიმართ მნიშვნელოვნად შეიცვლება”, – ამბობს უილიამ შაფნერი, ვანდერბილტის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის პრევენციული მედიცინის კათედრის ხელმძღვანელი. ემინი ოპტიმისტურად არის განწყობილი – „ახალი პრეპარატი შემუშავების შედეგად ჩვენ ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით დაავადებულთა პალატები დავაცარიელეთ,- ამბობს იგი,- და ჩემი ოცნებაა, ისევ განვიცადო მსგავსი გრძნობა. სწორედ ეს არის ამ გამალებული შრომის მთავარი მიზანი”.