World Bank: საქართველო კონკურენტულ ტურისტულ მიმართულებად იქცა

World Bank: საქართველო კონკურენტულ ტურისტულ მიმართულებად იქცა

“ბოლო წლებში საქართველო კონკურენტულ ტურისტულ მიმართულებად იქცა”, – ამის შესახებ მსოფლიო ბანკი საკუთარ ანგარიშში წერს და აღნიშნავს, რომ ქვეყანას შეუძლია გაზარდოს ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი ზამთრის კურორტების, ე.წ. Mice ტურიზმისა და ველნეს და სპა მიმართულებების განვითარებით. 

ტურიზმის სექტორის განვითარების პრობლემურ საკითხად მსოფლიო ბანკი ასახელებს კვალიფიციური მუშახელის ნაკლებობას; ნაკლებად განვითარებულ საგზაო ინფრასტრუქტურას, ასევე განუვითარებელ საჰაერო ინფრასტრუქტურას და საჰაერო სივრცის შესახებ ორმხრივი ხელშეკრულებების გაუმჭვირვალეობას. პრობლემად სახელდება გარემოსდაცვითი რეგულაციების აღსრულება. მსოფლიო ბანკი აღნიშნავს, რომ ამ მიმართულებით ქვეყანამ დამატებით უნდა იმუშავოს და ზოგიერთ შემთხვევაში რეგულაცია გაამკაცროს. 

“საქართველო ერთ-ერთი ყველაზე დაბალბიუჯეტური მიმართულებაა, ასევე ქვეყანაში იაფია მუშახელიც. საქართველოში ტურიზმის განვითარებას ხელს უწყობს ლიბერალური სავიზო რეჟიმი და სათამაშო ბიზნესი, რაც იზიდავს ტურისტებს რეგიონის ქვეყნებიდან, სადაც კაზინოების საქმიანობა აკრძალულია”, – აღნიშნავს მსოფლიო ბანკი. 

საქართველოში მაღალბიუჯეტური ტურისტების რაოდენობის ზრადს მსოფლიო ბანკი რუსეთიდან, ევროკავშირიდან და ახლო აღმოსავლეთიდან ელოდება. 

“საქართველოში სასტუმროებისა და განთავსების ობიექტების ფასი ბევრად ნაკლებია, ვიდრე სხვა ქვეყნებში”. – წერს მსოფლიო ბანკი და აღნიშნავს, რომ ტურიზმის სექტორი ღირებულებათა ჯაჭვის შექმნისთვის საქართველოში ერთ-ერთი მიმზიდველი სექტორია. ამასთან, ტურიზმის სექტორში დასაქმებულებს შორის საკმაოდ მაღალია ანაზღაურებას შორის გენდერული დისბალანსი. კერძოდ, ტურიზმის სექტორში დასამქებული ქალები მამაკაცების ანაზღაურების მხოლოდ 58%-ს იღებენ.