სმარტფონების მწარმოებელი ჩინური კომპანია Xiaomi ელექტრომობილების ბიზნესში მომდევნო 10 წლის მანძილზე $10 მილიარდის ინვესტირებას აპირებს. კომპანია ამ მიმართულებით თავისი ქოლგის ქვეშ ახალი კომპანიის დაარსებას გეგმავს, რომელშიც საწყის ეტაპზე დაახლოებით $1.52 მილიარდის ოდენობის თანხა ჩაიდება.
ავტოწარმოების მიმართულებასაც Xiaomi-ის აღმასრულებელი ლეი ცზიუნი უხელმძღვანელებს.
„Xiaomi იმედოვნებს, რომ მთელ მსოფლიოს ხარისხიან, ჭკვიან ელექტრომობილს შესთავაზებს“, – განაცხადეს კომპანიაში.
აღსანიშნავია, რომ ამ ნაბიჯით ჩინური ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც მსოფლიოში სიდიდით მესამე სმარტფონების მწარმოებელია, ჩინეთის მაღალკონკურენტულ ინდუსტრიაში შედის.
ჩინეთში ელექტრომობილებს უკვე აწარმოებს კომპანია Geely-ი, რომელსაც ამერიკელი მილიარდერი უორენ ბაფეტი უჭერს მხარს, ასევე ელექტრომობილებს აწარმოებენ Nio და Xpeng Motors-იც. უფრო მეტიც, ინტერნეტკომპანიებიც იწყებენ ჭკვიანი ელექტრომობილების წარმოებას, მათ შორისაა Baidu-ც, რომელმაც ავტომწარმოებელი კომპანია იანვარში ჩაუშვა.
როგორც კვლევითი ორგანიზაცია Canalys-ი პროგნოზირებს, 2021 წლის ბოლომდე ჩინეთში 1.9 მილიონი ელექტრომობილი გაიყიდება, რაც გასულ წელთან შედარებით 51%-ით მეტია.