Xiaomi პროდუქტების ბრენდინგისთვის Mi-ს აღარ გამოიყენებს

Xiaomi პროდუქტების ბრენდინგისთვის Mi-ს აღარ გამოიყენებს

Mi ბრენდის მქონე პირველი სმარტფონის, Mi 1-ის გამოსვლიდან ათი წლის თავზე, ჩინურმა ტექნოგიგანტმა Xiaomi-მ გადაწყვიტა, რომ მისი პროდუქტების ბრენდინგისთვის სიტყვა Mi-ს აღარ გამოიყენებს, – ამის შესახებ გამოცემა XDA Developers წერს. „2021 წლის მესამე კვარტლიდან მოყოლებული, Xiaomi-ს პროდუქტების სერია Mi-ს, Xiaomi დაერქმევა.

როგორც ჩანს, ამ თვეში წარმოდგენილი ახალი სმარტფონი Xiaomi Mix 4 პირველია ახალი ბრენდინგის მქონე სმარტფონებიდან, რადგან ამ სერიის წინა თაობის ტელეფონებს Mi Mix, Mi Mix 2 და Mi Mix 3 ერქვა. „ეს ცვლილება გლობალურ ბაზარზე ჩვენს ადგილსა და ბრენდს გააძლიერებს, და ჩვენს პროდუქტებს შორის არსებულ აზროვნებით სივრცეს შეავსებს“, – აღნიშნავს Xiaomi-ს წარმომადგენელი, გამოცემა The Verge-თან საუბრისას.

აღსანიშნავია, რომ Xiaomi-ს კიდევ ერთ ბრენდს – Redmi-ს არაფერი ემუქრება, რადგან მის ქვეშ წარმოებული პროდუქტები განსხვავებულ სავაჭრო ხაზს წარმოადგენს. Xiaomi-ს პროდუქტები „ტექნოლოგიის მწვერვალის გამოვლინებაა, რომლებიც პრემიუმ-გამოცდილებას გვთავაზობენ, ხოლო Redmi-ს პროდუქტები დიდ ინოვაციას ქმნიან, თან მისაღებ ფასად, ამასთან, ისინი ახალგაზრდებისკენაა მიმართული“, – აღნიშნავენ კომპანიაში.

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით, Xiaomi ევროპაში ყველაზე გაყიდვადი ბრენდია – გასულ წელთან შედარებით, კომპანია 67.1%-ით გაიზარდა და დღეს ბაზრის 25.3%-ს აკონტროლებს. მეორე ადგილს Samsung იკავებს 24%-ით, ხოლო მესამეზე Apple-ია 19.6%-ით.