Zoom-ი 2020 წლის აპლიკაციაა, რომელიც ახალ ზმნადაც კი იქცა. ზმნა Zooming-მა Skyping-ი ჩაანაცვლა. პანდემიის გამო დედამიწის მოსახლეობამ ვირტუალურ სამყაროში გადაინაცვლა, ZOOM-ი კი ამ კუთხით მათი ყოველდღიური ცხოვრების მთავარ შემადგენელ ნაწილად იქცა.
სად იწყება Zoom-ის ისტორია? ეს კომპანია ცხრა წლის წინ დაარსდა. სკოლა Zoom-ში, სამსახური Zoom-ში, მეგობრებთან შეხვედრა Zoom-ში, ეს ამ წლის მთავარი მახასიათებელია.
“ძალიან მინდა შემეძლოს იმის აღნიშვნა, რომ ყველაფერი შესანიშნავად დავგეგმეთ. თუმცა, რა თქმა უნდა არა. არავის დაუგეგმავს ეს პანდემია. ვფიქრობ, რომ ამ აპლიკაციის უდიდესი სარგებელი არის ის, რომ ჩვენ უზრუნველვყოფთ ადამიანების ერთმანეთთან დაკავშირებას განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ მათ“, – განაცხადა კომპანიის მთავარმა საოპერაციო ოფიცერმა აპარნა ბავამ.
ბოლო კვარტალში, Zoom-მა წინა წელთან შედარებით 367%-იანი ზრდა განიცადა, გაიზარდა კომპანიის აქციების ფასიც. მაგალითად, მაშინ როდესაც იანვარში კომპანიის აქცია $71.90 ღირდა, 4 დეკემბრის მონაცემებით, ის $410.01-მდე გაიზარდა.
ამასთან, კომპანიამ წელი დაიწყო 74 100 მომხმარებლით, რომელთაც 10-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავდა, ხოლო ნოემბრის ბოლოს მონაცემებით, კომპანიას უკვე მსგავსი 433 700 მომხმარებელი ჰყავს.
ეს არის მიზეზი იმისა, რატომაც Yahoo Finance-მა ის 2020 წლის კომპანიად დაასახელა.
ცნობისთვის, Zoom-ი საჯაროდ განთავსებული კომპანია 2019 წლის აპრილში გახდა, ისეთ ტექ-უნიქორნებთან ერთად, როგორიცაა Pinterest-ი, Uber-ი და Lyft-ი. თავდაპირველად აპლიკაცია არა ყველა მომხმარებლებისთვის, არამედ საწარმოებისთვის შეიქმნა, რომელთაც ვიდეოკომუნიკაციის პლატფორმა ვირტუალური შეხვედრებისთვის სჭირდებოდათ. თუმცა, პანდემიამ ეს მოცემულობა შეცვალა.