Zara-ს მფლობელი კომპანია Inditex-ი მიმდინარე წლის მეორე კვარტალში გაყიდვების ზრდის შესახებ აცხადებს. Inditex-ი აღნიშნავს, რომ კომპანიამ მოგებაზე გასვლა შეძლო აღნიშნულ კვარტალში, მაშინ როდესაც პირველ კვარტალში გაყიდვები 31%-ით იყო შემცირებული კორონავირუსის პანდემიის გამო. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
Inditex-ი, რომლის მფლობელობაში Zara-სთან ერთად Massimo Dutti-ის და Bershka-ს ბრენდებიც არის, აღნიშნავს, რომ მაღაზიების 98% უკვე ღიაა და ასევე მზარდია ონლაინ გაყიდვებიც.
თუმცა, როგორც გამოცემა წერს, Inditex-ის გაყიდვები მაინც 11% არის შემცირებული გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
Inditex-ი აცხადებს, რომ მეორე კვარტალში კომპანიის წმინდა მოგებამ, 214 მლნ ევრო შეადგინა და ნავარაუდებ თანხას გადააჭარბა. ანალიტიკური კომპანია Refinitiv’s SmartEstimate-ი ვარაუდობდა, რომ Inditex-ის წმინდა მოგება მხოლოდ 96 მლნ ევრო იქნებოდა.
რაც შეეხება პირველ კვარტალს, Inditex-ის წმინდა ზარალმა 195 მლნ ევრო შეადგინა.