Zoom–მა განაცხადა, რომ ის შეიმუშავებს ჰიბრიდულ სამუშაო მიდგომას იმ თანამშრომლებისათვის, რომლებიც სამსახურში დასაბრუნებლად ემზადებიან.
შიდა გამოკითხვამ აჩვენა, რომ თანამშრომელთა მხოლოდ 1%–ს სურს ოფისში სრულ განაკვეთზე დაბრუნება.
პანდემიამ განსაკუთრებით შეუწყო ხელი ვიდეო ზარების პლატფორმების ზრდას. 2020 წლის ბოლო სამ თვეში Zoom–ის გაყიდვები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 370%–ით გაიზარდა.
კომპანიის განცხადებით, მათ მიიღეს სტრატეგიულად გადაწყვეტილება, დისტანციური და ოფისში მუშაობა გაეერთიანებინათ, თუმცა აღნიშნეს, რომ ეს მარტივი პროცესი არ ყოფილა.
გამოკითხვის მიხედვით, Zoom–ის თანამშრომელთა ნახევარზე მეტს ჰიბრიდული სამუშაო მიდგომის დანერგვა სურს. დანარჩენები კი უკვე მუშაობენ სრულიად დისტანციური სამუშაო რეჟიმით.
კომპანიის ბლოგზე მთავარი ფინანსური ოფიცერი კელი სტეკელბერგი წერს, რომ „ისინი ჯერ კიდევ ექსპერიმენტულ ეტაპზე არიან“.
„ჩვენ გავხსენით სიდნეის ოფისი ამ ზაფხულს, მაგრამ მალევე დავხურეთ, Covid-19–ის შემთხვევების სწრაფი ზრდის გამო. ჩვენ ოფისს გავხსნით ხელახლა, როდესაც ჩავთვლით, რომ იქ იქნება უსაფრთხო გარემო თანამშრომლებისათვის“ – დაწერა მან.
Zoom–ში ასევე აღნიშნეს, რომ ისინი არ დააჩქარებენ ოფისის გახსნას და არცერთი ოფისი არ გაიხსნება მანამ, სანამ „შეუძლებელი იქნება მუშაობის პროცესის განხორციელება პირადი დამცავი აღჭურვილობისა და სოციალური დისტანციის გარეშე.“
აღსანიშნავია, რომ სიფრთხილეს იჩენს ზოგიერთი სხვა ტექნოლოგიური გიგანტიც. ცოტა ხნის წინ, Apple–მა თანამშრომლების ოფისებში დაბრუნების პროცესი Covid–19– ის შემთხვევების გაზრდის ფონზე იანვრამდე შეაჩერა.