ვიდეო კონფერენციების პლატფორმა Zoom-მა საბაზრო კაპიტალიზაციით მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს გაზის და ნავთობკომპანია ExxonMobil-საც გაუსწრო. ამის შესახებ ამერიკული Forbes-ი წერს.
Zoom-ის საბაზრო კაპიტალიზაცია $139 მილიარდია, მაშინ როდესაც Exxon-ის $138.9 მილიარდი. ცნობისთვის, Zoom-ის საბაზრო ფასი წლის დასაწყისში მხოლოდ $19 მილიარდი იყო.
რაც შეეხება შემოსავლებს, ვიდეო კონფერენციების პლატფორმამ გასული 12 თვის მანძილზე $1.35 მილიარდის ოდენობის შემოსავლები მიიღო, შედარებისთვის, Exxon-მა $213.8 მილიარდი.
Exxon-ი პანდემიამ მნიშვნელოვნად დააზარალა, ვინაიდან “ლოქდაუნების“ პერიოდში ნავთობზე მოთხოვნა შემცირდა. კრიზისის გამო, კომპანიამ გუშინ განაცხადა, რომ ამერიკაში 1 900 თანამშრომელს გაათავისუფლებს, რათა შეამციროს ხარჯები და გაზარდოს ეფექტიანობა.
Zoom-ის ზრდის შედეგად, პირდაპირპროპორციულად მისი დამფუძნებლის ერიკ იუანის ქონებაც გაიზარდა. მისი ქონება ბოლო სამ თვეში გაორმაგდა და ახლა $21.3 მილიარდს შეადგენს.
ცნობისთვის, კომპანიას მეორე კვარტალში $663.5 მილიონის შემოსავალი ჰქონდა, როდესაც ანალიტიკოსები უფრო ნაკლებს პროგნოზირებდნენ. მიმდინარე კვარტალში კი კომპანია ვარაუდობს, რომ შემოსავლების მოცულობა კიდევ უფრო გაიზრდება ($690 მილიონი).