მშვიდობა ომით გატანჯული ორი სახელმწიფოსათვის

როცა შემდეგი წლის იანვარში ახალი პრეზიდენტი გვეყოლება, დროულად უნდა დავიწყოთ ფიქრი იმ მიდგომებზე, რომელთაც აშშ მსოფლიოს ორი პრობლემური რეგიონისთვის – უკრაინისა და ავღანეთისთვის – აირჩევს. ისტორიისა და იმის განხილვამ, თუ რა გაკეთდა ბელგიისა და ავსტრიისათვის, შესაძლოა, მოგვცეს სამოქმედო ჩარჩო, რომელიც ჩვენს მომავალ სახელმწიფო მდივანს ერთგვარ მეგზურობას გაუწევს.

ავღანეთთან გამკლავება უკიდურესად რთული იქნება. შესაძლოა, აშშ-ის დამატებითი სახმელეთო ძალების კონსოლიდირება გახდეს საჭირო, რათა ექსტრემისტული ძალების მიერ ქვეყნის ხელში ჩაგდების პრევენცია მოვახდინოთ.

მაგრამ უფრო ხანგრძლივი გამოსავლის ძიებას არ უნდა შევეშვათ: ქვეყანა ძალმომრეობითი პოლიტიკის საბრძოლო ველიდანაა გამოსაყვანი. ამ სინათლისგან მივიწყებული მხარის მოსაზღვრე ქვეყნების რიცხვშია ინდოეთი, ჩინეთი, პაკისტანი და ირანი. თითოეულ მათგანს ავღანეთში თავისი დაჯგუფება ჰყავს, რათა თავიანთი მტრების წინააღმდეგ საკუთარი ინტერესები გაატარონ. მიზანი რეალურად ნეიტრალური ავღანური სახელმწიფოს შექმნა უნდა იყოს, სადაც დაინტერესებული ძალები შეთანხმდებიან, რომ მის საქმეებში არ ჩაერევიან და მასზე დომინაციისთვის არ შეეჯიბრებიან ერთმანეთს. ამის მოდელად ბელგია გამოდგება – დასავლური ევროპის ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც ე.წ. "დაბალი ქვეყნების" რიცხვს მიეკუთვნება, ანუ ქვეყნებისა, რომელთა მიწების ბრტყელი ზედაპირი პოტენციურ დამპყრობლებს ტერიტორიებზე შესაჭრელად შესანიშნავ გზას უხსნიდა. ეს უძრავი ქონება განსაკუთრებით ბრიტანეთის დარდის საგანს წარმოადგენდა, ვინაიდან ბელგიის ნაპირები იდეალურ საფუძველს ქმნიდა "მბრძანებელ კუნძულზე" შეჭრისათვის.

1830 წელს კათოლიკური ბელგია პროტესტანტულ ჰოლანდიას გამოეყო. იმაში დასარწმუნებლად, რომ საფრანგეთი (და შემდეგ გერმანია) არ ეცდებოდა ამ ახალ სახელმწიფოში გაბატონებას, ბრიტანელმა დიპლომატებმა მულტიეროვნული ხელშეკრულება შეიმუშავეს, რაც ბელგიის ნეიტრალიტეტისა და იმის გარანტია იყო, რომ ქვეყანა დიდი ძალებისგან ხელშეუხებელი დარჩებოდა. ყველა დათანხმდა: ხელები შორს! საუკუნის თითქმის ორი მესამედის განმავლობაში ხელშეკრულება მოქმედებდა, ვიდრე 1914 წელს გერმანიამ ბრიტანეთთან ომის გარისკვა არ გადაწყვიტა და ბელგია არ დაიპყრო – როგორც საფრანგეთისკენ გადანაცვლების ხელსაყრელი საშუალება. გერმანიის კანცლერი, თეობალდ ფონ ბეტმან ჰოლვეგი, ხელშეკრულებას აგდებულად „ქაღალდის ნაგლეჯს“ უწოდებოდა. ბრიტანულ საზოგადოებრივ აზრს დიდი შეურაცხყოფა მიადგა; ბელგიის ნეიტრალიტეტის შემზარავმა დარღვევამ გახლეჩილ მთავრობას უბიძგა, გერმანიისთვის ომი გამოეცხადებინა.

რთული იქნება, მაგრამ მაინც სავსებით შესაძლებელი, ავღანეთის დღევანდელი მოქიშპეები დავარწმუნოთ, რომ ქვეყნის მარიონეტულ სახელმწიფოდ ქცევას ვერც ერთი მათგანი ვერ შეძლებს, და რომ ყველა მათგანის ინტერესებშია, მას ისე მოექცნენ, როგორც ევროპული ხელისუფლებები ექცეოდნენ ბელგიას რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში.

ცხადია, მსგავს შედეგს რომ მივაღწიოთ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მიზანმიმართული და ძლიერი აშშ – ისეთი აშშ, რომელიც კვლავ ენერგიულ და ინოვაციურ ქვეყნადაა აღქმული; ქვეყანა, რომელიც პატივისცემას იმსახურებს, და არა ის გასაცოდავებული გიგანტი, პრეზიდენტმა ობამამ რადაც გვაქცია.

რაც შეეხება უკრაინას, მისი მოდელი ავსტრია უნდა იყოს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გამარჯვებულმა მოკავშირე ძალებმა – აშშ-მა, საბჭოთა კავშირმა, ბრიტანეთმა და საფრანგეთმა – ავსტრია და მისი დედაქალაქი, ვენა, ოთხ ოკუპირებულ ზონად დაყვეს, რაც საკმაოდ ჰგავდა იმას, რაც გერმანიაში გაკეთდა. მაგრამ ცივი ომის დაწყებასთან ერთად, მოსკოვმა აღარ ისურვა, ავსტრია რომ ამერიკის მოკავშირე გამხდარიყო, ხოლო აშშ-მ არ ისურვა, ავსტრია საბჭოთა სატელიტად რომ ქცეულიყო, როგორც ეს აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნების შემთხვევაში მოხდა. 1955 წელს, რამდენიმე მიზეზის გამო, ვაშინგტონი და მოსკოვი შეთანხმებამდე მივიდნენ: ავსტრია უნდა გამოსულიყო აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის არსებული მეტოქეობის სფეროდან. დიპლომატიურად, სრულიად ნეიტრალური უნდა გამხდარიყო. იქ არც ერთი ქვეყნის სამხედრო ძალები არ ჩადგებოდნენ და არც ის გახდებოდა NATO-სა თუ ვარშავის პაქტის წევრი. პოლიტიკურად კი ავსტრიაში დე ფაქტო სისტემა ჩამოყალიბდა, სადაც ორი მსხვილი პარტია ინაწილებდა ძალაუფლებას, განურჩევლად არჩევნების შედეგებისა. აქ მთავარი კონსენსუსი გახლდათ.

გეგმამ იმუშავა. რაღაც მომენტში, ავსტრია ევროკავშირში გაერთიანდა, მაგრამ ეს უკვე მაშინ მოხდა, როცა ცივი ომი ნელდებოდა და მოსკოვსაც აღარ გამოუთქვამს პრეტენზიები.

მსგავსი დღის წესრიგის მიღწევისთვის უნდა ვიბრძოლოთ უკრაინაშიც: არავითარი NATO, არავითარი ევროკავშირი, არავითარი ვარშავის პაქტის სავაჭრო ეკვივალენტი მოსკოვის სტილში. რუსეთმა იქიდან თავისი ძალები უნდა გაიყვანოს, ჩვენ კი უნდა შევეშვათ უკრაინული სამხედრო ძალების შეიარაღებასა თუ წვრთნას. ცხადია, უკრაინას შეეძლება, სავაჭრო კავშირები ყველასთან დაამყაროს, მაგრამ ვერც ერთი ისეთი ჯგუფის წევრი ვერ გახდება, როგორიც ევროკავშირია.

და ყირიმი? პრობლემის შესაძლო მოგვარების მონახაზი Forbes.com-ზე, 2014 წლის მარტში, გავაკეთე: ამ რეგიონს ფაქტობრივი დამოუკიდებლობა უნდა მიეცეს, ხოლო რუსეთსა და უკრაინას საშუალება უნდა ჰქონდეთ, ამტკიცონ, რომ სუვერენულები არიან.

წამოვა ამაზე ვლადიმირ პუტინი? ცდუნება შეიძლება გაუჩნდეს, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ აშშ იმ სტატუსს აღიდგენს, რაც პრეზიდენტ რეიგანის დროს ჰქონდა, და თუ დაინახავს, რომ ახალი სანქციები რეალურ დანაკარგებთან არის დაკავშირებული. პუტინი უნდა დარწმუნდეს, რომ უკრაინა NATO-ს ან ევროკავშირის წევრად არ გვინდა, და რომ არ ვცდილობთ უკრაინის დანაწევრებას, ანუ მისი დასავლური ნაწილის პოლიტიკურ და სამხედრო ინტეგრირებას დასავლეთთან.

მოვლენები, შესაძლოა, ისე განვითარდეს, რომ ავღანეთსა და უკრაინასთან მსგავსი მიდგომები შეუძლებელი გახდეს, მაგრამ მათ განხორციელებას აუცილებლად უნდა ვეცადოთ.

წინა სტატია

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელი დატოვა
09 მარტი, 2016

შემდეგი სტატია

2015 წელს საქართველოში 1351 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა
10 მარტი, 2016
საქართველოს 100 უმსხვილესი კომპანია
რეიტინგი | აპრ, 15, 2019
ქართული ბიზნესი ნოტრ-დამის აღდგენაში გეგმავს მონაწილეობას
ახალი ამბები ქართულად | აპრ, 16, 2019
კრედო ბანკსა და ნიდერლანდების განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა
ახალი ამბები ქართულად | აპრ, 06, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა