ჩემი ნიკოს ღიმილით

ჩემი ნიკოს ღიმილით

ვიდრე მთელი საქართველოს ნიკო გახდებოდა, იყო ჩემი. ცხადია, არ იყო მხოლოდ ჩემი. ასაკის მიუხედავად, ცხოვრების ისეთი აქტიური გზა აარჩია, რომ მხოლოდ თანამოაზრეებს, პარტნიორებს, გუნდის წევრებს ანუ საქმეს უთმობდა გამორჩეულად დიდ ყურადღებას. ეს ვიცოდი. ვიცოდი მისი რამდენიმე ახალი საქმიანი წამოწყების შესახებაც. ამიტომ, ბოლო თვეებში ეს ურთიერთობა არ იყო ისეთი ხშირი, როგორც დასაწყისში. არადა, დასაწყისი მართლაც შთამბეჭდავი იყო.

პარიზში ვიყავით მე და ჩემი მეუღლე, მარიკა. ზუსტად ვერ ვიხსენებ, თუ არ ვცდები VISA-ს ერთ-ერთი კონფერენციის მოდერაციაზე ვიყავი, პარალელურად Forbes Media-ს საფრანგეთის ოფისთან მქონდა მუდმივი შეხვედრები. პარიზში მცხოვრები რამდენიმე მეგობრის მონახულების გარდა, სტუმრად ველოდით ახალგაზრდა კაცს, რომელიც  თბილისიდან გამომგზავრებამდე ნინო ზამბახიძემ ზეპირად წარგვიდგინა —  გიორგის გაცნობა სურს ძალიან ამ ახალგაზრდა კაცს, რომელიც რამდენიმე ბიზნესპროექტთან ერთად, განსხვავებულ სოციალურ ქსელს აკეთებს, და ამ კომპანიას საქართველოდან მართავსო. ზამბახას გადმოცემით და მონაყოლით, უცნობ და ასაკიდან გამომდინარე, დამწყებ ბიზნესმენს სურდა პირადად გავეცანი და გაეზიარებინა ყველა იმ საქმის დეტალი, რასაც შეჭიდებული იყო.

შუადღე იქნებოდა რომ მოვიდა ჩვენს სასტუმროში. ლობიში მარიკა დახვდა და შეთანხმებულიც ვიყავით, მოსვლისთანავე შემატყობინებდა სტუმრის მობრძანებას. რამდენიმე წუთით დავაგვიანე სასტუმროს რესტორანში ჩასვლა, სადაც ჩემს მეუღლესთან ერთად უკვე ნიკო კვარაცხელიაც მელოდა — ის ემოციურად ესაუბრებოდა მარიკას და ვამჩნევდი, რომ რაღაც მნიშვნელოვანს უზიარებდა. ვიდრე ნიკოს ჩამოვართმევდი ხელს, მახსოვს მარიკას სრულიად ბედნიერი ღიმილი, რომელიც არ აშორებდა მზერას ჩვენს ახალგაზრდა სტუმარს, იმდენად ჩართული და  მიყურადებული იყო მისი მონაყოლის მიმართ.

ასე დაიწყო.

და ამის შემდეგ, აღარც გამიშვია ხელიდან მისი გამოწვდილი მარჯვენა. მარიკასთან ერთად რაღაცების ჩამოწერაც მოასწრეს. ესეც კი შენახული ჰქონდა ჩემს მეუღლეს და მოგვიანებით გამოაქვეყნა კიდეც. ჩემს წინ სრულიად ჩამოყალიბებული ახალგაზრდა ქართველი მეწარმე იჯდა. ჩამოყალიბებული თავის მიზნებში, მყარი და სალი კლდესავით გამართული ლექსიკით. ვუსმენდი და მარიკას ღიმილი მეც გადმომედო და მივხვდი, რა ღიმილით გადმოგვედო ორთავეს.

ნიკოს ერთი საოცარი თვისება ჰქონდა: პირველი შთაბეჭდილების მოხდენის ანუ ეფექტის მოხდენის შემდეგ, განუყოფელი თანმდევი გრძნობა იყო სიამაყე. აღარც ვიცი, უამრავ კომენტარსა და ვიდეო-ისტორიას შორის მოვასწარი თუ არა მომეყოლა, რომ ეს ნიკო კვარაცხელიას სიამაყე გადამდების გარდა, საოცრად განვრცობითი იყო – უსმენდი, აკვირდებოდი რა მას, სიამაყე გეუფლებოდა მთელს თაობაზე, მის თაობაზე, ახალგაზრდებზე და ეს მიმართება საოცარ მასშტაბებს იღებდა განცდებში. „მგონი კარგად არის საქმე“ – თვალებით ვესაუბრები მარიკას, ისე რომ „ნიკოს ღიმილი“ არ მშორდება სახიდან, და ერთი სული მაქვს გავხსნა ნებისმიერი მესინჯერი და ბევრი გული გავუგზავნო ნინო ზამბახიძეს, მხოლოდ ერთი ფრაზით: ეს ვინ გამაცანი! ან რაღაც ამდაგვარი…

ყველა სხვა მიმდინარე შეხვედრამ დროში გადაინაცვლა. პარიზში ჩვენთან რამდენიმე საათით ჩამოსული ნიკო ისეთივე „ფორმაში“ იყო, როგორც აღმოჩნდა, რომ ყოველთვის არის. როცა ვამბობ, რომ ამ დღის შემდეგ ხელიდან არ გამიშვია, მქონდა ბედნიერება მის არაერთ თვისებებსა და უნარებში დავრწმუნებულიყავი. ჩვენს შორის სხვაობა ასაკში შეხვედრიდან 5 წუთში მოშლილი იყო. ისევე როგორც დარწმუნებით ვიცოდი, ჩემს წინ საქართველოს მომავალი იჯდა. და მასთან ერთად, იწყებოდა არაჩვეულებრივი მეგობრობის ისტორიაც.

ის, რაც დანამდვილებით ვთქვი და თან ბევრგან,  არის შემდეგი — ნიკოს ოჯახზე ბევრი არც არაფერი ვიცოდი იმ დღემდე… ჰო, იმ დღემდე, როცა ნიკო ჩემ გარდა, მთელი საქართველოსი გახდა. ვერის უბანში გავიზარდე და დღესაც აქ ვცხოვრობ. მახარაძის ქუჩა ჩემთვის ბევრი მიზეზით უსაყვარლესია. ან იყო. „საჭაშნიკო“-ს აღმართზე ავლისას, ვცდილობ მზერა მოვარიდო ქუჩის დასაწყისს, სადაც ჩემი ნიკოლოზა გაიმეტეს. რადგან, ვერ წარმოვიდგინე რომ ამ ქვეყნად იქნებოდა სულიერი, ჩემსავით რომ არ იამაყებდა მისით. გამომრჩა, გამომრჩა რომ შური, გაუტანლობა და ვერაგობა არსად წასულა. ისიც გამომრჩა, რომ ასეთ წარმატებულ, თვითნაბად ნიჭიერებას მისი თაობიდანვე დაუპირისპირდებოდა ღვარძლი და ბოროტი. ვერც წარმომედგინა და დღემდე ვატარებ ამ სიმძიმეს. ეს არ უნდა გამომრჩენოდა. რადგან მეგონა, რომ ნიკოს მიზანდასახული სიკეთე და შემოქმედება იყო ყველასთვის გამორჩეული. შევცდი. და ისე მწარედ შევცდი, რომ ჩემს ყველა სამუშაო სივრცეში Forbes-ის გამოცემიდან მოღიმარი ნიკო მიქარვებს ისევ ამ ტვირთს, მიღიმის და მეც ისევ ღიმილით ვარ, როგორც ეს 4-5 წლის წინ მოხდა პარიზში.

ეს დღეები ვფიქრობ, როგორი იქნებოდა უკრაინას ამბების შემხედვარე. ძალიან მოკლედ აქვს მოყოლილი  ჩემთვის ამ ქვეყანაზე და იქ მისი ოჯახობით ყოფნაზე. საოცრებებს დაატრიალებდა. და მერე ისევ თავის თავზე გაბრაზდებოდა, მეტი შემეძლოო… იდეალისტთან ერთად, იყო სრულიად გამოუსწორებელი მაქსიმალისტი!

ესეც მინდა დავწერო: სამ შვილს ვზრდი. სამივესთვის ის მისურვებია, რაც ჩემს ნიკოს ჰქონდა — თვისებები და ზნე. სრული ნაზავი აღზრდის, განათლებისა და ოჯახიშვილობის. ან რა მანერულობა და ზრდილობა – თითქოს, საიდან ამ პატარა ბიჭში ეს ყველაფერი… ამ ყველაფერს უსაზღვრო წყალობად მამაზეციერიც ვერ დაგაბერტყავს –  ბუნებამ, გენეტიკამ და აღზრდამაც თუ არ შეგიწყო ხელი…

ჰოდა იცით, რახან პარიზში დაიწყო ჩვენი „მოგზაურობა“ და იქაც ბევრი ვისაუბრეთ Forbes-ზე, მისთვის გამორჩეულ ბიზნესმენებსა და მედიაზე, ახლა შემიძლია ალბათ დაზუსტებით თქმა, აქამდე ვიკავებდი თავს: ამერიკულ Forbes-ს აქვს ასეთი რუბრიკა World of Forbes – იქ თავს იყრის ამ წამყვანი ბიზნესგამოცემის რედაქციებისა და ოფისების გამორჩეული ამბები მთელი მსოფლიოდან. მარტის ბოლოს, 2022 წელს, ჩემი ნიკოს კიდევ ერთი ოცნება ასრულდა და მასზე ამერიკულმა Forbes-მა დაწერა. არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ ჩემთვის მომაკვდინებელ ფასად ახდა ის, რაც ჩემს ნიკოს ვუწინასწარმეტყველე თბილისში, ჩემთან ოფისში მორიგი შემოვლისას, და მორიგი საუბრისას. ისტორიაში სულ რამდენიმე ფაქტია, როცა ამერიკული ფორბსი (გამოცემა, ჟურნალი) ახსენებს საქართველოს. ჩემი ნიკოც იქ იქნება. ბევრი არაფერი, მაგრამ ესეც იყოს.

****

ვიდრე მთელი საქართველოს ნიკო გახდა, ჩემიც იყო.

მე კიდევ იმისთვის ვარ, რომ ის ყველასთვის დარჩეს.

დარჩეს როგორც მაგალითი და მისაბაძი პიროვნება. დიახ, პიროვნება. როდესაც მე ნიკო გავიცანი, ის ნამდვილად ჩამოყალიბებული პიროვნება იყო, ჩამოყალიბებული პიროვნება 18 წლის ასაკში!

ეს მაგალითები არა მხოლოდ ნიკოს თაობას სჭირდება, ის აუცილებელია მთელი  საზოგადოებისთვის. ცხადია, თუ გვინდა რომ ჩვენი საქართველო გაიზარდოს და გამდიდრდეს; და გახდეს ისეთი საამაყო სახელმწიფო, როგორც ნიკოს გეგმებში იყო. ნიკო ნაკლებს ოცნებობდა. სულ დაგეგმვასა და მოქმედებაში იყო.

მე ასეთი ნიკო მყავს. დღემდე.

და სულ ჩემთან არის.

და მე ახლა ნიკოს ღიმილით ვარ, ამ ყველაფრის თქვენთვის გადმოცემისას.

გიორგი ისაკაძე

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.