პელე, ელენა და სერგო

როდესაც Forbes Georgia-ს ეს ნომერი გამოვა, ამ წერილის მკითხველსაც და მის ავტორსაც გვეცოდინება, გაუწყრება თუ არა მარგველაშვილი საქართველოს ამომრჩეველს და თუ მართლა იტყვის უარს მეორე ტურში მონაწილეობაზე.

იქნება თუ არა მეორე ტური, ცხადია, ეს ჯერ არ ვიცით. მაგრამ ვიცით, რომ რთულია მოიძებნოს მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში მსგავსი წინასაარჩევნო დაპირების ანალოგი: თუ მე პირველ ტურში ვერ გავიმარჯვე, თქვენ ჩემი ღირსნი არა ხართ და სულაც უარს ვიტყვი პრეზიდენტობაზეო.

საინტერესოა ის გარემოებაც, სადაც მარგველაშვილმა ეს საოცარი დაპირება გვესროლა: მის მიერ „პელედ" წოდებული პრემიერ-მინისტრი პრესის წარმომადგენლებს ხვდებოდა (სადაც, რატომღაც, ჩვენი ჟურნალის წარმომადგენელს არ დაუძახეს). პელე-პრემიერმა სწორედ იქ ბრძანა, რომ თუ მარგველაშვილი პირველ ტურს ვერ მოიგებს, მისი აზრით, მან უარი უნდა თქვას ბრძოლის გაგრძელებაზე. ივანიშვილმა ისიც დასძინა, რომ ეს მხოლოდ მისი აზრია და მისი რჩეული კანდიდატი თავად იღებს გადაწყვეტილებებს.

ამასობაში, მარგველაშვილი თბილისის ერთ-ერთ უბანში ამომრჩევლებს ხვდებოდა. იქ მას საზოგადოებასთან ურთიერთობაში არა „პელე ან მალდინი", არამედ კალაძე ეხმარებოდა, რომელიც ხალხს 27 ოქტომბერს თავსმოხვეული კოჰაბიტაციის დასრულების ტკბილ პერსპექტივებზე უამბობდა. ეტყობა, პრეზიდენტობის კანდიდატს სწორედ იქ მიუვიდა პელე-პრემიერის პასი და ამომრჩევლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ტელეკამერების წინ პასის მიღება დაადასტურა: მეორე ტურის შემთხვევაში ის უარს ამბობს არჩევნებში მონაწილეობაზე!

ამ პატარა ნახევრად გაფეხბურთებული ეპიზოდის უკანასკნელი მოქმედი პირი პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილია. მან მარგველაშვილის ამ განცხადებას მეტაფორა უწოდა: „ჩემი აზრით, მისი ფრაზა სრული მეტაფორაა. ის დაბადებიდან კი არ ოცნებობდა პრეზიდენტობაზე, არამედ მზადაა, ეს ფუნქცია შეასრულოს იმ შემთხვევაში, თუ ხალხი მას ნდობას გამოუცხადებს".

თუ ხალხი ნდობას არ გამოუცხადებს მარგველაშვილს, რამდენიც არ უნდა ეოცნება ბავშვობიდან თუ ჯეელობიდან, ის პრეზიდენტი ვერ გახდება. ისე, იმასაც ნუ დავივიწყებთ, რომ პარტიას, რომელსაც მარგველაშვილი წარმოადგენს, „ოცნება" ჰქვია.

მაგრამ, მოდი, შევეცადოთ, თვით ამ განცხადების ფარულ შინაარსს ჩავწვდეთ. რას ნიშნავს „მეორე ტურში მონაწილეობას არ მივიღებ"?

აქ კი, მგონი, გავიჭედე! ეს მუქარაა თუ შიში? თუ ორივე? მგონი, ეს უნდა იყოს „თავსმოხვეული" კოჰაბიტაციის გაგრძელების შიშიც და მუქარაც.

თუ მეორე ტური შედგა, კვლავ მოგვიწევს „მათთვის" ანგარიშის გაწევა, „მათი" აღიარება, „მათთან" დიალოგი. ეს არის ოპონენტთან დიალოგის შიში! ეს არის დიალოგისთვის მზადყოფნის არქონა. და არც კი აქვს მნიშვნელობა, ასეთ შემთხვევაში - ვინ არის შენი ოპონენტი. უბრალოდ, არ გინდა აღმოჩნდე ვითარებაში, როცა ვალდებული ხარ დიალოგზე წახვიდე.

როცა შენი მმართველობის წარმატების წინაპირობად მხოლოდ ერთპიროვნული მმართველობა გესახება, ძალიან საშიში ხდები როგორც პოლიტიკოსი. მით უმეტეს, როდესაც ეს პრინციპში შენი ერთადერთი მესიჯია წინასაარჩევნოდ.

და ეს ყველაფერი იმ ფონზე, როდესაც „პელე" ღიად აცხადებს, რომ დაინტერესდა ელენას (ელენე ხოშტარია) და სერგოს (სერგი კაპანაძე) სამართლებრივი წარსულით. არასამთავრობო ორგანიზაცია GRASS-ის ორი წარმომადგენლით, რომელთაგანაც მას სხვადასხვა შეხვედრაზე ცხარე კრიტიკის მოსმენა მოუწია ეკონომიკისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე. მართალია, თურმე ელენას და სერგოს წარსულში ვერაფერი აღმოუჩინეს , მაგრამ, სამაგიეროდ, რა პასებს აძლევს პელე თანაგუნდელებს!!! „შეამოწმეთ ისინი, ვინც მაკრიტიკებს". მარტო ამ პასებად ღირდა ეს ყველაფერი!
ქაოსი, პოლიტიკური მოუმწიფებლობა, შეუთანხმებლობა - აი ეს არის დღეს პელეს გუნდის ხელწერა. თავად პელე კი დაკავებულია საჯარო ლექციებით თემაზე „სამოქალაქო საზოგადოების წინასწარი მიჯირყვნა მომავალი ტოტალური კონტროლის დაწესების მიზნით ამ საზოგადოებაში გადმოსვლის გზით...".

ასე ჩანს, მას (ბ-ს) ის უფრო ადარდებს, როგორ არასათანადოდ შევიყვარეთ იგი. ეს ადარდებს უფრო მეტად, ვიდრე ქვეყნისთვის მართლა მნიშვნელოვანი საკითხები. ის გვასწავლის, როგორ უნდა მოვიქცეთ და ვინც ისე არ იქცევა, როგორც მას სურს, ის სიცრუეში ცხოვრობს. ჯერჯერობით ცხოვრობს.

ყველაფრის გვირგვინია ის ჯერ არნახული პოლიტიკური მოწყობა, რომელსაც პრემიერი გვთავაზობს: მიდის. როგორც ამბობს და სამოქალაქო საზოგადოებას უნდა „შეერწყას".

სხვათა შორის, ელენა და სერგო, როგორც მათ პელე მოიხსენიებს, დღეს ამ რგოლს წარმოადგენენ. არა მგონია, მათ გვერდით ვიხილოთ ბატონი ბიძინა. თანაც არც მართვის სადავეების ბოლომდე გაშვებას აპირებს. დაურეკავს ხოლმე მინისტრებს - ასე თქვა თვითონ. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე იქნებასავით. მოკლედ, მგონი პელე შეცვლაზე გადის და უმალ მწვრთნელი ხდება.

ვინ შემოვა მოედანზე პელეს ნაცვლად? ამას არჩევნებიდან ერთ კვირაში გავიგებთ. თუ, ცხადია, მეორე ტურის აუცილებლობა არ შეიქმნა და ნაწყენი მმართველი გუნდი შინ არ გაიკრიფა. ისე, ცოტა უცნაურია: კაცმა არჩევნები მოიგო და „ერთ წელიწადში მივდივარო". მეორეს - ჯერ არ მოუგია და „შეიძლება, არც მოვიდეო", ამბობს. ეს, ნეტავ, რა პოლიტ-ფასონია?!.
განსხვავებული პოზიცია აქვთ, მგონი, ელენას და სერგოს - ისინი არასოდეს არსად გაიქცევიან. ეტყობათ უკვე.

 

წინა სტატია

ახალი პრეზიდენტის ახალი ფუნქცია
23 ოქტომბერი, 2013

შემდეგი სტატია

მეფის სიტყვა
23 ოქტომბერი, 2013
ბრიტანულმა სასამართლომ ირაკლი რუხაძე Salford-ის მილიარდიანი პროექტის მითვისებაში ამხილა
საქართველო | ნოე, 07, 2018
მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტები
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 31, 2018
ნავთობის მსოფლიო ფასი 27 პროცენტით შემცირდა
მსოფლიო | ნოე, 14, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა