დავით საყვარელიძე – სახელმწიფო თეატრიდან საკუთარ ოპერამდე

რესპონდენტთან შეხვედრა ყოველთვის მის სამუშაო გარემოში მირჩევნია, მით უმეტეს, როდესაც ინტერვიუ მის საქმიანობას ეხება, თუმცა ვინაიდან დავით საყვარელიძეს ამ ეტაპზე მუდმივი სამუშაო სივრცე არა აქვს, „ფორბსის" ოფისში შეხვედრაზე შევთანხმდით. საყვარელიძე უკვე 9 თვეა, ჩამოშორდა თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრს, რომელსაც 9 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.

ინტერვიუს დაწყებამდე მისი ტელეფონის მოდელით ვინტერესდებით, თუმცა ირკვევა, რომ ეს მხოლოდ ერთ-ერთია სამიდან. ჯიბიდან კიდევ ორ სხვა ტელეფონს იღებს, მაგიდაზე ალაგებს და თან მათ დანიშნულებას განმარტავს. „ეს საერთაშორისოა, - მიუთითებს ერთ-ერთზე, - ეს კი ორბარათიანია. ჩემი ფონდის ოფისის ნომრად ეს მაქვს მითითებული და იძულებული ვარ, ვატარო. მოკლედ, ოფისი ვარ, მოსიარულე". ტელეფონის ნომერი რამდენიმე აქვს, თუმცა ხშირად მისი ნომერი კი არა, ვინაობა ეშლებათ. როგორც თავად იხსენებს, ხშირად დაურეკავთ „ნაცმოძრაობის" წევრ, ყოფილ პროკურორ დავით საყვარელიძესთან დაკავშირების მსურველებს, მიუღია მოკლე ტექსტური შეტყობინებები პროკურატურასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ერთ ისტორიასაც ჰყვება: ერთხელ ჟურნალისტს უთხრეს - დავით საყვარელიძეს ცნობილი ვარსკვლავი ჰყავს ჩამოყვანილი, წადით, ჩაწერეთო. გადამღები ჯგუფი პროკურატურაში მივიდა და დავით საყვარელიძისგან ითხოვდნენ პასუხს, რომელი ვარსკვლავი დაიჭირა. „უკვე ტელეფონს ასე ვპასუხობ: სუყო ვარ, ხო იცი, ოპერა ვარ, ოპერა!"

რეჟისორობიდან - მენეჯერობამდე; თანამდებობის დატოვების მიზეზი

დავით საყვარელიძე თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირექტორად რეჟისორული გამოცდილებით მოვიდა. საზოგადოებას მისი მენეჯერული საქმიანობის შესახებ მანამდე არაფერი სმენია. პირველივე წინადადებით განმიმარტავს: „სხვათა შორის, რეჟისურა ფრანგული სიტყვაა და ორგანიზებას ნიშნავს. ასე რომ, არც ისე შორსაა მენეჯმენტისგან". ბატონმა დავითმა, როგორც 90-იან წლებში მოღვაწე არაერთმა ახალგაზრდა რეჟისორმა, მენეჯერული თუ პროდიუსერული უნარები მისდა უნებურად, გარემოებებიდან გამომდინარე აითვისა, შემდეგ კი ამ პროფესიით სერიოზულად დაინტერესდა.

„პროფესიულ თეატრში 90-იან წლებში მოვედი, როდესაც საერთოდ გაჩერდა ქვეყანა, გახსოვთ ალბათ, საშინელი პერიოდი იყო. უცბად აღმოვჩნდით საბაზრო ეკონომიკის პირობებში, ამიტომ არ არსებობდა ელემენტარული ცოდნა იმისა, თუ როგორ უნდა იყოს მოწყობილი გარკვეულ დონეზე მაინც თეატრალური საქმე და ამის მცოდნეებიც არ გვყავდა. საბჭოთა კავშირში საერთოდ აკრძალული იყო დამოუკიდებელი ბიზნესი და შესაბამისად კულტურის დამოუკიდებელი მენეჯმენტის გამოცდილება საქართველოში არ არსებობდა. აღმოჩნდა, რომ ჩემივე სპექტაკლების მენეჯერი და ორგანიზატორი მე თვითონ ვიყავი. ნებისმიერი იმ დროის რეჟისორი ძალიან კარგად ერკვევა ფინანსებში, ორგანიზაციულ თუ სხვა საკითხებში. მთელი ფინანსური მხარე ჩემს ხელში გადიოდა. ჩემი აზრით, ეს იყო ჩემი ენერგიის 80-90 პროცენტის დახარჯვა ორგანიზაციულ საკითხებზე და საკმაოდ დიდი პრაქტიკული ცოდნა დამიგროვდა, არამარტო მე, ნებისმიერ ახალგაზრდა რეჟისორს, რომელიც იმ დროს მოღვაწეობდა. მაგრამ მერე მივხვდი, რომ მოვა დრო, როდესაც დაგვჭირდება ამ ყველაფრის მაღალ დონეზე მცოდნე ადამიანები, ამიტომ დავიწყე იმ ადგილების ძიება, სადაც შეიძლებოდა ამ ცოდნის მიღება და რამდენიმე ასეთ ადგილას ვიყავი სტაჟირებაზე".

დავით საყვარელიძე სხვადასხვა დროს იმყოფებოდა იტალიაში (რომის ოპერა, ლა სკალა), ინგლისში (ინგლისის ნაციონალური ოპერა) და, როგორც თავად ამბობს, სწორედ მენეჯმენტის მიმართულებით გაიარა სტაჟირება. „რომ გითხრათ, ამაზე ვოცნებობდი-მეთქი, ასე არ იყო, უბრალოდ დამჭირდა". სარეჟისორო საქმიანობისას დაგროვებული გამოცდილებისა და საზღვარგარეთ შეძენილი ცოდნის მიუხედავად, საკუთარი თავი ოპერის თეატრის ხელმძღვანელად ვერ წარმოედგინა, სანამ 2004 წელს ამგვარი შემოთავაზება არ მიიღო. გადაწყვეტილების მიღება ძალიან გაუჭირდა, რადგან საქართველოში ამ სფეროს ხელმძღვანელობის საკუთარ თავზე აღება საკმაოდ დიდი გამოწვევა იყო. „ვიფიქრე, რომ შევეცდები, თუ არ გამომივა, მალევე მივანებებ თავს, თუ რაღაც გამომივა, ამომიდგებიან მხარში და დამეხმარებიან. თეატრში უკვე მოსული იყო ნინო ანანიაშვილიც. ასე რომ, მარტო დარჩენის არ შემეშინდა. მაინც გავრისკე". ექსპერიმენტმა გაამართლა - ამ თანამდებობაზე დარჩენა 9 წლის განმავლობაში მოუწია. მისი გათავისუფლება, როგორც თეატრს შიგნით, ისე მის გარეთ გააპროტესტეს.

კულტურის სამინისტროსგან მის საქმიანობასთან დაკავშირებით შენიშვნები არ მოუსმენია, მხოლოდ დადებით და თბილ ურთიერთობას იხსენებს. გათავისუფლების რეალურ მიზეზად პრემიერის პირად დამოკიდებულებას ასახელებენ: თავდაპირველად სამინისტროს თანამშრომლებმა სთხოვეს, თანამდებობა დაეტოვებინა, მათგან შემცვლელის ვინაობაც შეიტყო - გიორგი ჟორდანია.
საყვარელიძის საქმიანობა რომ წარმატებულად შეფასდა და თეატრალურ სფეროში ძლიერი მენეჯერის სახელით სარგებლობს, ამას მოწმობს ახალი შეთავაზებაც, რომელიც ცოტა ხნის წინ მიიღო - რუსთაველის თეატრის მმართველის პოსტი. უფრო სწორად, ამ თანამდებობაზე მასთან შეუთანხმებლად დანიშნეს.

„მე არ შემომთავაზეს, მე დამნიშნეს ისე, რომ ამის შესახებ არ ვიცოდი. ასე დაიწყო ეს ამბავი: ჩემმა ძალიან ახლო მეგობარმა გოგი მესხიშვილმა მითხრა - ხომ არ შეხვდები რობერტ სტურუას, რადგან მას უნდა, რომ შენ იყო რუსთაველის თეატრის დირექტორი. ბატონი რობერტი ბავშვობიდან მიცნობს. იცის ჩემი თავდადება და შესაძლებლობები და ალბათ, ამიტომ უნდოდა. მე ვუთხარი - ძალიან დიდი სიამოვნებით შევხვდები და დაველაპარაკები, გავიგებ, რას ფიქრობს ამ თემაზე. მაგრამ მერე საზღვარგარეთ წავიდა რობერტ სტურუა, მეც მომიწია წასვლა, ვერ შევხვდი და უკვე სექტემბერში, როდესაც მოსკოვში ვიყავი, დამირეკა ჟურნალისტმა და მითხრა - დაგნიშნესო. ჩემთვის ეს არის ძალიან დიდი პატივი, მაგრამ უბრალოდ არ გამომივა მუშაობა ამ სიტუაციაში, რადგან მთელი შეგნებით ვეწინააღმდეგები იმ კანონებს, რომლითაც დღეს ქართული თეატრი მუშაობს".

ახალ თანამდებობაზე კიდევ ერთი მოტივით თქვა უარი - რუსთაველის თეატრის მნიშვნელობის მიუხედავად, იქ იმავე შემართებით ვერ იმუშავებდა, როგორითაც ოპერის თეატრში: „სახლში ღამის 4-5 საათზე მივდიოდი, სულ ვმუშაობდი. იმიტომ ვაკეთებდი ამას, რომ საოპერო ხელოვნება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასეთივე შემართებით ამ თეატრს მე ვერ ვუხელმძღვანელებდი". მიუხედავად იმისა, რომ თანამდებობაზე მისი თანხმობის გარეშე დანიშნეს, გარკვეული დროის განმავლობაში მისივე ოფიციალური თხოვნის გარეშე ვერ ათავისუფლებდნენ. სთხოვეს კიდეც, რომ თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება დაეწერა.

„ახალმა კანონმა კომუნისტების დროში დაგვაბრუნა"

დავით საყვარელიძე თვლის, რომ კულტურის სფეროს მენეჯერი, მათ შორის თეატრის მმართველი აუცილებლად თეატრალური საზოგადოებიდან უნდა იყოს გამოსული, საკუთარ თავზე უნდა ჰქონდეს გამოცდილი თეატრის მესვეურთა ცხოვრება. საერთოდაც, მიაჩნია, რომ ლიდერი თავად დასში უნდა ეძებო, აღმოაჩინო, ხელი შეუწყო და მენეჯერად აქციო. შესაძლოა, თეატრში მოსული ადამიანი ვერ შედგეს კარგ მსახიობად ან რეჟისორად, მაგრამ მენეჯერული უნარები აღმოაჩნდეს და ამ კუთხით გააგრძელოს მოღვაწეობა.

„მე არასოდეს მიმიყვანია ოპერის თეატრში კადრი გარედან, ერთ-ორ შემთხვევას თუ არ ჩავთლით. მაგალითად, ძალიან მაღალი ხარისხის ფინანსისტს ვგულისხმობ. იმ ორგანიზაციაში, სადაც რამდენიმე ათეული წელია, ადამიანები თავიანთ საქმეს ემსახურებიან, ფაქიზად ვეკიდები ახალი ადამიანის შემოყვანას. როდესაც თეატრი დიდია, ის ცოცხალი ორგანიზმია და შიგნითვე აქვს, ასე ვთქვათ, „იმუნინეტი", იქვე შეიძლება აღმოჩნდნენ ძალიან საჭირო კადრები".

ბოლო წლების განმავლობაში თეატრების ორგანიზაციული მოწყობის საკითხი არაერთხელ გახდა დისკუსიის საგანი. აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია 2006 წელს მიღებულმა კანონმა „სახელმწიფო თეატრების შესახებ" და 2013 წელს შეტანილმა ცვლილებებმაც, რომლის მიხედვით, თეატრში პირველი პირი ისევ სამხატვრო ხელმძღვანელი ხდება და სწორედ ის ირჩევს სასურველ მენეჯერს (დირექტორს). დავით საყვარელიძე თვლის, რომ უკანასკნელმა ცვლილებებმა თეატრალური სფერო საბჭოთა ეპოქაში დააბრუნა.

„კარგი მენეჯერის შეფასებები რომ ჩამოვწეროთ, ესენი იქნება - პედანტი, ძალიან რაციონალური, ფინანსებში კარგად გარკვეული, ხელმომჭირნე, დროის ეკონომიის მცოდნე და ა.შ. მაგრამ როგორც კი ვიტყვით, რომ რეჟისორი არის პედანტი, რაციონალური, ფინანსებში გარკვეული, დამერწმუნეთ, რომ ეს თვისებები მას უფრო დააკნინებს. მისი სპექტაკლები ნაკლებად დააინტერესებს ხალხს. რეჟისორი უნდა იყოს გიჟი, არანორმალური, არაამქვეყნიური, რომ მისი სპექტაკლები იყოს საინტერესო. და ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი - როგორც კი რეჟისორი, პოეტი, მწერალი ხდება რაღაც დაწესებულების ხელმძღვანელი ანუ ნომენკლატურული ფიგურა, ჩათვალეთ, რომ იქ სხვა თავისუფალი ხელოვანი ვერ შედის. ამ მოდელით რეჟისორი თვითონ ირჩევს იმ ადამიანებს, ვისი საშუალებითაც განახორციელებს შემოქმედებით ცხოვრებას, მაგრამ მე ვამბობ, რომ რეჟისორმა კი არ უნდა უნდა აირჩიოს, პირიქით, მენეჯერმა უნდა აირჩიოს რეჟისორი. დარწმუნებული ვარ, რომ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ყოველთვის ცდილობს, რომ მოიწვიოს თავისზე დაბალი კომპეტენციის დირიჟორი/რეჟისორი. მენეჯერს ავალებს სახელმწიფო - შექმენი ბევრი სპექტაკლი და ჩემი, როგორც მენეჯერის მიზანია, რომ საუკეთესო რეჟისორები, მსახიობები, მომღერლები, დირიჟორები, მხატვრები მყავდეს ჩემთან. მინდოდა, რომ თეატრში საუკეთესო რეჟისორები ყოფილიყვნენ, თანაც მთელი მსოფლიოდან და დავსდევდი ამ რეჟისორებს, ვთხოვდი მოსულიყვნენ და ვუქმნიდი პირობებს. რეჟისორი რომ დანიშნო ამ ადგილზე, რომელი რეჟისორი წავა, იშოვის ფულს, რომ დაადგმევინოს სპექტაკლი სხვა რეჟისორს, ეს ხომ გამორიცხულია დღევანდელ საქართველოში, წარმოუდგენლად მიმაჩნია".

„საოპერო მუსიკის გასაღები საქართველოშია"

9-წლიანი საქმიანობის ძირითად მიზანს ევროპულ საოპერო სივრცეში ინტეგრაცია წარმოადგენდა და თანამდებობაზე რომ დარჩენილიყო, სწორედ ამ მიმართულებით გააგრძელებდა მუშაობას. „ჩვენი პირდაპირი ხიდი ევროპასთან, ცივილიზაციასთან, თავისუფლებასთან, იმ ხალხთან, ვისთან ერთადაც ცხოვრება გვინდა, საოპერო თეატრზე გადის". ამ მიმართულებით ბოლო წლებში ოპერის თეატრმა ბევრ წარმატებას მიაღწია, რაც უცხოურ თეატრებთან მჭიდრო კავშირების დამყარებაში, გასტროლებში, საოპერო ფესტივალებში მონაწილეობაში, ქართველი თუ უცხოელი ვარსკვლავების ჩამოყვანაში გამოიხატა.

„ჩვენ ვიყავით ლონდონის რამდენიმე თეატრის, რამდენიმე საერთაშორისო ფესტივალის პარტნიორი, ისეთი პარტნიორი, რომლითაც ნებისმიერი ორგანიზაცია იტრაბახებდა. ჩვენ ვიყავით ევროპული საოპერო თეატრების ასოციაციის წევრი. ნელ-ნელა ჩვენ ვხდებოდით ამ ლიგის წევრი. იქ ჩვენი შემოქმედებითი ცხოვრება დაინახეს. როდესაც წელიწადში ექვს გასტროლზე მიდიხარ, მიდის 200-240 კაცი და იქ გიღებენ, როგორც ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო თეატრალურ ორგანიზაციას, ეს, მგონი, ძალიან დიდი წარმატებაა. მაგალითად, ბეირუთის საერთაშორისო ფესტივალზე ჩვენ ვიყავით მასპინძელი. ბოლოს დაგვირგვინება იყო ესტონეთში გასტროლი, როდესაც მთელი ესტონური საოპერო ფესტივალი იყო საქართველოს ოპერის ფესტივალი. თბილისს დავამატეთ ქუთაისის ოპერის გასტროლები და ბათუმის ოპერის გასტროლები. ანუ პრაქტიკულად საქართველოს დღეები ტარდებოდა".

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება საქართველოს საოპერო ხელოვნების რეგიონულ ცენტრად ქცევა იყო. საზღვარგარეთ მყოფი ქართველი ვარსკვლავებისა და წლების განმავლობაში დამყარებული კონტაქტების წყალობით, მოხერხდა საოპერო ფესტივალების ხელმძღვანელების თუ აგენტების საქართველოში რამდენჯერმე ჩამოყვანა. ისინი ახალ ხმებს ეძებდნენ. მოსმენებზე კი, საყვარელიძის ინიციატივით, არა მხოლოდ ქართველ, არამედ რამდენიმე მეზობელი ქვეყნის მომღერლებს იწვევდნენ.

„შევეცადე, ჩამოგვეყვანა ყველა ქართველი ვარსკვლავი, რომლებიც საზღვარგარეთ მოღვაწეობენ და მათი გავლით, მათი მეგობრები. ყველაზე მნიშვნელოვანი - ეს არის ჩვენი როლი ამ რეგიონში. ასეთია ჩემი ხედვა - უნდა გამოგვეყენებინა საქართველოს ღვთით ბოძებული მდგომარეობა რეგიონული თვალსაზრისით. ჩემი აზრით, საოპერო, კლასიკური მუსიკის გასაღები ამ რეგიონში არის საქართველოში. მაგალითად, მე ჩამომყავდა ძალიან ცნობილი საფესტივალო აგენტი, რომელიც ეძებს საფესტივალო ხმებს და აქ ვპატიჟებდი ბაქოდან, ერევნიდან, ოდესიდან, ტაშკენტიდან, ასტანადან, ჩვენთან ახლოს მდებარე ქვეყნებიდან ახალგაზრდებს, რათა მონაწილეობა მიეღოთ მოსმენებში. ამ ადამიანებისთვის ჩვენი თეატრი იქცა ძალიან მნიშვნელოვან ადგილად, სადაც შეუძლიათ აჩვენონ თავიანთი შესაძლებლობები ევროპიდან ჩამოსულ აგენტებს და ფესტივალების დირექტორებს. ხოლო ამ აგენტებისა და ფესტივალების დირექტორებისთვის მნიშვნელოვანი გახდა თბილისი, რადგან ერთი ჩამოსვლით, ისინი რამდენიმე ქალაქს უსმენდნენ ანუ თბილისი ჩამოყალიბდა საოპერო ხელოვნების ერთგვარ ყურედ. ჩვენ გავხდით ევროპისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ეს რეგიონი, ფაქტობრივად, აუთვისებელია საოპერო ხელოვნებაში. გარდა ამისა, ჩემი მეგობრების დახმარებით, ძალიან ბევრ ახალგაზრდას ხელი შევუწყვეთ და გავუშვით საზღვარგარეთ, წარმოიშვა რამდენიმე ათეული ქართველი საერთაშორისო ვარსკვლავი, რომელიც ჩვენი სახელით გამოდის სხვადასხვა სცენაზე".

მაყურებლის მოზიდვა და ფინანსური დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა

დავით საყვარელიძის ხედვით, სახელმწიფო თეატრებმა უნდა შეძლონ ფინანსური დამოუკიდებლობის მოპოვება, რათა გათავისუფლდნენ საბჭოური მემკვიდრეობისგან, სადაც კულტურის სფეროს დამფინანსებელიც და დამკვეთიც სახელმწიფო იყო. დოტაციაზე ყოფნა არა მხოლოდ თავისუფლებას, არამედ შემოქმედებით ზრდასა და ხარისხის გაუმჯობესებისკენ სწრაფვას აყენებს საფრთხის წინაშე. ამ მიზნის მიღწევა ნაწილობრივ მაინც რომ არის შესაძლებელი, ოპერის თეატრის გამოცდილებაც მოწმობს. 2004 წელს, როდესაც თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის მმართველად დავით საყვარელიძე დაინიშნა, სახელმწიფო დოტაცია 3 მილიონ ლარს შეადგენდა, ბილეთების გაყიდვით მიღებული შემოსავალი კი - 130 ათასს. ერთი წლის შემდეგ თეატრის საკუთარმა შემოსავლებმა მილიონ 200 ათასს მიაღწია და 2010 წლამდე ზრდის ტენდენცია შეინიშნებოდა. თეატრის შენობა სარემონტოდ რომ არ დახურულიყო, ალბათ, ზრდა გაგრძელდებოდა. მაყურებლის მოსაზიდად და კერძო ბიზნესის დასაინტერესებლად, პირველივე თვეებში სხვადასხვა მიმართულებით დაიწყო მუშაობა. მოლაპარაკებები მიმდინარეობდა კომპანიებთან, რომლებიც მთელი სეზონით ყიდულობდნენ ლოჟებს თავიანთი სტუმრებისა თუ თანამშრომლებისთვის. პირველ რიგში კი პოტენციური მაყურებლის სეგმენტებად დაყოფა და თეატრის შემოქმედებით ცხოვრებაში მათი ჩართვა მოხდა. შეიქმნა სატელეფონო სამსახური, რომელიც სხვადასხვა საკითხზე პოტენციური მაყურებლის მოსაზრებას ისმენდა.

„იმდროინდელი კვლევები გვკარნახობდა, რომ მაყურებელი თეატრის ცხოვრების ნაწილი არ იყო. ვინ რას დგამდა, ამას სამხატვრო ხელმძღვანელი წყვეტდა. ჩვენ ყველა მაყურებელი გავხადეთ იმ პროცესების თანამონაწილე, რომელიც მიმდინარეობდა თეატრში, საოპერო ნაწარმოების არჩევით დაწყებული. თეატრში მოსული ადამიანი იღებდა მონაწილეობას იმ რიტუალში, რომელიც მიმდინარეობდა სცენაზე ანუ დამკვირვებელი კი არ იყო, იყო თანამონაწილე. ჩვენთან ჩამოყალიბდა სერვისსამსახური, რომელმაც დაიწყო ჩვენი პოტენციური მაყურებლების დაყოფა სეგმენტებად, ე.წ. თარგეთ-გრუპებად. ყოველ სეგმენტს სჭირდება განსხვავებული მიდგომა. მაგალითად, დაგროვდა 300 ადამიანი, რომელიც ჩვენი საქმიანობის ძალიან დიდი მოყვარულია, მაგრამ არა აქვს შემოსავალი, არიან პენსიონერები ან ვეტერანთა კავშირები. ჩვენ ვეძებდით სპონსორს, კერძო კომპანიას და ვეუბნებოდით - მოდი, ამ ხალხს დაეხმარეთ, რომ 300-მა კაცმა ნახოს ჩვენი სპექტაკლი. - დიდი სიამოვნებით, რა არის ამისთვის საჭირო? - გვპასუხობენ ისინი. - დაპატიჟეთ. და გამოჩნდა ნაყინის მწარმოებელი კომპანია, რომელმაც ბილეთები უყიდა 300 ადამიანს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაცხადებდით, რომ ამ კომპანიამ 300 ადამიანს გადაუხადა ბილეთის საფასური".

თეატრის მართვის „დემოკრატიული მოდელი"

ოპერისა და ბალეტის თეატრში წლების განმავლობაში მიმდინარეობდა ორგანიზაციული სტრუქტურის ჩამოყალიბებაც. 2009 წლის შემდეგ, როდესაც სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტიდან ზაზა აზმაიფარაშვილი გათავისუფლდა, ამ თანამდებობაზე არავინ დაუნიშნავთ. დავით საყვარელიძე ამბობს, რომ სამხატვრო ხელმძღვანელი, თავისი არსით, ერთპიროვნული მმართველია, მან კი უფრო დემოკრატიული მოდელი აირჩია, როდესაც ყველა მიმართულებას თავისი ხელმძღვანელი ჰყავს, მთლიან პროცესს კი გენერალური დირექტორი ხელმძღვანელობს. რაც შეეხება ხელმძღვანელებისა და ცალკეული თანამშრომლების შერჩევა-გათავისუფლებას, ამ მიმართულებითაც დემოკრატიულ მიდგომას მიმართა. ჯანლუკა მარჩანო, რომელიც 2010 წლიდან მუსიკალური დირექტორი და მთავარი დირიჟორია, დასმა შეარჩია.

„მე ძალიან მიყვარს ამერიკული სისტემა, მაგრამ დღეს ყველაზე წარმატებული, თავისი სისტემური ხასიათით, გერმანული თეატრებია. ამიტომაც მინდოდა, რომ ჩვენთან გერმანული ტიპის მოწყობა ყოფილიყო, სადაც მუსიკალური დირექტორი არსებობს. სამხატვრო ხელმძღვანელი კი ბევრ თეატრს, მაგალითად, ლა სკალას არ ჰყავს. საერთოდ, დირექტორს ნიშნავენ, ნიშნავს ზემდგომი ორგანო, ბორდი, ხოლო სამხატვრო ხელმძღვანელს ირჩევს დასი, შემოქმედებით ცხოვრებას ირჩევს დასი. სამხატვრო ხელმძღვანელად მე არავინ ავიყვანე, გავაუქმე ეს თანამდებობა, რადგან ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღების უფლება ჩვენ არ გვაქვს. ჩვენთან უნდა იყოს უფრო დემოკრატიული სისტემა, რადგან უფრო შედეგიანია. მე მყავდა ჩამოყვანილი დაახლოებით 18 საერთაშორისო დონის დირიჟორი. ამ 18-დან ორკესტრმა, გუნდმა და სოლისტების უმეტესმა ნაწილმა არჩია ჯანლუკა მარჩანო".
ახალი მუსიკოსის შერჩევისა თუ ძველის გათავისუფლების საკითხში დავით საყვარელიძე აღარ ერეოდა მას შემდეგ, რაც მართვის ახალი სისტემა აამუშავა. ორკესტრმა აირჩია 11-კაციანი საბჭო, რომელიც შემოქმედებითი თვალსაზრისით კადრების შერჩევას ახორციელებდა. „ვის ევალება მუსიკოსის მიღება თეატრში? მე ხომ ვერ მივიღებ მუსიკოსს. კარგი მუსიკოსია თუ ცუდი, ვინ უნდა გაარკვიოს? მთავარმა დირიჟორმა და საბჭომ".

როგორც გენერალურ მენეჯერს, საქმის სხვა მენეჯერებზე გადანაწილების ფუფუნება არ ჰქონია, რადგან სწორედ მათ შერჩევას, აღზრდასა და კვალიფიკაციის ამაღლებას წლები დასჭირდა. „ჩემი ცხოვრების 24 საათიდან 20 საათი მიჰქონდა ოპერის თეატრის პრობლემების მოგვარებას. ამიტომ ახლა რომ დამაბრუნო 2004 წელს, ალბათ, უარს ვიტყვი. ეს ენერგია ჩემი პირადი ცხოვრებისა და პირადი საქმიანობისთვის რომ გამომეყენებინა, უფრო მეტს მივაღწევდი საკუთარ კარიერაში". თუმცა დაგროვილ გამოცდილებას უმადლის იმ ამბიციური პროექტის შემუშავებას, რომლის განხორციელებასაც ახლო მომავალში გეგმავს. დღეს დავით საყვარელიძე ფლობს ფონდ „საქართველოს ნაციონალურ ოპერას", რომელიც ცოტა ხანში მცირე მასშტაბის საოპერო თეატრად გადაიქცევა. მიაჩნია, რომ საქართველოში საოპერო ხელოვნება მაყურებლის ნაკლებობას არ უჩივის: „ქართველები ვერ შეძლებენ ცხოვრებას თეატრის, განსაკუთრებით, ოპერის თეატრის გარეშე, რადგან ოპერის თეატრი ეროვნული იდენტობის ნაწილად იქცა".

ამით დასრულდა ინტერვიუს ძირითადი ნაწილი, თუმცა საუბარი კიდევ დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა, რა დროსაც დეტალურად გავეცანი ოპერის თეატრების, მათ შორის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მოწყობის პრინციპებს. როგორ იმუშავებს თეატრის ახალი მექანიზებული სცენა, როგორ დაპროექტდა შენობისა და მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურა, როგორ მუშაობს სპექტაკლის დროს ლოჯისტიკა - ბატონ დავითს ამ და სხვა საკითხებზე საუბარი დაუსრულებლად შეუძლია. ტექნიკური თუ არქიტექტურასთან დაკავშირებული საკითხების ასე სიღრმისეული ცოდნა მაკვირვებს, გაკვირვებითვე მპასუხობს: „აი, რისი კეთება გიყვართ ყველაზე მეტად? მაგალითად, ფეხბურთი თუ გიყვართ ძალიან. ჩემთვის ესაა ის საქმე, რაც ყველაზე მეტად მიყვარს. წიგნები მაქვს გამოწერილი ამ ყველაფრის შესახებ და DVD-დისკები. სახლში ვმალავ, მთელ ფულს ამაში რომ ვხარჯავდი".

სიამაყით აღნიშნავს, რომ ფონდ „ქართუს" დაფინანსების შედეგად, ოპერის თეატრის სარემონტო სამუშაოებში უცხოელი სპეციალისტები არიან ჩართულნი და ყველაფერი ისეთ მაღალ დონეზე კეთდება, რომ ბევრ ცნობილ საოპერო თეატრს შეშურდება. თუმცა უკვე ამჩნევს ბოლო თვეებში დაშვებულ შეცდომებს, მაგალითად, ფასადზე გამოკიდებულ კონდიციონერებს. აქვე ერთ საინტერესო ისტორიას ჰყვება. მიუხედავად იმისა, რომ თბილისის ოპერაში სამუშაოებს უცხოელები ახორციელებენ, რაც სხვა თეატრებისგან განსხვავებით ოპერის თეატრს მსოფლიო სტანდარტების შესაბამისს გახდის, პროექტის შემუშავებისას საქმიანობაში ჩართო ქართველი სპეციალისტები. ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორების დახმარებით, გერმანელ სპეციალისტებს პროექტში რამდენიმე ხარვეზი აღმოუჩინეს. უცხოელი სპეციალისტები მსოფლიო სტანდარტებით ხელმძღვანელობდნენ, მაგრამ გარკვეულ დეტალებს, შესაძლოა, თბილისის ოპერის შენობაში პრობლემები შეექმნა. ქართველი სპეციალისტების ჩართულობით, რამდენიმე ხარვეზი გამოსწორდა, რამაც თანხებიც დაზოგა და გერმანელებიც გააკვირვა. საბოლოოდ, საყვარელიძემ აღნიშნული ქართველი სპეციალისტები ოპერაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებში ჩართო.

დღეს შევეცადე კულტურის სფეროს მენეჯერ დავით საყვარელიძეზე მომეთხრო. თუმცა ინტერვიუს დროს მიღებული ინფორმაციით თავისუფლად შევძლებ კიდევ ერთ, ოპერის მოყვარულ და თეატრის ფუნქციონირების თუ მშენებლობის ყველა დეტალში გარკვეულ დავით საყვარელიძეზე დაწერას. ინტერვიუზე წასვლამდე, რესპონდენტის „ფეისბუკის" გვერდს გადავავლე თვალი. ერთ-ერთ პოსტში მისი მეგობარი აღნიშნავდა: „სუყოს მანქანაში, რომ მოკვდე, კლასიკური მუსიკის გარდა, სხვას ვერაფერს მოუსმენ". მანქანაზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ რამდენიმესაათიანი საუბრის შემდეგ დავრწმუნდი, რომ თავად „სუყოსგან" თითქმის ვერაფერს მოისმენ ისეთს, რაც პირდაპირ თუ ირიბად არაა დაკავშირებული საოპერო ხელოვნებასთან.

 

წინა სტატია

საქმე, რომელიც ადამიანური ურთიერთობებით კეთდება
27 ნოემბერი, 2013

შემდეგი სტატია

ტრეიდერი, რომლისთვისაც ფული მთავარი არ არის
29 ნოემბერი, 2013
გული და ნება
ფორბს-მოსაზრება | ნოე, 21, 2017
რომელი სახელმწიფო უწყებების დაფინანსება იზრდება 2018 წელს
საქართველო | ოქტ, 02, 2017
ქართული ბიზნესის #1 არჩევანი
კომპანიები | ოქტ, 19, 2017
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა