Forbes: ბიზნესისთვის საუკეთესო ქვეყნების სიაში საქართველო 44-ე ადგილზეა

Forbes: ბიზნესისთვის საუკეთესო ქვეყნების სიაში საქართველო 44-ე ადგილზეა

Forbes-ი ბიზნესისთვის საუკეთესო ქვეყნების ყოველწლიურ რეიტინგს აქვეყნებს.

წინა წელთან შედარებით, საქართველოს პოზიცია 8 ადგილით გაუმჯობესდა და 161 ქვეყანას შორის 44-ე ადგილი დაიკავა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკის მთავარი აქტივობა სოფლის მეურნეობის პროდუქტების, მათ შორის ალკოჰოლური სასმელების წარმოებაა. ამასთან, საქართველოს დახასიათებაში ვკითხულობთ, რომ საქართველო იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანაა, რომელიც თითქმის ყველა პროდუქციას სხვა ქვეყნებისგან იძენს, მათ შორის ბუნებრივ გაზსა და ნავთობს.

“საქართველოს ელექტროენერგიის წარმოების დიდი პოტენციალი აქვს. ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობით, ქვეყანამ მუდმივი ენერგო-დეფიციტი აღმოფხვრა. დღეს საქართველო ბუნებრივი აირის იმპორტის კუთხით აზერბაიჯანზეა დამოკიდებული, ნაცვლად რუსეთისა. საქართველოს სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა აქვს, ისეთი პროექტები კი როგორიცაა მაგალითაც ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ქვეყანას მეტ პოტენციალს სძენს, როგორც სავაჭრო და სატრანსპორტო ჰაბს ევროპასა და აზიას შორის. 2006-07 წლებში, საქართველოს ეკონომიკა თითქმის 10%-ით იზრდებოდა, რაც უმეტესად გაზრდილი უცხოური ინვესტიციების დამსახურება იყო. თუმცა, 2008 წლის აგვისტოს ომისა და გლობალური ეკონომიკური კრიზისის შემდეგ, ქვეყანაში ეკონომიკის ზრდის ტემპი შენელდა. 2010 წლიდან ეკონომიკამ კვლავ ზრდის ტემპი აჩვენა, თუმცა FDI-ის მაჩვენებელი კვლავ არ აღემატება 2008 წლამდე არსებულ ტემპს. საქართველოში კვლავ მაღალია უმუშევრობის დონე. ამჯერად ქვეყანა ეკონომიკური ზრდისთვის ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარებას, რეგულაციების გამარტივებასა და პროფესიული განათლების განვითარებას გეგმავს, რათა მეტი ინვესტიცია მოიზიდოს”, – წერს Forbes.

ამასთან, გამოცემა აღნიშნავს, რომ საქართველოში ისტორიულ პრობლემას წარმოადგენდა გადასახადების მობილიზება. თუმცა 2004 წლიდან განხორციელებული რეფორმების შედეგად, ეს პრობლემა ნელ-ნელა აღმოიფხვრა და გამჭვირვალობის კუთხით საქართველოს მსოფლიო ბანკისგან ერთ-ერთი საუკეთესო შეფასება აქვს.

რაც შეეხება ქართული ოცნების მმართველობის პერიოდს, გამოცემა აღნიშნავს, რომ 2012 წელს ახალმა ხელისუფლებამ გააგრძელა კურსი, რომელიც ქვეყანაში დაბალ გადასახადებს, ნაკლებ რეგულაციებსა და ღია ბაზრის პრინციპს გააძლიერებდა.

Forbes-ის რეიტინგის შედგენისას ერთ-ერთი კრიტერიუმი ქვეყნის სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგებში არსებული პოზიციებია. კერძოდ, საქართველოზე გამოცემას შემდეგი რეიტინგები აქვს მოყვანილი: ვაჭრობის თავისუფლება – მეოთხე ადგილი მსოფლიოში; მონეტარული თავისუფლება – 70-ე ადგილი მსოფლიოში; საკუთრების უფლების დაცვა – 74-ე ადგილი მსოფლიოში; ინოვაციები – 83-ე ადგილი მსოფლიოში; ტექნოლოგიები – 45-ე ადგილი მსოფლიოში; ინვესტორების დაცვა – მეორე ადგილი მსოფლიოში; კორუფცია – 43-ე ადგილი მსოფლიოში; პერსონალური თავისუფლება – 66-ე ადგილი მსოფლიოში; საგადასახადო წნეხი – მე-16-ე ადგილი მსოფლიოში.

წელს Forbes ბიზნესისთვის საუკეთესო ქვეყნად გაერთიანებულ სამეფოს ასახელებს, მას მოსდევს შვედეთი და ჰონგ-კონგი.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პოზიცია წლევანდელ რეიტინგში გაუმჯობესებულია, Forbes საქართველოში ბიზნესის კეთებას უფრო ნეგატიურად აფასებს, ვიდრე ეს მაგალითად მსოფლიო ბანკის Doing Business-ის შემთხვევაშია, რომელშიც საქართველო მეექვსე ადგილს იკავებს. თუმცა, რეიტინგში საქართველო რეგიონის ყველა ქვეყანას უსწრებს: რუსეთი – 55-ე ადგილი, თურქეთი 57-ე ადგილი, აზერბაიჯანი 70-ე ადგილი, უკრაინა 77-ე ადგილი, სომხეთი 81-ე ადგილი, ყაზახეთი 65-ე ადგილი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *