ჯოშუა და სონია როთების კოლექცია მომავალზეა ორიენტირებული

როდესაც ამა წლის იანვარში გაირკვა, რომ ნიუ-იორკის სამხატვრო ფონდ DIA-ს ხელმძღვანელი ფილიპ ვერნიე ჩაანაცვლებდა ჯეფრი დეიჩს ლოს-ანჯელესის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის (MOCA) დირექტორის თანამდებობაზე, ქალაქი დიდმა აჟიოტაჟმა მოიცვა. ვერნიეს ახალ თანამდებობაზე დანიშვნის აღსანიშნავად, ადვოკატმა ჯოშუა როთმა და მისმა მეუღლემ, სონიამ, პატარა წვეულება გამართეს, სადაც დაპატიჟებული იყვნენ როგორც თავად ფილიპ ვერნიე, ასევე მისი მეუღლე – დამოუკიდებელი კურატორი (მუზეუმის ხელმძღვანელი) სილვია ჩივარატატანონდი. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ალექს ისრაელი და სემ დიურანტი, რომელთა ნამუშევრებიც ამშვენებენ ჯოშუა და სონია როთების კოლექციას ჰენკოკ-პარკის სახლში. როთების კოლექცია მათივე თაობის ხელოვანთა ნამუშევრებითაა შევსებული. ჯოშუა როთს სურდა, თავისი წვლილი შეეტანა თანამედროვე ხელოვნების მუზეუმისათვის ახალი ერის დაწყებაში. ჯეფრი დეიჩის დირექტორობის პერიოდში ჯოშუა როთი იყო თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის სამხატვრო კომიტეტის წევრი და 2012 წლის მარტში გამართული საქველმოქმედო აუქციონის თანათავმჯდომარე. “ჯეფრი დეიჩი ჩემი მეგობარი, მასწავლებელი და ის ადამიანია, რომელსაც მე დიდ პატივს ვცემ, – ამბობს ჯოშუა როთი და თან ცდილობს, დიდი სიფრთხილით შეარჩიოს სათანადო სიტყვები. – ფილიპ ვერნიეს დანიშვნა გადამწყვეტ მომენტში მოხდა, რადგანაც დღეს ლოს-ანჯელესის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმს ყველაზე დიდი ფინანსური რესურსი აქვს, ვიდრე ეს ოდესმე ყოფილა. ჩემი მხრივ, მსურს, მონაწილეობა მივიღო მუზეუმის განახლებაში”.

ჯოშუა როთი და ფილიპ ვერნიე იმავე საღამოს დამეგობრდნენ და აპრილის დასაწყისისათვის მათ უკვე ჰქონდათ შემუშავებული გეგმა მუზეუმის ახალი დირექტორთა საბჭოს შექმნის თაობაზე, რომელსაც ეყოლებოდა ე.წ. “მფარველთა” ჯგუფი როთის თავმჯდომარეობით.

“ჩვენ გვსურს, თავი მოვუყაროთ ფილანთროპების მომავალ თაობას – იმ ადამიანებს, რომლებიც ჯერ კიდევ არ არიან მზად მუზეუმის საბჭოს წევრობისთვის”, – განმარტავს ჯოშუა როთი.

ამ საბჭოს წევრებისთვის თავიანთი ვალდებულებების შესრულება არცთუ მარტივი იქნება. ჩვენ ვგეგმავთ, წელიწადში დაახლოებით ექვსიდან რვა სამხატვრო სტუდიას ვეწვიოთ და მუდმივი კოლექციისათვის მხატვრებს თავიანთი ნამუშევრების გაყიდვა ვთხოვოთ, – ამბობს ჯოშუა როთი. – ამავე დროს ჩვენ გვსურს, რომ საბჭოს წევრები აქტიურად ჩაერთონ მუზეუმის პოლიტიკის ისეთ საკითხებში, როგორიც არიც ბიუჯეტის შედგენა, მუზეუმის მნახველთა რაოდენობის განსაზღვრა და საზოგადოებასთან ურთიერთობა. გვინდა, ხალხს დავანახოთ, თუ როგორ იქმნება მდგრადი, სიცოცხლისუნარიანი მუზეუმი”. ჯოშუა როთს გამორჩა იმის ხსენება, რომ კიდევ ერთი და მთავარი მიზანი არის იმ მეცენატთა რიცხვის გაზრდა, რომლებიც ხელმძღვანელ როლებს დაიკავებენ არა მხოლოდ ლოს-ანჯელესის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, არამედ ქალაქის სხვა მუზეუმებშიც.

ერთი შეხედვით ასეთი თამამი ამბიცია შეუსაბამოა ჯოშუა როთის ახალგაზრდა ასაკთან (იგი მხოლოდ 36 წლის გახლავთ) და მის რბილ ხასიათთან, მაგრამ ხელოვნებით მისი გატაცება ცხოვრების ყველა ასპექტს მოიცავს – მის მეგობრებს, მოგზაურობებსა და დაახლოებით 1919 წელს აშენებულ ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარე აღორძინების პერიოდის სახლსაც, რომელიც მან და მისმა მეუღლემ ნაწილობრივ კედლებზე გამოსაფენი სივრცის გამო შეიძინეს. მათი სახლის კედლებზე უხვად არის ძირითადად ახალგაზრდა ლოსანჯელესელი მხატვრების ნამუშევრები, მათ შორის - მარკ ფლადის, ჯეისონ როუდსისა და კაარი აფსონის ნახატები. ასევე ნამუშევრები ისეთი ნაკლებად ცნობილი მხატვრებისა, როგორებიც არიან ნათან ჰილდენი და ლარი ჯონსონი.

ხელოვნებამ ასევე გადამწყვეტი როლი შეასრულა ჯოშუა როთის კარიერის განსაზღვრაში. იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაბარებისას მას თავდაპირველად სასამართლო პროცესებში მონაწილე მხარის წარმოდგენა სურდა (მისი მეუღლე სონია კალიფორნიის შტატის გენპროკურორის მოადგილეა), მაგრამ იგი მალევე მიხვდა, რომ შეეძლო იურიდიული პროფესიისა და თავისი დიდი ხნის გატაცების – ხელოვნების შერწყმა. ამჟამად ჯოში ლოსანჯელესის იურიდიულ ფირმა Glaser Weil-ში წარმართავს ხელოვნებასთან დაკავშირებულ ყველა საქმეს, ადგენს კონტრაქტებს მხატვრებსა და გალერეებს შორის, აწარმოებს მოლაპარაკებებს ლიცენზიებთან დაკავშირებით, აფასებს გალერეების ნასყიდობის ხელშეკრულებებს და ეხმარება კოლექციონერებს თავიანთი ხელოვნების ნიმუშების დაგირავებით კრედიტების აღებაში. მის კლიენტთა შორის არიან: Regan Projects-ი, Andrea Rosen Gallery, Sprüth Makers-ი, Mark Grotjan-ი, Jordan Wolfson-ი, რამდენიმე მსხვილი ბანკი და ხელოვნების საკრეტიდო ბუტიკის სპეციალისტები.

“მე ყოველთვის ვოცნებობდი, რომ მთელი ცხოვრება ხელოვნების ნიმუშებისა და ხელოვანთა გარემოცვაში გამეტარებინა, – ამბობს ჯოში. – მიმაჩნია, რომ გამიმართლა, რადგან შემიძლია მხატვრებს შემოქმედებით პროცესში დავეხმარო. თავის მხრივ, მათაც გაუმართლათ, რადგან ჩემი სახით ჰყავთ ხელოვნებაში კარგად გარკვეული იურისტი”.

ხელოვნებისადმი სიყვარული ჯოშუა როთის ბავშვობაში იღებს სათავეს. მისი მამა – სტივენ როთი ჰოლივუდის კრეატიული სამხატვრო სააგენტოს თანადამფუძნებელი და საერთაშორისო კრეატიული საბჭოს წევრი იყო იმ დრომდე, სანამ ნავთობის მრეწველობის სფეროში დაიწყებდა მოღვაწეობას. ხელოვნების ნიმუშების შეგროვება მან 80-იან წლებში დაიწყო. სტივენ როთი აგრეთვე იყო ლოს-ანჯელესის ხელოვნების მუზეუმისა და თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის საბჭოს წევრი. “თავდაპირველად მამამ ლიხტენშტეინისა და ჰოკნის ტილოების შეძენა დაიწყო, – იხსენებს უმცროსი როთი. – როდესაც მოზარდი ვიყავი, მამას მთელი ოჯახი დავყავდით გალერეებისა და მუზეუმების გახსნაზე. სადილის დროს მამა საუბრობდა ბალდასარსა და რომელიმე სხვა შემოქმედს შორის განსხვავებებზე.

სონიას მშობლები ექიმები იყვნენ და ბავშვობაში მას ხელოვნებასთან ნაკლები შეხება ჰქონდა. “ხელოვნებით ნიუ-იორკში საცხოვრებლად გადასვლის შემდეგ დავინტერესდი. ამ ქალაქში იმდენი გალერეა და მუზეუმია! – ამბობს სონია. – ლოს-ანჯელესიც მშვენიერი ადგილია შემოქმედებისა და მხატვრებისათვის, მაგრამ ამ ქალაქში უფრო რთულია ხელოვნების სფეროში მოღვაწეობა. აქ უფრო მეტად გიხდება ასეთი ადგილების მოძებნა და დიდ მანძილებზე გიწევს გადაადგილება მუზეუმებსა და გალერეებში მოსახვედრად. ამიტომ მართლაც მოწოდებული უნდა იყო ამ საქმისთვის”.

სონია და ჯოშუა ერთმანეთს ლოსანჯელესის ცენტრში მდებარე Loyola-ს იურიდიულ კოლეჯში ჩაბარების პირველივე წელს შეხვდნენ და აქედანვე დაიწყო მათი, როგორც კოლექციონერების, პარტნიორობა. ჯოშუას ახალი შეძენილი ჰქონდა თავისი პირველი ხელოვნების ნიმუში – რაიმონდ პეტიბონის ბეისბოლის თემატიკაზე აკვარელით შესრულებული ნახატი. პეტიბონის მეამბოხე სული და სამხრეთკალიფორნიული ფესვები ახალგაზრდა კოლექციონერისათვის მიმზიდველი აღმოჩნდა. იურიდიულ კოლეჯში სწავლების პერიოდში წყვილი ახერხებდა კლასგარეშე განათლების მიღებასაც. “ჩვენ კვირაში სამჯერ ან ოთხჯერ გვქონდა ლექციები და ღამეებს ვათენებდით მეცადინეობაში, – იხსენებს ჯოშუა. – მაგრამ თითქმის ყოველდღე ჩვენ მივდიოდით ლაშქრობაზე და შემდეგ სამხატვრო გალერეებში”.

“ჩვენ გაგვიმართლა, – ამბობს სონია. – ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდები ვიყავით და ჩვენით ბევრ ფულს ვერ იშოვიდნენ. სამაგიეროდ, ბევრ ისეთ ადამიანს შევხვდით, ვინც მზად იყო, ჩვენთვის დრო დაეთმო”. ჯოშუამ და სონიამ ჩამოთვალეს იმ პერიოდში გაცნობილ ადამიანთა სახელები, რომლებიც დღესდღეობით ლოს-ანჯელესის ყველაზე გავლენიან არტდილერებად არიან მიჩნეული: შონ რეგენი, ტიმ ბლუმი, ჯეფ პოი, რიჩარდ ტელესი და დევიდ კორდანსკი. ეს უკანასკნელი მათ ჯერ კიდევ იმ დროს გაიცნეს, როდესაც მას ჩინურ კვარტალში, ჩუნ-კინგ-როუდზე, პატარა საგამოფენო სივრცე ჰონდა ნაქირავები.

წყვილი მათი თაობის შემოქმედებს დაუახლოვდა. ორივეს კარგად ახსოვს, როგორ შეხვდნენ პირველად სტერლინგ რუბის 2006 წელს მარკ ფოქსის ინტერიერის დიზაინის გამოფენაზე და მისი კოლაჟი შეიძინეს. “მის სტუდიაში ვიზიტმა გასაოცარი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, – ამბობს სონია. – პირველად შევხვდი მხატვარს, რომელმაც ზუსტად იცოდა, რას აკეთებდა. ყველაფერი იყო სრულ ჰარმონიაში, მას ჰქონდა თავისი განსაკუთრებული მიზანი და იდეა. მისი შემოქმედება ძალზე უჩვეულო იყო, რომელიც ან უნდა შეიყვარო, ან შეიძულო. მაგრამ ასეთი იყო მისი მიდგომა”. მის სტუდიაში სტუმრობას მოჰყვა კიდევ ერთი კოლაჟისა და ქანდაკების შეძენა.

მსგავსი რეაქცია ჰქონდათ ჯოშუა და სონია როთებს პოლ მაკკარტისა და აწ გარდაცვლილი მაიკ კელის შემოქმედებასთან გაცნობისას. მიუხედავად იმისა, რომ მაიკ კელი ასაკით გაცილებით უფროსი იყო, მისმა შემოქმედებამ გადამწყვეტი როლი შეასრულა როთების კოლექციაში მოხვედრილი ბევრი მხატვრის შემოქმედებაზე. “მაიკ კელი ყოველთვის იყო ჩვენი უსაყვარლესი მხატვარი იმიტომ, რომ მისი შემოქმედება, ისტორიული თვალსაზრისით, ყოვლისმომცველი იყო, – ამბობს ჯოში. – მიუხედავად იმისა, რომ სტერლინგის ნამუშევრები ძალიან განსხვავდებიან და უფრო პოსტმინიმალისტურ მიმდინარეობას მიეკუთვნებიან, ჩვენ მას მაინც ვუყურებთ როგორც მაიკ კელის შემდგომ თაობას ძირითადად იმიტომ, რომ მისი შემოქმედებაც მულტიდისციპლინურია”.

ჯეისონ როუდსის შემოქმედებაც ასევე ყოვლისმომცველი ხელოვნების სახეობას წარმოადგენდა, განსაკუთრებით მისი ბოლო ლეგენდარული ინსტალაცია Black Pussy Soirée Cabarets-ი. ჯოშუა და სონია ჯერ კიდევ სტუდენტები იყვნენ, როდესაც მათმა ახლად შეძენილმა მეგობარმა ალექს ისრაელმა ჯეისონ როუდსის გამოფენაზე დაპატიჟა. ალექს ისრაელი იმ პერიოდში როუდსის სტუდიაში თანაშემწედ მუშაობდა. “ადამიანების უმეტესობა ხელოვნებას აღიქვამს როგორც რაიმე საგანს, მაგრამ ჯეისონ როუდსის სტუდიაში ყოფნა ვიღაცის ტვინში გასეირნების ტოლფასი იყო, – იხსენებს ჯოშ როთი. – ის იყო სახალისო, უხამსი, აშკარად დაჰკრავდა სექსუალური ელფერი და იქ უხვად იყო როკკულტურის ელემენტები. ათი წლის თავზე ვხვდები, თუ როგორ გაგვიმართლა, რომ იმ სტუდიაში მოვხვდით. ასეთი მოვლენები ყოველდღე როდი ხდება”.

იურიდიული კოლეჯის დამთავრების აღსანიშნავად სონიამ ჯოშუას ნათალ ჰილდენის ორი კოლაჟი აჩუქა, რომლებიც ამჟამად მათი საძინებლის კედლებს ამშვენებს. სხვა ოჯახური მოვლენებისა და დღესასწაულების აღსანიშნავადაც როთები ხელოვნების ნიმუშებს აჩუქებდნენ ერთმანეთს. “მინდა, რომ ხელოვნებისადმი სიყვარული ჩემს შვილებს მემკვიდრეობით გადავცე, – ამბობს ჯოში. – ჩემი ქალიშვილის, ანაბელის პირველი გასეირნება ერთი თვის ასაკში მარგო ლევინის გალერეაში ბალდასარის გახსნაზე წასვლა გახლდათ. მას შემდეგ ანაბელმა ყველა გალერეა მოინახულა. ერთი წლის ასაკში ჩემი ქალიშვილი მოიხიბლა ბრიუს ნაუმანის ნამუშევრით “დამწყებთათვის” და თავადაც შეეცადა ხელების მოძრაობის იმიტაციას”.

მიუხედავად იმისა, რომ ჯოშსა და სონიას ძალზე დატვირთული სამუშაო გრაფიკი და ორი ქალიშვილი ჰყავთ – ოთხი წლის ანაბელი და ერთი წლის კოლეტი – ისინი მაინც ახერხებენ ყოველ კვირას გალერეებში სიარულს, რათა არ ჩამორჩნენ თანამედროვე ხელოვანთა საქმიანობას და აღმოაჩინონ ახალი შემოქმედები. “ზოგიერთ ადამიანს მხოლოდ ის ამოძრავებს, რომ აღმოაჩინოს რაღაც გრანდიოზული, რაც მომავალში დიდ ფულს მოუტანს. მე ეს არ მესმის, – ამბობს ჯოში. – მე მსურს ისეთი ხელოვანის ნამუშევრების შეძენა, როგორიც, მაგალითად, სემ დიურანია. ვცდილობ, რაც შეიძლება ბევრი მისი ნამუშევარი შევიძინო, მჯერა, რომ სემ დიურანი ჭეშმარიტი ხელოვანია”. დიურანის შესრულებული ე.წ. ლაით-ბოქსი, რომელზეც ამოტვიფრულია შემდეგი სიტყვები ‘Tell It Like It Is’ (თქვი როგორც არის) ჯოშუა როთის კაბინეტში ჟან პრუვეს ტახტის ზემოთ არის ჩამოკიდებული.

როთების კოლექცია ხელოვნების უამრავ მიმდინარეობას აერთიანებს. ამ კოლექციაში თქვენ ნახავთ ჟესტების აბსტრაქციას, სრულ გამოსახულებას, სახუმარო და მედიტაციური ხელოვნების ნიმუშებს, და რომელიმე კონკრეტული ნიმუშის განხილვისას ისინი შემოქმედის გადმოსახედიდან საუბრობენ. ახალი ტალანტების აღმოჩენა დიდ სიამოვნებას ანიჭებს ჯოშუასა და სონიას, განსაკუთრებით, თუ მათ მიეცემათ შესაძლებლობა, პირადად შეხვდნენ ხელოვანს და განიხილონ მასთან კონკრეტული ხელოვნების ნიმუშის შექმნის ისტორია. ვიდრე LAXART-ის სამხატვრო გალერეაში თანამედროვე მხატვრის სემ ფოლსის (neo- Earth-ის მიმდინარეობის წარმომადგენელი) გამოფენა გაიმართებოდა, ჯოშუა და სონია როთები მას ორჯერ ეწვივნენ სტუდიაში. პირველად მარტო წავიდნენ, ხოლო მეორედ LACMA-ს თანამედროვე ხელოვნების კურატორ ფრენკლინ სირმანსთან ერთად. “ჩვენ დავათვალიერეთ მისი ნამუშევრების სრული სპექტრი, – ამბობს სონია. – ჩვენ მოვიხიბლეთ მისი თოკით შესრულებული ნახატებით და ძალიან მოგვინდა მათი შეძენა. სემ ფოლსი ტილოზე ათავსებს ფერადი პიგმენტებით გაჟღენთილ თოკს და წვიმის ქვეშ ათავსებს ტილოს. წვიმა თავისით ქმნის ნახატს და როდესაც თოკი შორდება ტილოს, რჩება თოკის არსი. მისი ნამუშევრები ძალიან ლამაზია და ძირითადად თავად მათი შექმნის პროცესზეა ორიენტირებული, საბოლოოდ სონიამ და ჯოშუამ შეიძინეს მისი ერთ-ერთი ე.წ. “ქარის ზარების” ფოტო. როთები გეგმავენ სემ ფოლსის ნამუშევრების შეგროვებას და ელოდებიან, როდის გახდება მისი საუკეთესო ქმნილებები ხელმისაწვდომი.

როთების ბოლოდროინდელი აღმოჩენა კაარი აპსონი გახლავთ. მისი მოხატული, სილიკონით ჩამოსხმული “ლეიბი” როთების მზიან კაბინეტს ფლადის, ისრაელისა და ლუსიენ სმიტის ტილოების გვერდით ამშვენებს. გვერდიგვერდ გამოფენილი განსხვავებული სტილის ნამუშევრები ერთმანეთს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის. მისაღებ ოთახში შესასვლელი ელეგანტური თაღოვანი კარებიდან მოჩანს ჯონას ვუდის ტილო სტილიზებული ყვავილებით, ბუხრის თავს ამშვენებს ჯონსონის ფოტო, მაგიდაზე დგას რუბის მეტალით მოჭიქული კერამიკის სკულპტურა მის მიერვე შესრულებული ფორთოხლის კოლაჟის პირდაპირ. კუთხეში კიდია მაკკარტის ფოტო, რომელზეც ჭუჭყიანი პლუშის დათუნიაა გამოსახული. თითქმის ყველა ფანჯრის ქვეშ იატაკზე და ყველა მაგიდაზე აწყვია ხელოვნების წიგნები და მონოგრაფიები ისეთი შემოქმედების, როგორებიც არიან, მაგალითად, კრისტოფერ ვული და ჯულიან შნაბელი. ჯოში აღიარებს, რომ ესეც მათი ერთ-ერთი ძლიერი გატაცებაა. როთების სახლში ავეჯიც კი ისე არის შერჩეული, რომ იდეალურად ერწყმის ხელოვნების ნიმუშებს და ამავდროულად სიმყუდროვისა დაკომფორტის შეგრძნებას ბადებს. საგულდაგულოდ შერჩეული ეკლექტიკური ნიმუშები თითქმის შეუმჩნევლად ამშვენებს როთების სახლს. მისაღები ოთახი და კაბინეტი ასევე ხელოვნების ნიმუშებითაა გაწყობილი: პიერ ჟანერეს ჩინდიგარჰის ორი სკამით, ბიორგე მოგენსონის დივნით, ჟან როირეს კედლის ბრებით, არნე ჯაკობსენის სანათურით, აფრიკული მაგიდებითა და მე-17 საუკუნის ინგლისური, სიძველისგან შელახული სავარძლით.

სასადილო ოთახში დგას მე-18 საუკუნის ფრანგული ფერმერული სახლის მაგიდა, იმავე პერიოდის ასევე ქანთრი-სტილის ინგლისური სკამები და 2012 წელს ჯოი ბრედლის მიერ შექმნილი ფრესკის ზომის ნახატი, რომელიც აშკარად დომინირებს ოთახში. მის გვერდით კედელზე ასევე კიდია პეტიბონის აკვარელი და სმიტის ე.წ. “ღვეზლის ნახატი” თეთრი თაბაშირის შხეფებით, თითქოს სურათს ხუმრობით ღვეზელი ესროლეს. ფოიეში გაცვეთილ, მაგრამ შთამბეჭდავ მექსიკურ მაგიდაზე ალაგია შიო კუსაკას კერამიკული ჭურჭელი (ზოგიერთი მათგანი კუსაკას მეუღლის, ვუდის მოხატულია). მის ქვეშ კი სიპრიენ გაიანის “ლუკის დასახური”, რომელზეც წერია “City of L.A. Made In India”.

როთების სახლის მეორე სართულზე მდებარე მათ საძინებელში ხელოვნების უფრო ინტიმური ნიმუშები იყრის თავს. შვედური როკოკოსა და გუსტავიანური ავეჯით მოწყობილ საძინებელს ამშვენებს ჰილდენის კოლაჟები და გაილარდის ნახატები. საწოლის თავზე კიდია კლივლენდის ლანდშაფტი, რომელზეც ინდიელების თილისმაა გამოსახული. სტუმრებისათვის განკუთვნილი საძინებელი ერთგვარი საწყობია იმ ხელოვნების ნიმუშების, რომელთათვის გამოსაფენი ადგილი ჯერ არ შეურჩევიათ. აქ ინახება კინორეჟისორ კენეტ ენჯერის ნეონის ქანდაკება, რომელზეც ვარდისფერი ტუჩები წარმოთქვამს სიტყვებს: “Hollywood Babylon”. “ეს ერთადერთი ქანდაკებაა, რომელიც კენეტ ენჯერს ოდესმე შეუქმნია, – ამბობს ჯოშუა როთი. – მის დადგმას ბუხრის თავზე ვაპირებთ. ამ ქანდაკებისთვის ეს იდეალური ადგილი იქნება”.

როთების სახლში, სავარაუდოდ, კიდევ მოხდება ხელოვნების ნიმუშების გადაადგილება მას შემდეგ, რაც ამ ზაფხულს ისინი ექვსი თვით ბრედლის ათხოვებენ მისივე ნახატს რეტროსპექტული გამოფენა Le Consortium-სთვის, რომელიც საფრანგეთის ქალაქ დიჟონში გაიმართება. ჯოშუა როთს მიაჩნია, რომ შემოქმედისათვის მისივე ნამუშევრის დროებით თხოვება ყველა კოლექციონერის ვალდებულებაა. ჯოშუა ასევე ლოს-ანჯელესის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმს (LACMA) დაჰპირდა, რომ თავისი კოლექციიდან რამდენიმე ექსპონატს გადასცემდა საჩუქრად. კერძოდ, ვულის ნახატს სერიიდან, რომელიც 2011 წელს ვენეციის ბიენალეზე იყო წარმოდგენილი, და ანდრეას გურსკის ე.წ. წყლის ფოტოებს. ჯოშუა იმედოვნებს, რომ მისი ნაჩუქარი გურსკის ფოტოები გამოიფინება პიტერ ზუმტორის დიზაინით მოწყობილ მუზეუმის სამედიტაციო ოთახში.

გარდა იმისა, რომ ჯოშუა როთი ერთგული კოლექციონერია და ის დიდ პასუხისმგებლობას გრძნობს ადგილობრივი ხელოვნების ინსტიტუტების მიმართ, იგი ასევე გამოირჩევა გასაოცარი სიკეთით. მისთვის ძვირფასია მამისაგან მემკვიდრეობით გადმოცემული ჭეშმარიტი კოლექციონერის ღირებულებები, რომელთა მიხედვითაც კოლექციონერი ასევე აუცილებლად უნდა იყოს მეცენატი და ხელოვანთა მფარველი. ჯოშუა გეგმავს, რომ ეს ღირებულებები მომავალ თაობებსაც შთაუნერგოს.

მაგრამ ჯოშუა შიშობს, რომ ეს ფასეულობები დროთა განმავლობაში იკარგება. ხელოვნებასა და მხატვრებზე თითქმის ორსაათიანი საუბრის დროს ბუნებით ძალიან მშვიდი, აუღელვებელი ადვოკატი ჯოშუა როთი თავის ემოციებსა და მღელვარებას ვერ მალავდა, როდესაც საუბარი ხელოვნების კონკრეტულ ნიმუშებს ეხებოდა, ისევე როგორც მყიდველები რეაგირებენ იმ მომენტისათვის ძალზე მოთხოვნად სახელებზე, როგორებიც არიან, მაგალითად, ჯეიკობ კესეი და ლუსიენ სმიტი. “საბოლოო ჯამში, ზოგიერთი ამ ახალგაზრდა შემოქმედის კარიერაზე ხელოვნების ბაზარი მნიშვნელოვან და ხშირად ნეგატიურ ზეგავლენას მოახდენს, – წუხილით ამბობს ჯოშუა. – ჯეიკობ კესეის ნამუშევართა მხოლოდ ნაწილი არის მოთხოვნადი ხელოვნების ბაზარზე. დაათვალიერეთ ხავიერ ჰუფკენის ვებგვერდი, სადაც მისი ორი წლის წინ შესრულებული ნამუშევრებია და შემდეგ შეადარეთ ნიუ-იორკში ლიზა სპელმანის გალერეა 303-ში მის მიერვე შესრულებული ნამუშევრების გამოფენას. შეხედეთ მხოლოდ მის ნამუშევრებს და ერთი წუთით დაივიწყეთ, რამდენად გაიყიდა მისი ვერცხლისფერი ნახატები აუქციონზე. იმავეს თქმა შეიძლება 25 წლის შემოქმედ ლუსიენზე, რომელსაც ბევრი საინტერესო იდეა აქვს. ჩვენ ჯერ არ გვინახავს მისი ბევრი გამოფენა და ამიტომ შეფასებების გაკეთება ნაადრევად მიმაჩნია. იგი ყოველდღე მუშაობს თავის სტუდიაში და მე მოუთმენლად ველი, რა მიმართულებას აიღებს მისი შემოქმედება მომდევნო ათი წლის განმავლობაში. მე მხედველობაში არ მივიღებ აუქციონის შედეგებს და ჩემს შეფასებებს მხოლოდ მისი ნამუშევრებიდან გამომდინარე გავაკეთებ”.

სონიამ ხუმრობით აღნიშნა, რომ ჯოშუას გადაწყვეტილებებზე ნამდვილად არ იმოქმედებს კედლებზე დარჩენილი თავისუფალი ადგილი. “ამბობენ, რომ სწორედ ეს განსაზღვრავს ნამდვილ კოლექციონერს. ხომ მართალი ვარ? ჭეშმარიტი კოლექციონერი აგრძელებს ნახატების ყიდვას მაშინაც კი, როდესაც კედლებზე მათი ჩამოსაკიდი ადგილი აღარ აქვს”.

წინა სტატია

სახელმწიფოს მიერ ჯანდაცვაზე გამოყოფილი თანხები არასაკმარისია
01 ივნისი, 2015

შემდეგი სტატია

მაისში ტურისტების რაოდენობა 5.3 პროცენტით გაიზარდა
03 ივნისი, 2015
რომელ ბანკებს აქვთ ყველაზე მეტი “უმოქმედო სესხი”
ახალი ამბები ქართულად | ნოე, 19, 2018
ნავთობის მსოფლიო ფასი 27 პროცენტით შემცირდა
მსოფლიო | ნოე, 14, 2018
10 ქვეყანა, რომლის მოქალაქეებიც საქართველოში ვიზიტისას ყველაზე მეტ ფულს ხარჯავენ
ახალი ამბები ქართულად | დეკ, 05, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა