რა ცვლილებებს ითვალისწინებს „საპენსიო სააგენტოში“ ახალი კანონპროექტი?

რა ცვლილებებს ითვალისწინებს „საპენსიო სააგენტოში“ ახალი კანონპროექტი?

საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ პარლამენტში „საპენსიო სააგენტოს“ მმართველობითი სისტემის ცვლილების შესახებ კანონპროექტი წარადგინა. კანონპროექტის პირველადი ვერსიის თანახმად, საქართველოს მთავრობა საინვესტიციო საბჭოს აუქმებს და სტრუქტურის მმართველობითი რგოლის დანიშვნის საკითხს თავად გადაწყვეტს. ცნობისათვის, „საპენსიო სააგენტოს“ საინვესტიციო საბჭო ოთხი წევრისაგან შედგება, რომელთაც საქართველოს პარლამენტი ნიშნავს. „საპენსიო სააგენტოს“ აქტივების ინვესტირების შესახებ გადაწყვეტილებებს სწორედ საინვესტიციო საბჭო იღებს.

კანონპროექტი „საპენსიო სააგენტოს“ სახელწოდებასაც უცვლის და მას „საპენსიო ფონდად“ მოიხსენიებს. შესაბამისად, განზრახულია საინვესტიციო საბჭოს გაუქმება და მის ნაცვლად 15 წევრისაგან დაკომპლექტებული „საპენსიო ფონდის“ საბჭოს შექმნა, რომელიც მონაწილეობას მიიღებს როგორც „საპენსიო ფონდის“ მართვაში, ისე აქტივების ინვესტირებაში.

ეკონომიკის სამინისტროს მიერ წარდგენილი კანონპროექტი „საპენსიო ფონდის“ საბჭოს 15 წევრის არჩევა-დანიშვნის პროცედურასაც აზუსტებს. კანონპროექტის თანახმად, 15-დან ორ წევრს საქართველოს მთავრობა პირდაპირი დანიშვნის წესით აირჩევს, 13-ის არჩევა კი ღია კონკურსის პრინციპით მოხდება. აღნიშნული 13 წევრის ამრჩევ კომისიაში შემდეგი ინსტიტუტები გაერთიანდებიან: ფინანსთა მინისტრი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ჯანდაცვის მინისტრი, პარლამენტის სამი და ერთიც დამოუკიდებელი წევრი. რა პრინციპით შეირჩევიან პარლამენტის სამი და ერთი  დამოუკიდებელი წევრი, ჯერჯერობით უცნობია.

თავის მხრივ, „საპენსიო ფონდის“ 15-კაციანი საბჭო სამ კომიტეტად დაიყოფა: საინვესტიციო, რისკისა და აუდიტის კომიტეტები.

კანონპროექტის თანახმად, დაგეგმილია საპენსიო აქტივების ინვესტირების მიმართულებების ცვლილებაც. ცვლილება „საპენსიო ფონდისათვის“ აქციებსა და ობლიგაციებში ინვესტირების გარდა, სხვადასხვა პროექტში ინვესტირების შესაძლებლობას ითვალისწინებს. ახალი კანონპროექტი „საპენსიო ფონდს“ შესაძლებლობას აძლევს, სხვადასხვა რისკიანობის მქონე პორტფელის 15%-20%-25% ინფრასტრუქტურული, საინვესტიციო და სხვა სახის პროექტების საკრედიტო დაფინანსებაში მიმართოს. დაბალრისკიანი პორტფელებისათვის ეს წილი – 15%-ს, საშუალორისკიანისთვის – 20%-ს, ხოლო მაღალრისკიანი პორტფელებისათვის 25%-ს წარმოადგენს.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, აღნიშნული გადაწყვეტილება პორტფელების დივერსიფიკაციას ისახავს მიზნად და ეს საპენსიო აქტივების ამონაგების გაზრდას შეუწყობს ხელს.

ცნობისათვის, ამჟამად „საპენსიო სააგენტო“ 1.3 მილიონი მოქალაქის 4.9 მილიარდი ლარის მოცულობის საპენსიო აქტივებს განაგებს.