BENTLEY ნათელ ზოლზე

აღმოჩნდება თუ არა პატივსაცემი ბრიტანული ავტომწარმოებლის აღმასრულებელი დირექტორი მწვერვალზე მეორედ, მამობილ კომპანიაში, Volkswagen-ში გაბატონებული ქაოსის ფონზე?

2012 წელს, როდესაც ბოლოს შევხვდით ვოლფგანგ დიურჰაიმერს, Forbes-მა მას “Volkswagen-ის შემდეგი მეფე” უწოდა - ამომავალი ვარსკვლავი მსოფლიოს სიდიდით მეორე ავტომწარმოებელ კომპანიაში. დიურჰაიმერმა ჯერ VW-ს Porsche-ს კვლევისა და განვითარების განყოფილება აიყვანა წარმოუდგენელ სიმაღლეებზე - მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა Cayenne, შემოსავლის ნამდვილი შადრევანი. შემდეგ, 2010-ში, დიდი რეცესიის შუაგულში, ის Bentley-ში გადაიყვანეს, რათა წინა ორი წლის მანძილზე კატასტროფულად შემცირებული გაყიდვებისა და $400 მილიონზე მეტი დანაკარგების ფონზე ახალი ბიზნესგეგმა დაესახა.

“მე Bentley-ში შესანიშნავ დროს აღმოვჩნდი - როდესაც ნამდვილად შემეძლო ჩემი კვალის დატოვება”, - ამბობს 56 წლის აღმასრულებელი დირექტორი დღევანდელი გადმოსახედიდან. მაშინ დიურჰაიმერი მომავალ ზრდაში დარწმუნებული იყო და საქმეს ამბიციური გეგმებით შეუდგა, რომელთა შორისაც ახალი, ექსტრავაგანტური ფლაგმანი მოდელის, $300,000–იანი Mulsanne-ის შექმნაც იყო. 2011 წელს Bentley უკვე, მართალია ჯერ მცირე, მაგრამ მოგებაზე გავიდა.

ამ დამსახურებისთვის დიურჰაიმერი Audi-ს კვლევისა და განვითარების უფროსად (მარტივად რომ ვთქვათ, მთავარ ინჟინრად) დასახელდა. ამის შემდეგ მისი კარიერა მოულოდნელი მიმართულებით განვითარდა. დიურჰაიმერს იდეური უთანხმოება ჰქონდა Audi-ში მთელი ცხოვრების მანძილზე მომუშავე თანამშრომლებთან. უთანხმოება კიდევ უფრო გაამძაფრა Audi-ს სავაჭრო პრიორიტეტების შეცვლის უარყოფილმა წინადადებამ და, მალევე, დანიშვნიდან ცხრა თვეში, დიურჰაიმერს კომპანიის დატოვება მოუწია. ამას მოჰყვა - რასაც იაპონელები “ფანჯრის სამსახურს უწოდებენ” - მცირე დროის მანძილზე Volkswagen-ის ავტოსპორტის მიმართულების ხელმძღვანელობა, შედეგ კი Bentley-ში დაბრუნება.

ასეთია დღესდღეობით ცხოვრება VW-ში. დიურჰაიმერის თავგადასავალი მხოლოდ მცირე ნაწილია იმ ვაგნერისეული ბეჭდების ციკლისა, რომლის მოქმედებებიც ამჟამად გერმანული ავტომწარმოებლის წიაღში იშლება. დრამის კიდევ ერთი აქტი იყო ენერგიული თავმჯდომარის, ფერდინანდ პიეხის გაძევება მის სავარაუდო მემკვიდრესთან, მარტინ ვინტერკორთან ხმაურიანი დაპირისპირების შემდეგ. მარტში პიეხმა საჯაროდ დაამცირა ვინტერკორნი, განაცხადა რა, რომ ამ უკანასკნელს არა აქვს უნარი გრძელვადიანად გაუძღვეს კომპანიას. საპასუხოდ, ვინტერკორნმა კომპანიაში მყოფი თანამოაზრეების დახმარებით ნამდვილი ვენდეტა გააჩაღა, ავტომწარმოებლის უმაღლეს კომიტეტში მხარდაჭერას მიაღწია და ყოფილი უფროსი კომპანიის კონტროლისთვის სისხლიან ბრძოლაში საბოლოდ დაამარცხა. აპრილის ბოლოსთვის პიეხი უკვე წარსულის ლანდად იყო ქცეული.

 

ეს ყველაფერი კი დიურჰაიმერის ამბავთან გვაბრუნებს. პირველი კვარტალის საოპერაციო მოგების 17%-ით ახტომის მიუხედავად, Volkswagen ჯგუფის გაყიდვებში სტაგნაცია გრძელდება: გაყიდული მანქანების რაოდენობა ამ კვარტალში წინა წელთან შედარებით მხოლოდ 1.8%-ით გაიზარდა, მოგების უდიდესი ნაწილი კი კომპანიამ ხარჯების შემცირების გზით გამოწურა. ვინტერკორნის მცდელობა, აშშ-ის ცხელ ბაზარზე ზრდისთვის მიეღწია (სადაც მანქანების წლევანდელი გაყიდვები, ამ მომენტისთვის, 6%-იან ზრდას აჩვენებს) სრული ჩავარდნით დასრულდა. შარშანდელ 2%-იან ვარდნას წლევანდელ პირველ კვარტალში 1.4%-ით შემცირება მოჰყვა. ამ ფონზე, VW-ის მოგების ცენტრი სულ უფრო ინაცვლებს კომპანიის ძვირი ბრენდების საჯინიბოსკენ, სადაც განსაკუთრებით Audi და Porsche გამოირჩევიან. სათავეში დასარჩენად, ვინტერკორნმა ამ ძლიერი მხარის შენარჩუნება უნდა უზრუნველყოს. დიურჰაიმერისთვის ეს კარგი ამბავია.

მისი ხელმძღვანელობით, Bentley-მ 2014–ში 11,000-ზე მეტი მანქანა გაყიდა, რაც ახალი რეკორდია, და $191 მილიონის მოგება ნახა. მომავალ წელს ის წარმოებაში ჩაუშვებს Bentley-ს პირველ SUV-ს (ე.წ. “ჯიპის” ტიპის მოდელს), Bentayga-ს, რომელიც თავიდან W12 ძრავათი, შემდეგ კი ჰიბრიდული ტრანსმისიებით იქნება აღჭურვილი. “ათწლეულის ბოლოსთვის ჩვენი მოდელების 90%-ს ჰიბრიდული შესაძლებლობები ექნება”, - ამბობს დიურჰაიმერი.

ეს არ იქნება Bentley–ს ერთადერთი ახალი მოდელი. ყველაზე გლამურულთა შორისაა მარტში ჟენევის ავტოშოუზე წარმოდგენილი Bentley EXP 10 Speed 6 - ორადგილიანი ჰიბრიდული კონცეპტუალური მანქანა, რომელსაც სახელი 1920-იანებში ლე-მანის რბოლის მომგები Bentley Speed 6-ის პატივსაცემად დაარქვეს.

მიღწევები Bentley-ში, წარსულში Porsche-ში ნაჩვენებ შედეგთან ერთად, დიურჰაიმერს VW-ის სპორტული და ფუფუნების ოთხივე ბრენდის (Bentley, Bugatti, Lamborghini, Porsche) ხელმძღვანელობის ფავორიტ კანდიდატად აქცევს. ეს ძლევამოსილი ტახტია პოსტპიეხურ ეპოქაში, თუმცა მისსავე სასიკეთოდ, მოდი, ჯერჯერობით არაფრის მეფე არ ვუწოდოთ.

წინა სტატია

იანვარ-მაისში კომერციული ბანკების წმინდა მოგება 35 პროცენტით გაიზარდა
23 ივნისი, 2015

შემდეგი სტატია

ჯანდაცვის პროგრამების ექვსი თვის გეგმა 34.4 მილიონი ლარით გაიზარდა
24 ივნისი, 2015
ისტორიული ალიანსი
კომპანიები | მაი, 21, 2018
სექტორული ალიანსი
ფორბს-მოსაზრება | ივნ, 11, 2018
STARBUCKS საქართველოში შემოდის
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 11, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა