2022 წელს ტურისტებმა მსოფლიო მასშტაბით 1 ტრილიონ დოლარზე მეტი დახარჯეს. პანდემიური 2020-2021 წლების შემდეგ 2022 წელს ტურიზმი დიდწილად აღდგა. ზოგადად, ტურიზმის სექტორი მზარდია, რადგან იზრდება დედამიწაზე მცხოვრები ადამიანების რაოდენობა და შემოსავლები. ტურისტებს ყველაზე მეტად ზღვის სანაპიროები იზიდავთ. ამას ადასტურებს ის ქვეყნები, რომლებსაც დასვენებისთვის კეთილმოწყობილი საზღვაო ან საოკეანო სანაპიროები აქვთ. ტურიზმზე ყველაზე მეტად მცირე კუნძულოვანი ქვეყნებია დამოკიდებული, რაც მათი ეკონომიკების სიმცირით, კლიმატით და ძალიან კარგი სანაპიროებით არის განპირობებული. ტურიზმზე დამოკიდებული ტოპ-10 ქვეყნიდან ექვსი – კუნძულოვანი ქვეყანაა.
ტურიზმზე დამოკიდებულების მაჩვენებელი განსაზღვრული გვაქვს იმის მიხედვით, 2022 წელს რა თანაფარდობა იყო უცხოელი ვიზიტორებისგან მიღებულ თანხას და ქვეყნის ეკონომიკას (მშპ) შორის. ტოპ-10-ში ვერ მოხვდა საქართველო, რადგან ამ მაჩვენებლით ის მე-11 ადგილზეა მსოფლიოში. 2022 წელს საქართველოში 3.7 მილიონი ვიზიტორი ჩამოვიდა, რომლებმაც ჯამში 3.5 მილიარდი დოლარი დახარჯეს. 3.5 მილიარდი დოლარი საქართველოს ეკონომიკის 14.3% იყო. ტოპ-10 ქვეყანაში ეს მაჩვენებელი 14.3%-ზე მაღალია.
ტურისტების დანახარჯების მონაცემებს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია (UNWTO) აქვეყნებს, რომელსაც 2018 წლიდან საქართველოს ყოფილი ეკონომიკის მინისტრი ზურაბ პოლოლიკაშვილი ხელმძღვანელობს.
10. ფიჯი
მოსახლეობა: 926 ათასი
მშპ: 4.8 მილიარდი დოლარი
ტერიტორია: 18,274 კმ²
2022 წელს უცხოელი ვიზიტორებისგან მიღებული შემოსავალი ფიჯის მშპ-ის მიმართ 14.33% იყო. გასულ წელს ფიჯიში 636 ათასმა ადამიანმა იმოგზაურა, რომლებმაც ჯამში 700 მილიონი დოლარი დახარჯეს. ერთმა ვიზიტორმა საშუალოდ 1,100 დოლარი დახარჯა.
ფიჯი პატარა კუნძულოვანი ქვეყანაა წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთში. ის ამავე დასახელების არქიპელაგზე მდებარეობს, რომელიც 330 კუნძულისგან შედგება. ფიჯიში ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავალი 14,000 (PPP) დოლარია. ფიჯი დაბალშემოსავლიანი ქვეყანაა. ის 1970 წლიდან დამოუკიდებელი სახელმწიფოა, მანამდე დიდი ბრიტანეთის კოლონია იყო. ფიჯიში ტურისტებს ძირითადად ოკეანის საოცარი სანაპირო იზიდავთ, თეთრი ქვიშით, პალმებით და ძალიან სუფთა წყლით. ასევე საინტერესოა ტროპიკული ტყეები და სოფლები მრგვალი ქოხებით, დღესასწაულები და ტრადიციები. ფიჯიში ტროპიკული კლიმატია, ყველაზე ცივ პერიოდშიც კი ტემპერატურა საშუალოდ 22 გრადუსია, თუმცა ხშირია წვიმები.
9. ალბანეთი
მოსახლეობა: 2.8 მილიონი
მშპ: 18.5 მილიარდი დოლარი
ტერიტორია: 28,748 კმ²
2022 წელს უცხოელი ვიზიტორებისგან მიღებული შემოსავალი ალბანეთის მშპ-ის მიმართ 16.2% იყო. გასულ წელს ალბანეთში 6.7 მილიონმა ადამიანმა იმოგზაურა, რომლებმაც ჯამში 3 მილიარდი დოლარი დახარჯეს. ერთმა ვიზიტორმა საშუალოდ 440 დოლარი დახარჯა.
ალბანეთი ბალკანეთის ნახევარკუნძულის დასავლეთით, ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე მდებარეობს. ერთ მოსახლეზე შემოსავალი 17,800 (PPP) დოლარია. მასზე დაბალშემოსავლიანი ევროპაში მხოლოდ კოსოვოა. ალბანეთში ტურისტებს ძირითადად ზღვის სანაპირო იზიდავთ თეთრი ქვიშით და სუფთა წყლით. ასევე საინტერესოა ალბანეთის ისტორიული და არქეოლოგიური ძეგლები. პოპულარულია სამედიცინო ტურიზმიც. ალბანეთის სამი ქალაქი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სამი ძეგლია, ესენია: ბუტრინტი (ძველბერძნული ქალაქი), გიროკასტრა (შუა საუკუნეების ოსმალური ქალაქი) და ბერატი (ე.წ. „ათას ერთი ფანჯრის ქალაქი“).
8. მონტენეგრო
მოსახლეობა: 602 ათასი
მშპ: 6.1 მილიარდი დოლარი
ტერიტორია: 13,812 კმ²
2022 წელს უცხოელი ვიზიტორებისგან მიღებული შემოსავალი მონტენეგროს მშპ-ის მიმართ 18.2% იყო. გასულ წელს მონტენეგროში 2 მილიონმა ადამიანმა იმოგზაურა, რომლებმაც ჯამში 1.1 მილიარდი დოლარი დახარჯეს. ერთმა ვიზიტორმა საშუალოდ 550 დოლარი დახარჯა.
მონტენეგრო ბალკანეთის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთით, ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე მდებარეობს. ერთ მოსახლეზე შემოსავალი 29,000 (PPP) დოლარია, ანუ საშუალოზე მაღალშემოსავლიანი ქვეყანაა. მონტენეგროში ტურისტებს ძირითადად ზღვის სანაპირო იზიდავთ, რომელიც მთების კალთების გაგრძელებაა. მონტენეგროს ადრიატიკის ზღვასთან 296-კილომეტრიანი სანაპირო ზოლი აქვს, სადაც კარგად შემონახული ძველი ქალაქებია განლაგებული. ქვეყანა გამორჩეულია ისტორიული ძეგლებითა და არქიტექტურით. ყველაზე პოპულარული მე15 საუკუნეში აგებული ზღვაში შეჭრილი დასახლება სვეტი-სტეფანია.
7. ბარბადოსი
მოსახლეობა: 268 ათასი
მშპ: 5.7 მილიარდი დოლარი
ტერიტორია: 439 კმ²
2022 წელს უცხოელი ვიზიტორებისგან მიღებული შემოსავალი ბარბადოსის მშპ-ის მიმართ 16.4% იყო. გასულ წელს ბარბადოსზე 443 ათასმა ადამიანმა იმოგზაურა, რომლებმაც ჯამში 929 მილიონი დოლარი დახარჯეს. ერთმა ვიზიტორმა საშუალოდ 2,100 დოლარი დახარჯა.
ბარბადოსი კარიბის ზღვის კუნძულზე მდებარეობს ვენესუელის ჩრდილოეთით. ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავალი 18,000 (PPP) დოლარია, რაც ნიშნავს, რომ საშუალოზე დაბალშემოსავლიანი ქვეყანაა. ბარბადოსი 1958 წლიდან არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, მანამდე დიდი ბრიტანეთის კოლონია იყო. ოფიციალური სახელმწიფო ენა ინგლისურია. ბარბადოსზე ივნისიდან დეკემბრის ჩათვლით ხშირია ძლიერი წვიმები და ქვეყანა ამ პერიოდში ტურისტებს ვერ იზიდავს, მაგრამ იანვრიდან მაისამდე პირიქით, მშრალი პერიოდია და იდეალური გარემოა საზღვაო ტურიზმისთვის. კარიბის ზღვაში ბარბადოსი, თეთრი ქვიშით და მწვანე ზღვით, საუკეთესო დასასვენებელ ადგილად ითვლება.
6. ხორვატია
მოსახლეობა: 3.9 მილიონი
მშპ: 71 მილიარდი დოლარი
ტერიტორია: 56,594 კმ²
2022 წელს უცხოელი ვიზიტორებისგან მიღებული შემოსავალი ხორვატიის მშპ-ის მიმართ 18.9% იყო. გასულ წელს ხორვატიაში 15.3 მილიონმა ადამიანმა იმოგზაურა, რომლებმაც ჯამში 13.5 მილიარდი დოლარი დახარჯეს. ერთმა ვიზიტორმა საშუალოდ 900 დოლარი დახარჯა.
ხორვატია ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარეობს, ადრიატიკის ზღვასთან 1,800 კილომეტრამდე სანაპირო ზოლი აქვს. ის ბოლო ქვეყანაა, რომელიც ევროკავშირს შეუერთდა 2013 წელს. ერთ მოსახლეზე შემოსავალი 42,500 (PPP) დოლარია, ანუ მდიდარი ქვეყანაა. შემოსავლით ახლოსაა უნგრეთთან და პორტუგალიასთან. ხორვატიაში ტურისტებს ძირითადად ზღვის სანაპირო იზიდავთ, რომელიც, ისევე როგორც მონტენეგროში, მთების კალთების გაგრძელებაა. ხორვატიაც გამორჩეულია ისტორიული ძეგლებითა და არქიტექტურით. ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილი ძველი ქალაქი დუბროვნიკია, რომელიც იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია. დუბროვნიკში არის გადაღებული პოპულარული სერიალის „სამეფო კარის თამაშების“ გარკვეული ეპიზოდები, რამაც ტურისტებისთვის ის კიდევ უფრო მიმზიდველ ქალაქად აქცია.
5. ბელიზი
მოსახლეობა: 441 ათასი
მშპ: 3 მილიარდი დოლარი
ტერიტორია: 22,966 კმ²
2022 წელს უცხოელი ვიზიტორებისგან მიღებული შემოსავალი ბელიზის მშპ-ის მიმართ 20.3% იყო. გასულ წელს ბელიზში 371 ათასმა ადამიანმა იმოგზაურა, რომლებმაც ჯამში 600 მილიონი დოლარი დახარჯეს. ერთმა ვიზიტორმა საშუალოდ 1,620 დოლარი დახარჯა.
ბელიზი კარიბის ზღვის სანაპიროზე, მექსიკის სამხრეთით მდებარეობს. ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავალი 9,600 (PPP) დოლარია, ღარიბი ქვეყანაა. ბელიზი 1981 წლიდან არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, მანამდე დიდი ბრიტანეთის კოლონია იყო. ვერ ვიტყვით, რომ ბელიზში ბევრი ტურისტი ჩადის, მის ეკონომიკაში ტურიზმის მაღალი წილი ეკონომიკის მცირე ზომით და სხვა დარგების განუვითარებლობით არის განპირობებული. ტურისტებს ძირითადად ზღვის სანაპირო, მაიას ტომის უძველესი ტაძრები და ცნობილი „ცისფერი ხვრელი“ იზიდავთ. ბელიზში საშუალო ტემპერატურა მთელი წლის განმავლობაში 24-28 გრადუსს შორის მერყეობს.
4. იამაიკა
მოსახლეობა: 2.8 მილიონი
მშპ: 16 მილიარდი დოლარი
ტერიტორია: 10,991 კმ²
2022 წელს უცხოელი ვიზიტორებისგან მიღებული შემოსავალი იამაიკის მშპ-ის მიმართ 23.1% იყო. გასულ წელს იამაიკაში 2.5 მილიონმა ადამიანმა იმოგზაურა, რომლებმაც ჯამში 3.7 მილიარდი დოლარი დახარჯეს. ერთმა ვიზიტორმა საშუალოდ 1,500 დოლარი დახარჯა.
იამაიკა კუნძულოვანი ქვეყანაა კარიბის ზღვაში, კუბასთან ახლოს. ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავალი 12,000 (PPP) დოლარია, ანუ ღარიბი ქვეყანაა. ბელიზი 1962 წლიდან არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, მანამდე დიდი ბრიტანეთის კოლონია იყო. იამაიკა რომ ტურისტებს იზიდავს, ეს გამჭვირვალე ზღვის, ცხელი მზისა და თეთრი ქვიშის დამსახურებაა. იამაიკაში წელიწადში 10 თვე ზღვის სეზონია. სანაპიროს გარდა, საუკეთესო სანახავი ადგილები კანიონები, ჩანჩქერები და ტყეებია.
3. სეიშელის კუნძულები
მოსახლეობა: 100 ათასი
მშპ: 1.9 მილიარდი დოლარი
ტერიტორია: 457 კმ²
2022 წელს უცხოელი ვიზიტორებისგან მიღებული შემოსავალი სეიშელის მშპ-ის მიმართ 48.4% იყო. გასულ წელს სეიშელის კუნძულებზე 332 ათასმა ადამიანმა იმოგზაურა, რომლებმაც ჯამში 932 მილიონი დოლარი დახარჯეს. ერთმა ვიზიტორმა საშუალოდ 2,800 დოლარი დახარჯა.
სეიშელის კუნძულები ინდოეთის ოკეანეში მდებარეობს, კუნძულ მადაგასკარის ჩრდილოეთით. ქვეყანა 100-ზე მეტი მცირე კუნძულისგან შედგება, რომელთაგან 33 დასახლებულია. ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავალი 40,000 (PPP) დოლარია, რაც ნიშნავს, რომ მდიდარი ქვეყანაა, დაახლოებით საბერძნეთის დონეზეა. სეიშელი 1976 წლიდან არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, მანამდე დიდი ბრიტანეთის კოლონია იყო. ოფიციალური ენები ფრანგული და ინგლისურია. შეიძლება ითქვას, რომ სეიშელის კუნძულებზე სულ ზაფხულია, ტემპერატურა 24-30 გრადუსს შორის მერყეობს. სეიშელის სანაპიროებზე ყველაფერია, რაც იდეალურ საზღვაო ტურიზმს სჭირდება.
2. ანტიგუა და ბარბუდა
მოსახლეობა: 101 ათასი
მშპ: 1.7 მილიარდი დოლარი
ტერიტორია: 440 კმ²
2022 წელს უცხოელი ვიზიტორებისგან მიღებული შემოსავალი ანტიგუას და ბარბუდას მშპ-ის მიმართ 55% იყო. გასულ წელს ანტიგუა და ბარბუდაზე 265 ათასმა ადამიანმა იმოგზაურა, რომლებმაც ჯამში 921 მილიონი დოლარი დახარჯეს. ერთმა ვიზიტორმა საშუალოდ 3,500 დოლარი დახარჯა.
ანტიგუა და ბარბუდა კარიბის ზღვის ორ კუნძულზე – ანტიგუასა და ბარბუდაზე მდებარეობს. ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავალი 31,000 (PPP) დოლარია, ანუ საშუალოზე მაღალშემოსავლიანი ქვეყანაა. ანტიგუა და ბარბუდა 1981 წლიდან არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, 1958 წლამდე დიდი ბრიტანეთის კოლონია იყო, ხოლო 1958-1981 წლებში ვესტ-ინდოეთის ფედერაციაში შედიოდა. ოფიციალური სახელმწიფო ენა ინგლისურია. ქვეყნის ეკონომიკის ნახევარი ტურიზმზე მოდის, რაც ძირითადად ზღვის სანაპიროებს უკავშირდება. ქვეყანაში როგორც საშუალო ფასის, ისე ძვირი დასასვენებელი ადგილებია მოწყობილი. ზღვის სეზონი 6-7 თვეს გრძელდება. ქვეყნის ტერიტორიის უმეტესი ნაწილი ეროვნული პარკია.
1. მალდივის კუნძულები
მოსახლეობა: 515 ათასი
მშპ: 6.2 მილიარდი დოლარი
ტერიტორია: 300 კმ²
2022 წელს უცხოელი ვიზიტორებისგან მიღებული შემოსავალი მალდივის მშპ-ის მიმართ 68% იყო. გასულ წელს მალდივის კუნძულებზე 1.7 მილიონმა ადამიანმა იმოგზაურა, რომლებმაც ჯამში 4.2 მილიონი დოლარი დახარჯეს. ერთმა ვიზიტორმა საშუალოდ 2,500 დოლარი დახარჯა.
მალდივის კუნძულები ინდოეთის ოკეანეში, ინდოსტანის ნახევარკუნძულის სამხრეთით მდებარეობს. მალდივების არქიპელაგი 1,190 მცირე კუნძულისგან შედგება, საიდანაც 220-ია დასახლებული. ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავალი 36,400 (PPP) დოლარია, მდიდარი ქვეყანაა. მალდივები 1965 წლიდან არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, მანამდე დიდი ბრიტანეთის კოლონია იყო. ტემპერატურა მთელი წლის განმავლობაში 25-32 გრადუსს შორის მერყეობს. აქ ყოველთვის საზღვაო სეზონია, თუმცა დასვენება ძვირი ჯდება. მაგალითად, არის სასტუმროები, სადაც ერთი დღე-ღამის გატარება 5,000 დოლარზე მეტი ღირს.