$115-მილიარდიანი ღირებულებით, Revolut-ი ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკი ხდება

$115-მილიარდიანი ღირებულებით, Revolut-ი ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკი ხდება

ფოტო: Reuters

 

Revolut-ი ევროპის ყველაზე ძვირადღირებული სტარტაპია, რომელიც საუკუნოვანი ისტორიის მქონე ბანკებისთვის სერიოზულ კონკურენტად იქცა. კომპანია სწრაფად გაიზარდა მას შემდეგ, რაც 11 წლის წინ ფინტექ-სტარტაპად ჩამოყალიბდა და მომხმარებელს ვალუტის გადაცვლის უფრო დაბალ საკომისიოებს დაჰპირდა.

მიუხედავად იმისა, რომ Revolut-ი თითოეული მომხმარებლისგან მიღებული შემოსავლით ბაზარზე დამკვიდრებულ კონკურენტებს მნიშვნელოვნად ჩამორჩება და საკრედიტო მიმართულება ინდუსტრიის სტანდარტებთან შედარებით მცირე მასშტაბისაა, ის ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ბანკია კონტინენტზე. Revolut-ს დივერსიფიცირებული ბიზნესმოდელი აქვს და შემოსავალს არა დაკრედიტებით, არამედ სხვადასხვა პროდუქტისა და მომსახურების მეშვეობით იღებს.

კომპანიის გენერალური დირექტორის, ნიკ სტორონსკის თქმით, სურს, Revolut-ი ჭეშმარიტად გლობალურ კომპანიად იქცეს და საქმიანობა მექსიკიდან ავსტრალიამდე არსებულ ბაზრებზე გააფართოოს.

ბოლო კვირების განმავლობაში კომპანიამ რამდენიმე ახალი ლიცენზიის მიღების შესახებ განაცხადა. Revolut-ის მიზანია, გახდეს ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან ბანკთაგანი, რომელთა საცალო საბანკო მომსახურება მსოფლიოს უმეტეს ნაწილს მოიცავს. ამავდროულად, ზოგიერთი ტრადიციული ბანკი, რომლებიც გლობალურ მოთამაშეებად მიიჩნევიან, მათ შორის HSBC, საცალო საბანკო მომსახურების არეალს ავიწროებს.

$115 მილიარდის ღირებულების Revolut-ი დღეს უფრო ძვირად ფასდება, ვიდრე ბრიტანული Barclays-ი და ფრანგული Societe Generale-ი. ინვესტორები იმედოვნებენ, რომ კომპანიის ტექნოლოგიური პლატფორმა გლობალური მასშტაბით კიდევ უფრო მეტ მომხმარებელს მოიზიდავს.

შარშან Revolut-ის მოგებამ გადასახადებამდე $2.2 მილიარდი შეადგინა, რაც Barclays-ის $11.9-მილიარდიან მაჩვენებელთან შედარებით მცირეა, თუმცა კომპანია ზრდის სწრაფ ტემპს ინარჩუნებს.

კომპანიის ზრდის თვალსაჩინო მაჩვენებელი მომხმარებელთა რაოდენობაა. მაგალითად, ირლანდიაში Revolut-ის მონაცემებით, ზრდასრული მოსახლეობის 80%-ს ამ ბანკში ანგარიში აქვს გახსნილი. Revolut-ის ვებგვერდზე კი მითითებულია, რომ კომპანიას 80 მილიონი მომხმარებელი ჰყავს, მაშინ როდესაც JPMorgan-ის მომხმარებელთა რაოდენობა 84 მილიონი, ხოლო HSBC-ის – 41 მილიონია.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.