საკრედიტო ბარათების გიგანტმა, Visa-მ გადახდების ინფრასტრუქტურის ბრაზილიური სტარტაპი Pismo $1 მილიარდად შეიძინა. 2016 წელს დაარსებულმა ფინტექ-კომპანიამ მსხვილი პარტნიორების დაინტერესება მალევე შეძლო. ამ დრომდე Pismo ისეთ კომპანიებთან თანამშრომლობდა, როგორიცაა: Citi, Itau, Revolut-ი, N26, Nubank-ი და Cora.
სტარტაპი ყოველწლიურად დაახლოებით $40 მილიარდის ტრანზაქციებს ახორციელებს, 80 მილიონამდე საბანკო ანგარიშს უწევს მომსახურებას და 40 მილიონამდე ბარათს ამზადებს.
Pismo ბრაზილიის გარდა ლათინური ამერიკის სხვა რამდენიმე ქვეყანაში, მექსიკასა და ჩილეში, ასევე აშშ-სა და ევროპაშიც ოპერირებს. სტარტაპს მომხმარებლები ინდოეთში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და ავსტრალიაშიც ჰყავს.
Pismo-ს დახმარებით მომხმარებლებს, ანუ ბანკებს ან სხვა ფინანსურ ინსტიტუტებს ბარათებისთვის სხვადასხვა პროდუქტის შექმნა, გადახდების განხორციელება, ციფრული ბანკინგი და ციფრული საფულეების გააქტიურება შეუძლიათ.
Visa-ს მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადებით, Pismo-ს შეძენა კომპანიას შესაძლებლობების ზრდაში დაეხმარება და ტექნოლოგიურ უპირატესობას მოაპოვებინებს. გარდა ამისა, Pismo-ს დახმარებით, Visa გადახდების ახალი საშუალებების ათვისებას უფრო მარტივად შეძლებს.
Visa-ს მიერ Pismo-ს შესყიდვას მარეგულირებლების თანხმობაც ესაჭიროება. ამიტომ შეთანხმება, სავარაუდოდ, წლის ბოლოსთვის დაიხურება. გავრცელებული ინფორმაციით, Pismo საკუთარ მენეჯმენტის გუნდს შეინარჩუნებს.