საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საფინანსო საქმიანობით დაკავებული საწარმოების გამოკვლევის 2020 წლის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევის მიხედვით, გასულ წელს საქართველოში საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებული საწარმოების დეკლარირებულმა შემოსავლებმა 5860,9 მილიონი ლარი შეადგინა.
საინტერესოა, რომ აღნიშნული მოცულობის თანხის 76.6% საპროცენტო და მასთან გათანაბრებულ შემოსავლებზე მოდის, 8.8% საკომისიოებს მიეკუთვნება, ხოლო 14.6% – სხვა სახის შემოსავლებს.
საქსტატის კვლევის მიხედვით, გასული წლის ბოლოსათვის საფინანსო მომსახურებით დაკავებული საწარმოების სალაროებში 2178,0 მილიონი ლარი იყო განთავსებული ნაღდი ფულის სახით. იმავე წლის ბოლოსათვის ფიქსირებული და არაწარმოებული აქტივების საბალანსო ღირებულება კი 1779,2 მილიონ ლარს გაუტოლდა.
კვლევით კიდევ ერთი საინტერესო გარემოება იკვეთება. 2020 წლის ბოლოსათვის ამ ტიპის საწარმოებში დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა 36,0 ათას კაცს შეადგენდა, რომელთა 61.1%-საც ქალები შეადგენდნენ.
კვლევაში ვკითხულობთ, რომ გასულ წელს სადაზღვევო კომპანიებმა პრემიის სახით 620,2 მილიონი ლარი გამოიმუშავეს. აღნიშნული თანხის 40% სამედიცინო დაზღვევაზე მოდის, 16% – ქონების დაზღვევაზე, ხოლო 7.9%-ს სიცოცხლის დაზღვევიდან მიღებული შემოსავლები შეადგენს. სახმელეთო ტრანსპორტის გამოყენებასთან დაკავშირებული სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა ამ თანხის მხოლოდ 6.1%-ს შეადგენს, 28.2% კი სხვა სახის დაზღვევაზე ნაწილდება.
საინტერესო მონაცემია ისიც, რომ იმავე წელს სადაზღვევო კომპანიების ზარალი 378,7 მილიონ ლარს გაუტოლდა, რომლის უდიდესი წილიც, 51.9%, კვლავ ჯანმრთელობის დაზღვევაზე მოდის.