2020 წლის ყველაზე მოგებული და ყველაზე წაგებული მილიარდერები

2020 წლის ყველაზე მოგებული და ყველაზე წაგებული მილიარდერები

2020 რთული წელი იყო ბევრისთვის, ეკონომიკაზე რომ აღარაფერი ვთქვათ კორონავირუსს 1,7 მილიონი ადამიანი შეეწირა. ლოქდაუნების და ეკონომიკური კრიზისის გამო, არაერთი კომპანია გაკოტრდა, და ბიზნესი გაჩერდა. თუმცა, არიან ისეთებიც, რომლებმაც პანდემიით საკმაოდ იხეირა. როგორც ამერიკული Forbes-ი წერს, დედამიწის 2 200-ზე მეტი მილიარდერიდან 60%-ზე მეტი 2020 წელს კიდევ უფრო გამდიდრდა, 36%-ი კი “გაღარიბდა“.

ხუთი ყველაზე წარმატებული მილიარდერის ქონება ჯამში $310.5 მილიარდით გაიზარდა. მათ შორის მოწინავე პოზიციაზეა Tesla-ს და SpaceX-ის დამფუძნებელი ელონ მასკი.

გთავაზობთ 2020 წლის ყველაზე მოგებულ და ყველაზე წაგებულ მილიარდერებს:

მოგებულები

ელონ მასკი

ქვეყანა: აშშ

2020 წელს მიღებული შემოსავალი: $110.3 მლრდ

ქონება ჯამში: $136 მლრდ

2020 წელს მასკი ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა. მისი კომპანია Tesla-ს აქციები რეკორდულად გაიზარდა. გარდა ამისა, SpaceX-ისთვისაც მომგებიანი წელი იყო 2020. მაისში კოსმოსურმა კომპანიამ 2011 წლის შემდეგ ამერიკიდან პირველი მისია გაუშვა ორბიტაზე. ნოემბერში კი NASA-სგან მიიღო ნებართვა, რომ ასტრონავტები გადაიყვანოს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე. Forbes-ის გათვლებით, მასკის წილი SpaceX-ში დაახლოებით $20 მილიარდის ოდენობისაა.

ჯეფ ბეზოსი

ქვეყანა: აშშ

2020 წელს მიღებული შემოსავალი: $67.5 მლრდ

ქონება ჯამში: $182.2 მლრდ

ჯეფ ბეზოსი მსოფლიოში კვლავ ყველაზე მდიდარი ადამიანია. ის Amazon-ში 11.1%-იან წილს ფლობს, კომპანიის საბაზრო ღირებულება კი $1.5 ტრილიონია. მეგა-რითეილერმა პანდემიის პერიოდში უპრეცედენტო მოგება ნახა. ლოქდაუნების გამო, მსოფლიოს მასშტაბით მოსახლეობა ონლაინ ვაჭრობაზე გადავიდა, რის შედეგადაც Amazon-მა საგრძნობლად იხეირა.

ჟონ შანშანი

ქვეყანა: ჩინეთი

2020 წელს მიღებული შემოსავალი: $60.5 მლრდ

ქონება ჯამში: $62.5 მლრდ

შანშანის მიერ დაარსებულმა კომპანია Nongfu Spring-მა პანდემიის შედეგად მნიშვნელოვანი მოგება ნახა. აღნიშნული კომპანია ჩინეთში წყლის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებელია. კომპანიამ აქციების პირველადი საჯარო განთავსება სექტემბერში გამოაცხადა, რის შემდეგაც მისი აქციების ფასი გაორმაგდა. შანშანი ასევე მართავს ვაქცინების მწარმოებელ კომპანია Beijing Wantai Biological Pharmacy-ს, რომელიც ასევე საჯაროდ დალისტული კომპანიაა აპრილის შემდეგ.

დენ გილბერტი

ქვეყანა: აშშ

2020 წელს მიღებული შემოსავალი: $37.1 მლრდ

ქონება ჯამში: $43.9 მლრდ

2020 წლით გილბერტმაც, რომლის კომპანია Quicken Loans წელს საჯაროდ განთავსდა, მნიშვნელოვანი მოგება ნახა. გილბერტი Quicken Loans-ის დედა კომპანია Rocket Companies-ში 95%-ს ფლობს. თავად Rocket Companies-ის საბაზრო ღირებულება კი $41 მილიარდს აჭარბებს. გილბერტი დღეს ექვსჯერ უფრო მდიდარია, ვიდრე 2020 წლის დასაწყისში.

ბერნარ არნო

ქვეყანა: საფრანგეთი

2020 წელს მიღებული შემოსავალი: $35 მლრდ

ქონება ჯამში: $146.3 მლრდ

მიუხედავად იმისა, რომ ფრანგული ძვირადღირებული ბრენდების კონგლომერატი არც ისე სახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდა, არნომ მაინც მოახერხა რომ მისი ქონება დაახლოებით 30%-ით გაეზარდა. არნოს კომპანია LVMH აცხადებს, რომ გაყიდვები საერთო ჯამში შემცირდა, თუმცა, მასში შემავალი ბრენდები Louis Vuitton და Dior-ი საკმაოდ კარგ პოზიციებზე არიან, განსაკუთრებით სამხრეთ კორეასა და ჩინეთში.

წაგებულები

კარლოს სლიმი

ქვეყანა: მექსიკა

2020 წელს დაკარგული ქონება: $5 მლრდ

ქონება ჯამში: $58.2 მლრდ

კარლოს სლიმ ელუ და მისი ოჯახი სატელეკომუნიკაციო კომპანია América Móvil-ს მართავენ. მიუხედავად იმისა, რომ მისი ბიზნესი პანდემიის დროს სტაბილურობას ინარჩუნებდა, სლიმის ქონება მექსიკური პესოს გაუფასურების გამო, მნიშვნელოვნად შემცირდა. ცნობისთვის, ამერიკულ დოლართან მიმართებით პესო მარტის თვეში 26%-ით გაუფასურდა.

შელდონ ადელსონი

ქვეყანა: აშშ

2020 წელს დაკარგული ქონება: $5 მლრდ

ქონება ჯამში: $35.1 მლრდ

სათამაშო ბიზნესისთვისაც რთული აღმოჩნდა 2020 წელი, შედეგად, კაზინოების მაგნატ შელდონ ადელსონის ქონებამ დაიკლო. ადელსონი Las Vegas Sands-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელია. შიდა ტურიზმის დაღმასვლის გამო კი აღნიშნული ბიზნესის შემოსავლებმა 82%-იანი კლება განიცადა. 

სუნ ჰონგბინი

ქვეყანა: ჩინეთი

2020 წელს დაკარგული ქონება: $4.8 მლრდ

ქონება ჯამში: $8.1 მლრდ

2020 წელი ნამდვილად არ ყოფილა კარგი პერიოდი თემატური პარკების ბიზნესისთვის. მსგავსი პარკები მსოფლიოს მასშტაბით თითქმის ყველგან დაიხურა, ან შემცირდა ვიზიტორების რაოდენობა. 11 დეკემბრის მდგომარეობით, Sunac China Holdings-ის აქციები დაახლოებით 40%-ით დაეცა და შედეგად სუნის ქონების მესამედიც თან გაიყოლა.

ჰუი კა იანი

ქვეყანა: ჩინეთი

2020 წელს დაკარგული ქონება: $4.6 მლრდ

ქონება ჯამში: $27.7 მლრდ

ჰუი კა იანი ჩინეთში ერთ-ერთ უმსხვილეს დეველოპერულ კომპანია Evergrande Group-ს ხელმძღვანელობს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, მათ დაახლოებით $128 მილიარდის ოდენობის ვალი აქვთ. მისი დედა კომპანიის აქციები კი წელს 22%-ით შემცირდა.

ჰაროლდ ჰამი

ქვეყანა: აშშ

2020 წელს დაკარგული ქონება: $4.3 მლრდ

ქონება ჯამში: $5.6 მლრდ

ჰამმა, რომელიც ნავთომწარმოებელი კომპანია Continental Resources-ის ხელმძღვანელია, წელს ქონების 43% დაკარგა. მარტში ნავთობბიზნესის დაღმასვლამ ბუნებრივია ჰამის კომპანიაზეც ნეგატიური გავლენა იქონია. საწვავზე მოთხოვნა მთელი მსოფლიოს მასშტაბით შემცირდა, შედეგად Continental Resources-ის აქციები წლის დასაწყისიდან ბოლომდე 43%-ით არის დაცემული.