გასულ კვირას, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გასულ წელს საქართველოში საქონლით საგარეო ვაჭრობის წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, 2021 წელს საქონლით საგარეო ვაჭრობის ბრუნვამ 14.3 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მონაცემებთან შედარებით 25.6%-ით მეტია.
ამ მაჩვენებლიდან 4.2 მილიარდ აშშ დოლარს ექსპორტის მონაცემები შეადგენს, რაც 2020 წელთან შედარებით 27%-ითაა გაზრდილი. იმპორტის მაჩვენებელი კი 10 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს.
საინტერესოა, რომ საქართველოს სავაჭრო ბალანსი 2021 წელს 5.8 მილიარდი აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც საგარეო ვაჭრობის ბრუნვის 40%-ს შეადგენს. ექსპორტში ყველაზე დიდი, 47.6%-იანი წილი დსთ-ის ქვეყნებს უკავიათ, ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე კი თითქმის 17% მოდის. იმპორტის შემთხვევაში დსთ-ის ქვეყნებზე საერთო წილის დაახლოებით 28% მოდის, ევროკავშირის სახელმწიფოებზე კი – 23%-მდე.
საინტერესოა ისიც, რომ 2021 წელს ათი ყველაზე მსხვილი საექსპორტო ქვეყნის წილმა მთლიან ექსპორტში 77.3% შეადგინა, რაც საკმაოდ დიდი მაჩვენებელია და ამ ქვეყნებზე დამოკიდებულების ხარისხს განსაზღვრავს. ყველაზე მსხვილი საექსპორტო სახელმწიფოები კი ჩინეთი, რუსეთი და აზერბაიჯანი არიან.
რაც შეეხება იმპორტიორ სახელმწიფოებს, აქ ყველაზე მსხვილი ქვეყნების სამეულში ჩინეთსა და რუსეთს ადგილი შენარჩუნებული აქვთ. თუმცა პირველ ადგილზე ამ მაჩვენებლით თურქეთი იმყოფება, საიდანაც 2021 წელს ჩვენს ქვეყანაში 1.8 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების საქონელი შემოვიდა.