2022 წელს არაფინანსური კორპორაციების აქტივების მოცულობამ ₾127.1 მილიარდი შეადგინა

2022 წელს არაფინანსური კორპორაციების აქტივების მოცულობამ ₾127.1 მილიარდი შეადგინა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2022 წლის ბოლოსთვის არაფინანსური კორპორაციების ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა. საქსტატის გამოკვლევის შედეგებით, აღნიშნული პერიოდისთვის, არაფინანსური კორპორაციების აქტივების მოცულობამ 127.1 მილიარდი ლარი შეადგინა, საიდანაც უცხოური ვალუტით 4% იყო გამოსახული.

საქსტატის ანგარიშით, 2022 წლისთვის მთლიანი აქტივებიდან ფინანსური აქტივების მოცულობამ 28.1 მილიარდი ლარი შეადგინა. ცნობისთვის, 2021 წელს, ფინანსური აქტივების მოცულობა 24.68 მილიარდ ლარს გაუტოლდა.

გასულ წელს, ფინანსური აქტივების საერთო რაოდენობიდან მოკლევადიანი აქტივების მოცულობა 6.2 მილიარდი ლარი იყო, ხოლო ლიკვიდურობის პროცენტი – 43.3%. რაც შეეხება არაფინანსური კორპორაციების ვალდებულებას, 2022 წლის ბოლოსთვის, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 67.9 მილიარდ ლარს მიაღწია, საიდანაც მოკლევადიანი ვალდებულებები 17.3 მილიარდ ლარს შეადგენდა. ამავე პერიოდისთვის, არაფინანსური კორპორაციების ფინანსურ მაჩვენებელში, კაპიტალისა და რეზერვების მოცულობა 59.2 მილიარდი ლარით განისაზღვრა.

ცნობისთვის, 2022 წლის ბოლოსთვის არსებული მთლიანი ვალდებულებებიდან უცხოური ვალუტით 15.1 მილიარდი ლარი იყო წარმოდგენილი, ხოლო საგარეო ვალმა (არარეზიდენტების მიმართ არსებული ვალი) 10.1 მილიარდი ლარი შეადგინა.

საქსტატის მონაცემებითვე, 2022 წელს არაფინანსური კორპორაციების საპროცენტო ხარჯები 2.4 მილიარდი ლარი იყო. მთლიანმა შემოსავლებმა კი აღნიშნული პერიოდისათვის 19.4 მილიარდი ლარი შეადგინა. ამ თანხის 78% წმინდა საოპერაციო შემოსავლებზე, 5% კი, საპროცენტო შემოსავლებზე მოდიოდა.

რაც შეეხება გასულ წელს ვალის მომსახურებაზე გაწეულ ხარჯებს, აღნიშნული მონაცემები ამ პერიოდისთვის 11.6 მილიარდ ლარს გაუტოლდა. ფიზიკური პირებიდან მიღებული სესხების მიხედვით ვალის მომსახურებამ ₾111.3 მილიონი შეადგინა, ხოლო სხვა არაფინანსური კორპორაციებიდან – 472.5 მილიონი ლარი.