2022 წლის მნიშვნელოვანი ამბები სპორტის სფეროდან

2022 წლის მნიშვნელოვანი ამბები სპორტის სფეროდან

2022 წლის განმავლობაში სპორტის სხვადასხვა სახეობაში არაერთი მნიშვნელოვანი რამ მოხდა. წლის შემაჯამებელ მიმოხილვაში მათ შორის განსაკუთრებით საყურადღებო ამბებს გავიხსენებთ.

ქალთა შორის მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, ეშლი ბარტიმ კარიერა დაასრულა

ავსტრალიელმა ჩოგბურთელმა და ქალთა შორის მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, ეშლი ბარტიმ 25 წლის ასაკში კარიერა დაასრულა. მან განაცხადა, რომ ჩოგბურთის უმაღლეს დონეზე სათამაშოდ აუცილებელი ფიზიკური ძალა და ემოციური სურვილი აღარ ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ ბარტი 121 კვირის განმავლობაში ჩოგბურთელ ქალებს შორის პირველობას არ თმობდა. ავსტრალიელს სამი „დიდი სლემის“ ტიტული აქვს მოგებული: 2019 წელს საფრანგეთის ღია პირველობა, 2021 წელს „უიმბლდონი“ და 2022 წელს ავსტრალიის ღია პირველობა. მის მიერ კორტებზე გამომუშავებული თანხა საერთო ჯამში 23.8 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს.

ფოტო: nytimes.com
ხვიჩა კვარაცხელია იტალიურ „ნაპოლიში“ გადავიდა

1-ელ ივლისს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მოთამაშე, ხვიჩა კვარაცხელია იტალიური „ნაპოლის“ ფეხბურთელი ოფიციალურად გახდა. კლუბმა ქართველ შემტევში 10 მილიონი ევრო გადაიხადა. ხვიჩას იტალიური კარიერა საკმაო წარმატებით წარიმართა, რაზეც მისი საბაზრო ღირებულების ზრდაც მეტყველებს. თუ ტრანსფერის განხორციელებისას ეს მაჩვენებელი 15 მილიონ ევროს შეადგენდა, კვარაცხელიას საბაზრო ფასი ამჟამად 60 მილიონია.

ფოტო: Getty Images
ლონდონის „ჩელსი“ 4.25 მილიარდ გირვანქა სტერლინგად გაიყიდა

ამერიკელმა ბიზნესმენმა, ტოდ ბოლიმ პარტნიორებთან ერთად „ჩელსი“ 4.25 მილიარდ გირვანქა სტერლინგად შეიძინა. კონსორციუმში მის გარდა ბეისბოლის გუნდ LA Dodgers-ის თანამფლობელი მარკ უოლტერი, შვეიცარიელი მილიარდერი ჰანსიორგ ვისი და საინვესტიციო ფირმა Clearlake Capital-ი ერთიანდებიან. „ჩელსის“ ყოფილმა მფლობელმა, რომან აბრამოვიჩმა კლუბის გაყიდვა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო საერთაშორისო საზოგადოებამ ოკუპანტი ქვეყნისთვის სანქციების დაწესება დაიწყო. მალევე, სანქციების გამო აბრამოვიჩს „ჩელსის“ გაყიდვა აეკრძალა და ეს პროცედურა ბრიტანეთის მთავრობამ ითავა.

ფოტო: Alex Brooks
NBA-ის ვარსკვლავი, ლებრონ ჯეიმსი მილიარდერი გახდა

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის, NBA-ის ვარსკვლავი, ლებრონ ჯეიმსი მილიარდერი გახდა. Forbes-ის შეფასებით, მისი ქონება 1 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ მოთამაშე NBA-ის მოქმედ კალათბურთელებს შორის ერთადერთია, ვინც ამერიკული გამოცემის მიერ შედგენილ მილიარდერთა ჩამონათვალში მოხვდა.

ფოტო: Kevork Djansezian/Getty Images
სერენა უილიამსმა საჩოგბურთო კარიერა დაასრულა

„დიდი სლემის“ 23-გზის ჩემპიონმა, სერენა უილიამსმა საჩოგბურთო კარიერა დაასრულა. 41 წლის ლეგენდარულმა ჩოგბურთელმა ბოლო მატჩი US Open-ზე ჩაატარა. სერენა უილიამსის პროფესიონალური საჩოგბურთო კარიერა 27 წელს ითვლის. მის ანგარიშზე 76 – ინდივიდუალური და 23 წყვილთა ჯილდოა. მათ შორის უილიამსს ავსტრალიის ღია პირველობა – 7-ჯერ, „როლან გაროსი“ –  3-ჯერ, „უიმბლდონი“ – 7-ჯერ და აშშ-ის ღია პირველობა 6-ჯერ აქვს მოგებული. მას კარიერის განმავლობაში საპრიზო თანხის სახით 94.6 მილიონ აშშ დოლარზე მეტი აქვს გამომუშავებული. მხოლოდ 2022 წელს სერენამ 99 ათას აშშ დოლარზე მეტის მოგება შეძლო.

ფოტო: CHAZ NIELL/ICON SPORTSWIRE/GETTY IMAGES
გოლფის მოთამაშე ტაიგერ ვუდსი მილიარდერი გახდა

გოლფის ამერიკელი მოთამაშე ტაიგერ ვუდსი მილიარდერი გახდა – ის ისტორიაში მესამე სპორტსმენია, ვინც Forbes-ის მილიარდერთა სიაში მოხვდა. აღსანიშნავია, რომ ვუდსმა ქონების მხოლოდ 10% დააგროვა სპორტული კარიერით, დანარჩენი კი სხვადასხვა კომპანიასთან პარტნიორობის წყალობით, მათ შორის არიან: Gatorade-ი, Monster Energy, TayrolMade-ი, Rolex-ი და Nike-ი. გარდა ამისა, ამერიკელი გოლფერის სახელი ისეთ კომპანიებს უკავშირდება, როგორიცაა გოლფის მოედნების კეთილმოწყობის კომპანია TGR Design-ი, ღონისძიებების მენეჯმენტის კომპანია TGR Live-ი და რესტორანი, The Woods-ი. ამასთანავე, ვუდსი წილებს არაერთ კომპანიაში ფლობს.

ფოტო: Sam Greenwood | Getty Images
კარლოს ალკარასი მსოფლიოს პირველი ჩოგანი გახდა

19 წლის ესპანელმა ჩოგბურთელმა, კარლოს ალკარასმა 2022 წლის US Open-ი მოიგო და ქულების ახალი თანაფარდობით ATP-ის რეიტინგს სათავეში მოექცა. აღსანიშნავია, რომ ის ყველაზე ახალგაზრდა ჩოგბურთელია, ვინც ATP-ის რეიტინგში ლიდერობა შეძლო. ცნობისთვის, კარლოს ალკარასის მიერ კარიერის განმავლობაში მოგებული საპრიზო თანხა საერთო ჯამში 9.1 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს. აქედან მან მხოლოდ 2022 წელს $7.3 მილიონზე მეტი მოიგო.

ფოტო: @atptour – Twitter
როჯერ ფედერერმა საჩოგბურთო კარიერა დაასრულა

41 წლის შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა, როჯერ ფედერერმა კარიერა დაასრულა. მისი უკანასკნელი ტურნირი 2022 წლის შემოდგომაზე ლონდონში გამართული Laver Cup-ი იყო. ფედერერის კარიერის ბოლო რამდენიმე წელი ტრავმებით დატვირთული აღმოჩნდა. მან მუხლზე ორი ოპერაცია გაიკეთა – 2020 წელს და მას შემდეგ, რაც 2021 წლის „უიმბლდონის“ მეოთხედფინალში ჰუბერტ ჰურკაჩთან დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ შვეიცარიელის მიერ კარიერის განმავლობაში მოგებული საპრიზო თანხა საერთო ჯამში 130 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს. ფედერერი ამერიკული Forbes-ის 2022 წლის ტოპ-10 მაღალშემოსავლიანი სპორტსმენის სიაში მოხვდა. გამოცემის რეიტინგში მან $90.7 მილიონით მე-7 ადგილი დაიკავა.

ფოტო: Getty Images
2022 წლის „ოქროს ბურთი“ ქარიმ ბენზემამ მოიგო

საფრანგეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელმა, ქარიმ ბენზემამ 2022 წლის „ოქროს ბურთი“ მოიგო. აღსანიშნავია, რომ ფრანგი ამ ჯილდოს კარიერაში პირველად დაეუფლა. საერთო ჯამში ბენზემას მიერ 2021/22 წლების სეზონში საკლუბო ჩემპიონატებში გატანილი გოლების რაოდენობამ 44 შეადგინა. მან „რეალის“ მიერ ჩემპიონთა ლიგის რიგით მე-14 ტიტულის მოპოვებაში დიდი როლი ითამაშა.

ფოტო: Benoit Tessier/Reuters
ჟერარდ პიკემ პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა დაასრულა

კატალონიის „ბარსელონის“ 35 წლის მცველმა, ჯერარდ პიკემ პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა დაასრულა. მან 6 ნოემბერს Nou Camp-ზე ბოლო შეხვედრა ჩაატარა. პიკემ კარიერის განმავლობაში საერთო ჯამში 667 მატჩში მიიღო მონაწილეობა. აქედან 616 შეხვედრა „ბარსელონის“ მაისურით ითამაშა, 28 – „სარაგოსის“, 23 კი „მანჩესტერ იუნაიტედის“. მის ანგარიშზე სულ 58 გოლია, საიდანაც 53 „ბარსელონისთვის“ გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ჟერარდ პიკეს საბაზრო ღირებულება კარიერის დასრულებისას 3 მილიონ ევროს შეადგენდა. ფეხბურთელი ყველაზე ძვირად, €50 მილიონად 2018 წელს ფასობდა.

ფოტო: JOSEP LAGO/AFP
კრიშტიანუ რონალდუმ „მანჩესტერ იუნაიტედი“ დატოვა

პორტუგალიელმა ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ „მანჩესტერ იუნაიტედი“ დატოვა. რონალდუს „მანჩესტერიდან“ წასვლას წინ საკმაოდ მძიმე პერიოდი უძღოდა, რაც პორტუგალიელ ფეხბურთელსა და კლუბის მთავარ მწვრთნელ ერიკ ტენ ჰაგს, ასევე „წითელი ეშმაკების“ ხელმძღვანელობასთან ურთიერთობის გაფუჭებაში გამოიხატა. შეგახსენებთ, კრიშტიანუ „იუნაიტედს“ „იუვენტუსიდან“ 2021 წლის აგვისტოში შეუერთდა. მანჩესტერელებმა მის სანაცვლოდ 17 მილიონი ევრო გადაიხადეს. რონალდუ „წითელი ეშმაკების“ რიგებში 2003-2009 წლებშიც ირიცხებოდა.

ფოტო: Dan Mullan/Getty Images
არგენტინის ნაკრებმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო

შუა აღმოსავლეთის რეგიონში 2022 წელს ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი პირველად ჩატარდა. ტურნირს კატარმა უმასპინძლა, რისთვისაც ქვეყანამ $220 მილიარდზე მეტი დახარჯა. 2022 წლის მუნდიალის გამარჯვებული არგენტინის ნაკრები გახდა, რომელმაც საფრანგეთს პენალტების სერიაში სძლია და ტიტული მესამედ მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ კატარში გამართული ტურნირი ისტორიაში კიდევ ერთი ფაქტით შევიდა – მუნდიალის არსებობის განმავლობაში პირველად, მამაკაცთა მსოფლიო ჩემპიონატის მატჩი (კოსტა-რიკა – გერმანია) არბიტრი ქალების ჯგუფმა განსაჯა.

ფოტო: AP Photo/Martin Meissner
მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა, პელე 82 წლის ასაკში გარდაიცვალა

29 დეკემბერს, ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი, ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუ, რომელსაც მსოფლიო პელეს სახელით იცნობს, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის ბოლო წლების განმავლობაში მსხვილი ნაწლავის კიბოს დიაგნოზით მკურნალობდა. პელემ ახალგაზრდული საფეხბურთო კარიერა მშობლიური ქვეყნის კლუბ Bauru-ში დაიწყო. ამის შემდეგ კი 1956-1974 წლებში Santos-ის ღირსებას იცავდა, რომლის მაისურითაც 636 მატჩი ითამაშა და 618 გოლის გატანა შეძლო. პელეს საფეხბურთო კარიერის მომდევნო ეტაპი New York Cosmos-ს უკავშირდება. მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ ამ კლუბის ღირსება 64 შეხვედრაში დაიცვა და მისი მაისურით 37 გოლი გაიტანა. ბრაზილიის ნაკრებში პელე 1957-1971 წლებში თამაშობდა. სანაკრებო კარიერაში მის ანგარიშზე 92 მატჩში 77 გოლია. აქვე გეტყვით, რომ პელე ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის სამჯერ მოგება შეძლო – 1958, 1962 და 1970 წელს.

ფოტო: FRANCK FIFE/Getty Images
დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *