კრისტოფერ ნოლანს რაინდის წოდება მიენიჭება

კრისტოფერ ნოლანს რაინდის წოდება მიენიჭება

ბრიტანელი წარმოშობის ამერიკელ რეჟისორ კრისტოფერ ნოლანს, კინოინდუსტრიაში შეტანილი წვლილისთვის, გაერთიანებული სამეფოს რაინდის წოდება მიენიჭება. ნოლანის ბოლო ფილმმა, „ოპენჰაიმერმა“, წლევანდელ „ოსკარის“ დაჯილდოებაზე შვიდ კატეგორიაში – მათ შორის საუკეთესო ფილმი და საუკეთესო რეჟისორი – გაიმარჯვა.

ქალების კატეგორიაში რაინდის ეკვივალენტურ წოდებას მიიღებს ნოლანის მეუღლე და კინოპროდიუსერი ემა თომასი. თომასი ნოლანთან ერთად, ოსკაროსანი ფილმის პროდიუსერია და სცენარის დაწერაშიც იღებდა მონაწილეობას. დაჯილდოებისთვის, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ რიში სუნაკის მიერ წარდგენილ პირებში ასევე შევიდნენ კონსერვატორი პოლიტიკოსები და ტექნოლოგიური ინდუსტრიის ლიდერები.

როგორც ცნობილია, ნოლანთან ერთად, გაერთიანებული სამეფო რაინდის წოდებით Google-ის DeepMind-ის აღმასრულებელ დირექტორ დემის ჰასაბისს და ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიაში მომუშავე სხვა პირებსაც დააჯილდოებს, მათ შორის: AI-საკითხებში ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველ მეთიუ კლიფორდსა და AI Safety Institute-ის თავმჯდომარე იან ჰოგარტს.

რაც შეეხება „ოპენჰაიმერს“, ეს რეალურ ისტორიაზე დაფუძნებული ბიოგრაფიული კინოსურათია ისტორიაში პირველი ატომური ბომბის შექმნის შესახებ. ოსკარების წლევანდელ დაჯილდოებაზე ფილმმა ყველაზე მეტი ჯილდო მოიპოვა, მათ შორის ნომინაციებში: საუკეთესო მხატვრული ფილმი, საუკეთესო რეჟისორი, საუკეთესო მსახიობი მამაკაცი (კილიან მერფი), მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი მამაკაცი (რობერტ დაუნი უმცროსი) და ა.შ.