კომპანიის ისტორიაში პირველად, Netflix-მა „ჩართულობის ანგარიში“ გამოაქვეყნა, რომელიც პლატფორმის 18,000-მდე ფილმსა და ტელეშოუს აერთიანებს. ამერიკული სტრიმინგ-სერვისი სამომავლოდ ანგარიშს უკვე წელიწადში ორჯერ გამოაქვეყნებს, რაც მის პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ცვლილებაა. Netflix-ი მაყურებელთა მონაცემებს ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში არ ასაჯაროებდა.
თუმცა ეს მოსალოდნელიც იყო. თავდაპირველად Netflix-მა მონაცემები პლატფორმის ყველაზე პოპულარული შოუებისთვის ინდივიდუალურად გამოაქვეყნა, შემდეგ კი ტოპ-10-იც გაასაჯაროვა. აღსანიშნავია, რომ პროდიუსერებისა და მსახიობების ნაწილისთვის ესეც არ აღმოჩნდა საკმარისი, რაზეც Netflix-ის თანააღმასრულებელმა დირექტორმა ტედ სარანდოსმა განაცხადა, რომ გამჭვირვალობის ნაკლებობამ კომპანიის პარტნიორებთან უნდობლობა წარმოქმნა.
Netflix-ზე ყველაზე ნახვადი შოუებიდან ერთის გარდა ყველა სტრიმინგ-სერვისის ორიგინალი კონტენტია. ერთადერთი ლიცენზირებული შოუ, რომელიც ათეულში მოხვდა, „სამხრეთის დედოფლის“ მესამე სეზონია. საერთო ჯამში ლიცენზირებულ კონტენტს ნახვების მონაცემებში 45% უკავია, ორიგინალს შესაბამისად – 55%. ანგარიში პლატფორმის 240 მილიონი გამომწერის მონაცემებზე დაყრდნობითაა შედგენილი, შოუების მიერ დაგროვილი ნახვის საათების მიხედვით.
Netflix-ის ანგარიშით, პლატფორმაზე 4,000-ზე მეტი შოუა, რომელთა ნახვის დროც 100,000 საათი ან მასზე ნაკლებია. ეს კი ნიშნავს, რომ 4,000-ზე მეტ შოუს სტრიმინგ-სერვისზე გლობალურად 100 ათასზე ნაკლები ადამიანი უყურებს – Netflix-ის მომხმარებელთა 0.04%-ზე ნაკლები. Netflix-ის განმარტებით, ამ შოუთა დიდი ნაწილი პლატფორმაზე მხოლოდ რამდენიმე კვირის განმავლობაში იყო ხელმისაწვდომი.
Netflix-ზე 2023 წლის ყველაზე პოპულარული შოუების ათული:
- ღამის აგენტი (სეზონი 1) – 812.1 მილიონი საათი
- ჯინი და ჯორჯია (სეზონი 2) – 665.1 მილიონი საათი
- ტრიუმფი (სეზონი 1) – 622.8 მილიონი საათი
- უენსდეი (სეზონი 1) – 507.7 მილიონი საათი
- დედოფალი შარლოტა: ბრიჯერტონის ამბავი – 503 მილიონი საათი
- შენ (სეზონი 4) – 440.6 მილიონი საათი
- სამხრეთის დედოფალი (სეზონი 3) – 429.6 მილიონი საათი
- აუთერ-ბანქსი (სეზონი 3) – 402.5 მილიონი საათი
- ჯინი და ჯორჯია (სეზონი 1) – 302.1 მილიონი საათი
- ფუბარი (სეზონი 1) – 266.2 მილიონი საათი