2024 წლის 9 თვეში საქართველოში ავტომობილების რაოდენობა 4.9%-ით გაიზარდა

2024 წლის 9 თვეში საქართველოში ავტომობილების რაოდენობა 4.9%-ით გაიზარდა

თიბისი კაპიტალმა საქართველოს საავტომობილო ინდუსტრიის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, 2024 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში საქართველოში ავტომობილების რაოდენობა 4.9%-ით გაიზარდა.

ზრდის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი მსუბუქი ავტომობილებია, რომელთა წილი მთლიანი ბაზრის 82.1%-ს შეადგენს. მეორე ყველაზე მსხვილი ჯგუფი კი, 6.7%-იანი წილით, სატვირთოებია.

თიბისი კაპიტალის ანგარიშით ირკვევა, რომ ახალი ავტომობილების რეგისტრაციის მაჩვენებელი 2023 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 6%-ით შემცირდა, თუმცა 2023 წლის მაღალი მაჩვენებლის გათვალისწინებით, აღნიშნული კლება საგანგაშო არ არის.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების ნახევარზე მეტი 20 ან მეტი წლისაა. თუმცა ასაკობრივი მაჩვენებელი თანდათან იკლებს. ცნობისთვის, საქართველოს ავტოპარკში 11-20 წლის ავტომობილების წილი 30%-ია, 10 წელზე ნაკლები ასაკის ავტომობილების წილი კი 17%-ს შეადგენს.

ანგარიშის თანახმად, 2024 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში რეექსპორტის მაჩვენებელი 11%-ით გაიზარდა. რეექსპორტში ყველაზე დიდი წილი ყირგიზეთს (48%) უკავია, მეორე პოზიციაზე კი 31%-ით ყაზახეთია. ყირგიზეთში ავტომობილების რეექსპორტის მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 98%-ითაა გაზრდილი. რაოდენობრივად, უფრო მეტი ავტომობილი ყაზახეთში რეექსპორტირდა (37,304), თუმცა ღირებულებით პირველ ადგილზე ყირგიზეთია ($838,369).

თიბისი კაპიტალის ანგარიშით ირკვევა, რომ წელს ბაზარზე დომინაცია გერმანულმა ავტომწარმოებელმა Mercedes-მა დაკარგა და ლიდერობა იაპონურმა Toyota-მ მოიპოვა.