ISET Policy Institute-მა მიმდინარე წლის პირველი კვარტალისთვის ქართული ბიზნესის განწყობის ინდექსის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) 0.4 პუნქტით შემცირდა და 17.7-ს გაუტოლდა.
ISET Policy Institute-ის შეფასებით, ბიზნესის განწყობის ყველაზე დიდი გაუარესება ვაჭრობის (-15.1) სექტორში შეინიშნება. „BCI-ის უარყოფითი ცვლილება გაუარესებულმა მიმდინარე მდგომარეობამ და ნაკლებად პოზიტიურმა მოლოდინებმა განაპირობა,“ – განმარტებულია ანგარიშში.
რაც შეეხება მიმდინარე მდგომარეობის ინდექსს, რომელიც კომპანიების მიერ გასული კვარტლის განმავლობაში საკუთარი ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებას ეყრდნობა, 2023 წლის IV კვარტალთან შედარებით, ეს უკანასკნელი 5.0 პუნქტით შემცირდა და 2024 წლის I კვარტლისთვის 18.0-ს გაუტოლდა. ამ შემთხვევაშიც, ყველაზე დიდი გაუარესება ვაჭრობის სექტორშია (-28.6). უარყოფითი მაჩვენებლით მას მრეწველობის (-16.3) სექტორები მოსდევს.
ანგარიშის თანახმად, გაუარესდა ბიზნესის მოლოდინის ინდექსიც, რომელიც გვიჩვენებს, რამდენად ოპტიმისტურადაა განწყობილი ბიზნესსექტორი მომავლის მიმართ. ეს მაჩვენებელი 34.8 პუნქტამდე შემცირდა. 2024 წლის I კვარტლისთვის მოლოდინების მნიშვნელოვანი გაუარესება კვლავ ვაჭრობისა (-23.8) და მრეწველობის (-8.2) სექტორებში დაფიქსირდა.
საპირისპიროდ, მცირედით, 0.8-ით გაიზარდა გასაყიდი ფასების მოლოდინების ინდექსი, რომელმაც 18.4 პუნქტს მიაღწია.