2025 წლიდან ვენეციაში შესვლის საფასური გაიზრდება

2025 წლიდან ვენეციაში შესვლის საფასური გაიზრდება

მიმდინარე წლის აპრილში ტურისტებისთვის ვენეციაში ერთდღიანი სტუმრობის სანაცვლოდ 5-ევროიანი გადასახადი დაწესდა. მიზანი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ქალაქის ხალხმრავლობისგან დაცვა იყო, თუმცა, როგორც ჩანს, ეს ნაბიჯი საკმარისი არ აღმოჩნდა. პრობლემის მოსაგვარებლად კი ადგილობრივ ხელისუფლებას 2025 წლიდან გადასახადის გაზრდა აქვს გადაწყვეტილი.

აღსანიშნავია, რომ საპილოტე საგადასახადო სქემა მხოლოდ 29 დღეს მოქმედებდა. მომდევნო ეტაპზე კონსულტაციების გამართვა იგეგმება, რათა გადაწყდეს, თუ როგორ გაგრძელდება პროექტი მომავალში.

სიმონე ვენტურინიმ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელმა, რომელიც ტურიზმსა და სოციალურ საკითხებზეა პასუხისმგებელი, განაცხადა, რომ პროექტის პირველადი შეფასება დადებითია. მან ასევე დაადასტურა, რომ სისტემა 2025 წელს განახლდება. ვენტურინიმ ისიც აღიარა, რომ ჯერჯერობით ვენეციას კვლავ ბევრი ვიზიტორი ჰყავს, თუმცა ამ პრობლემის მოგვარებას მომავალი წლიდან საგადასახადო სქემაში დღეებისა და გადასახადის გაზრდით შეეცდებიან. მას ზუსტი თანხა არ დაუსახელებია.

ქალაქის ხელისუფლება ცდილობს, ხელი შეუშალოს დღიურ მოგზაურებს, განსაკუთრებით შაბათ-კვირასა და არდადეგებზე, როდესაც ვიზიტორების რაოდენობა ხშირად 100,000-ს აჭარბებს.

ცნობისთვის, ექსპერიმენტის დროს გადასახადის გადახდა არ მოუწიათ სასტუმროს ჯავშნის მქონე ადამიანებს – მათ, ვინც ქალაქში დარჩენას აპირებდა.