პარიზის ოლიმპიადაზე საქართველოსთვის გუშინდელი დღეც უმედლოდ დასრულდა. თავის გამოჩენის შანსი ძიუდოისტებს, ეთერ ლიპარტელიანსა და ლაშა შავდათუაშვილს ჰქონდათ, თუმცა პირველი ბრინჯაოსთვის ბრძოლაში დამარცხდა, მეორემ კი ტურნირის საწყის რაუნდში წააგო.
უმედლო დღის მიუხედავად, გუშინ წარმატებისკენ ერთი ნაბიჯი გადადგა მოკრივე ლაშა გურულმა, რომელმაც მერვედფინალში აზერბაიჯანელი მეტოქე, მალიქ ჰასანოვი დაამარცხა და მედლისთვის ბრძოლას განაგრძობს.
მედლის მოგების შანსი საქართველოს დღესაც ექნება. ჩვენი ქვეყნის სახელით პარიზში ორი ძიუდოისტი იასპარეზებს, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი -81 კილოგრამ წონით კატეგორიაში და ეთერ ასკილაშვილი -63 კილოგრამ წონით კატეგორიაში. ძიუდოში ქალთა და კაცთა შორის შეხვედრები 12:00 საათიდან დაიწყება, ფინალური ეტაპი კი სტარტს 18:00 საათიდან აიღებს.
პარიზის 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადა 26 ივლისს გაიხსნა. საფრანგეთის დედაქალაქი სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებას 11 აგვისტომდე უმასპინძლებს. ოლიმპიადაზე სპორტის სხვადასხვა სახეობაში საქართველოს მთლიანობაში 28 წარმომადგენელი ჰყავს.