ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კორონავრუსის ახალი შტამის დაფიქსირება აფრიკის რეგიონში მეორე ტალღის საფრთხეს ქმნის. ახალი შტამი პირველად სამხრეთ აფრიკაში დაფიქსირდა, სადაც ელოდებიან ინფიცირების შემთხვევების რეკორდულ ზრდას.
როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ამბობენ, ახალი შტამი უკვე დაფიქსირებულია ბოტსვანაში, განაში, კენიაში, ზამბიაში, მაიოტაში და მსოფლიოს დანარჩენი რეგიონების 24 ქვეყანაში. ამასთან WHO-ს ინფორმაციით, ბოლო ერთი თვეა კონტინენტზე კორონავირუსის შემთხვევების 50%-იანი მატება შეინიშნება წინა ოთხ კვირასთან შედარებით. გაზრდილია სიკვდილიანობის მაჩვენებელიც.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია აფრიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებთან ერთად მუშაობს, რათა შექმნან ლაბორატორიები, სადაც მოხდება დაკვირვება. საუბარია კონგოზე, გამბიაზე, განაზე, კენიაზე, ნიგერიაზე, სენეგალზე, სამხრეთ აფრიკასა და უგანდაზე. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ცნობით, თითოეულმა ზემოთ ჩამოთვლილმა ქვეყანამ უნდა გაგზავნოს ლაბორატორიებში მინიმუმ 20 ნიმუში, რაც დაეხმარება ჯანდაცვის მუშაკებს ვირუსის გავრცელების რუკის შექმნასა და მისი პრევენციის გეგმების დასახვაში.