თბილისსა და კრიმინალებზე

თბილისსა და კრიმინალებზე

ახლა იმ დროს აღვწერთ, თბილისში საუკუნის შემდეგაც რომ განმეორდება , როცა სხვისი ქონების უკანონოდ ან მოტყუებით დაუფლება ქალაქის მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის შემოსავლის ძირითად წყაროდ იყო ქცეული.


ავაზაკობდნენ ღამით, საღამოთი, დღისით, შუადღეზედ, მიყრუებულ ქუჩებში, ბაზრებში, მოედნებზე, „გალავინის პროსპექტზე“, ერთის სიტყვით, ყველგან და ყოველთვის… მაშინ ხომ ტფილისის ღამის რაინდები დღისითაც უშიშრად „დანავარდობდნენ“ და იშვიათი გამონაკლისების გარდა, ჭკუასა თუ გამჭრიახობაში კარგა გვარიანად ჯაბნიდნენ იმ დროის პოლიციას, ქალაქში ჩამოსულებსა თუ ადგილობრივებ მცხოვრებლებს.

ამ სტატიაში, ძირითადად, ორი მიმართულებით გავამახვილებთ ყურადღებას. ერთი მხრივ, ძველი თბილისის ქურდებზე, მეორე მხრივ კი – ქალაქში მოსაქმე ფალსიფიკატორებსა თუ თაღლითებზე ვისაუბრებთ. მათი ისტორიები თავისთავად ბევრ რამეზე მეტყველებს.

თხრობა ერთი ისეთი ამბით დავიწყოთ, ლამის ყოველი ფეხის ნაბიჯზე რომ შეგხვდებოდათ მეცხრამეტე საუკუნის ბოლო მეოთხედის თბილისში. ქალაქს ხშირად უნახავს კინტოებისგან მოტყუებული და გაბითურებული ადგილობრივი თუ ჩამოსული. ეს, ყველაფერთან ერთად, იქცა კიდეც ერთ-ერთ მთავარ მიზეზად, რის გამოც კინტოების მიმართ უარყოფითი სტერეოტიპული დამოკიდებულების. აი, ერთი რიგითი მაგალითი მათი „ოსტატობისა“:

წარმოიდგინეთ, ნაბდიანი კინტო სოფლიდან ჩამოსულ გლეხთან მიდის და გადაკრულად უხსნის, რომ შეუძლია ჩოხა იაფად მიჰყიდოს. შეჭირვებული გლეხი ხვდება, რომ საოცნებო ჩოხა, რომელსაც კინტო ნაბდის ქვეშ მალავს და სათუთად უჩვენებს მას, იმაზე ორჯერ და შესაძლოა მეტჯერ ძვირიც ღირდეს, ვიდრე უფასებენ. კინტო არც იმას მალავს, რომ ჩოხა მოპარულია და ფრთხილობს, ამიტომაც, მას შემდეგ რაც ფასზე მორიგდებიან, გლეხს ურჩევს სიფრთხილე გამოიჩინოს, რომ ნაქურდალი არავინ იცნოს.

და აი, გაცდება თუ არა ქალაქს, ბედნიერი გლეხი ბავშვური აღტკინებით გაშლის ნაჭერს, რომელშიც ჩოხაა გახვეული, რათა კიდევ ერთხელ დახედოს და დატკბეს შენაძენით, თუმცა აღმოჩნდება, რომ ჩოხის ნაცვლად კინტოს მასში რაღაც ძველი ჩვრები და ძონძები გაუხვევია.

მსგავს ხრიკებს მიმართავდნენ კინტოები სხვადასხვა ძვირფასი ნივთების გაყიდვისას:

„დადიან ქუჩა-ქუჩა, მკლავზე წითელ ხელსახოც გადაგდებულნი, უჭირავთ ხელში თითო ყვითელი ბეჭედი, ვითომდა ოქროსი და რაც შეუძლიანთ ჰფერავენ ხელსახოცით, გამვლელ-გამომვლელის წინ აგდებენ უეცრად ბეჭედს ძირს და იღებენ ისევ სწრაფად ხელში და თან ხმამაღლა ამბობენ: „შე ოხერო, ძლივს გიპოვნე და ისევ მეკარგებიო“. შემდეგ მიუბრუნდებიან გამვლელს, ან ქუჩის პირად მდგომს და ეუბნებიან: ბეჭედს არ იყიდიო, ვიპოვნეო, ჩემთვის ოქროს ბეჭედი საჭირო არ არის, მე ფული მინდაო და, თუ გინდა, იაფად მოგცემო.“

ამ მეთოდით, არცთუ იშვიათად, კინტოები ახერხებდნენ, რომ უბრალო თითბერის ბეჭედი, რომელსაც პრაქტიკულად არანაირი მატერიალური ღირებულება არ ჰქონდა, კარგა ძვირად გაეყიდათ, მყიდველებს კი, ძვირფას შენაძენს ხელზე რომ წამოიცვამდნენ, კარგა ხანს ეგონათ, რომ ოქროს ბეჭედს ატარებდნენ…

მეტეხის ციხის სამხრეთ კედელი / ეროვნული ფოტომატიანე

ეგ კი არა და, თბილისში ისეთი ხალხიც უხვად მოიძებნებოდა, „რომელნიც წინადაც მჯდარან ციხეში გაიძვერობის გამო“, თუმცა, არც ზნეს იცვლიდნენ, არც ძველ ჩვევას ღალატობდნენ და ყალბი ბეჭდების კეთებას პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგაც აგრძელებდნენ. ორი ასეთი დამნაშავე 1899 წლის ზაფხულის ერთ დღეს, გამთენიისას, სამართალდამცავებს ნაძალადევში დაუპატიმრებიათ, მათი ბინიდან კი ყალბ ბეჭდებზე სინჯის დასასმელი ინსტრუმენტებიც ამოუღიათ.

რასაკვირველია, ძველ თბილისში არა მხოლოდ ყალბ ბეჭდებს, არამედ ყალბ ფულსაც ხშირად ამზადებდნენ. როგორღაც ისე ხდებოდა, რომ სამართალდამცავები „ყალბი ფულის მჭრელებს“ საკმაოდ ხშირად აკავებდნენ. ერთ-ერთი ასეთი დაპატიმრების დროს მთელი ჯგუფი აღმოუჩენიათ, ოსმალურ და ინგლისურ ვერცხლის მონეტებს რომ ჭრიდნენ – „ერთის სახლში უპოვიათ ბლომად მოჭრილი ყალბი ფული. სხვებისაში ქაღალდები, როგორ უნდა მოიჭრას ყალბი ფული. ყველანი მეტეხის საპყრობილეში არიან დაპატიმრებულნი.“

ქალაქში დიდი ტაციაობა ყოფილა ყარაჩოღელთა ვერცხლის ქამრებზეც. ცნობილი ამბავია, რომ ძველად, თბილისში, განსაკუთრებით კი ხელოსნებისა და ვაჭრების წრეებში, ვერცხლის ქამარი გამორჩეულად ფასობდა. ეს ქამრები ყარაჩოღელებისა და კინტოების ჩაცმულობის ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტი იყო. პრაქტიკული მნიშვნელობის გარდა, ამ ვერცხლის ქამრებს საკრალური ფუნქციაც ჰქონდათ, რაც იმაში მდგომარეობდა, რომ მისი პატრონი სამადლოდ დასამარხი არ შექნილიყო და სულ უპატრონოდ დარჩენის შემთხვევაშიც კი, სწორედ მისი ვერცხლის ქამარი აუვიდოდა დაკრძალვისა და გარდაცვლილის სულის მოხსენიების ხარჯებს. ყარაჩოღლურ-კინტოური ვერცხლის ქამრები საკმაოდ ძვირი ღირდა, შესაბამისად, არაა გასაკვირი, რომ თბილისში მათი უკანონოდ მისაკუთრების მსურველები მრავლად იყვნენ.

ძვირფასი, „ცხრა თუმნიანი“ ვერცხლის ქამარი გამხდარა იმის საბაბი, რომ ავაზაკებს ერთი ბაყალი მოეკლათ და ეს ამბავი პირველი როდი ყოფილა ქალაქში: „ბევრს ალაგას დაუხოცამთ ჩვენი ზოგიერთი ქალაქის თავ-მომწონე ყარაჩუხელი ბიჭები ამ ვერცხლისა და ოქროს ქამრის გამო; ამისათვის ურიგო არ იქნება, ამ გარემოებას ყურადღება მიაქციონ და ასეთი ძვირფასი ქამრების ტარება მოიშალონ“.

თბილისში, როგორც კავკასიის ცენტრში, სხვადასხვა გაქანებისა და მასშტაბის კრიმინალები მოქმედებდნენ. კრიმინალური სამყაროს წვრილფეხობასთან ერთად, 1888 წელს ქალაქში დამნაშავეთა ახალი „ამხანაგობა“ ამოქმედებულა, რომლებიც, „უფრო ხელოვნურად ასრულებენ თავიანთს საქმეს და, როგორც ამბობენ, სხვა ჯიბგირებზე მეტს საშოვარს შოულობენ“.

რამდენიმე დასად დაყოფილი რვაკაციანი ჯგუფის წევრები „მშვენივრად, ევროპულად მორთულნი დადიან, რომ იმათზე ეჭვის აღება ძალიან ძნელია, თუ სადმე საქმეზე ვერ დაიჭირეს. დილით საათის ათზედ გაიყოფებიან რამდენსამე დასად და ზოგი სახელმწიფო ბანკში მიდის, ზოგი ხაზინაში და ზოგი კიდევ კერძო ბანკებში. პალტოსა და ქუდს მიაბარებენ შვეიცარს, თითონ-კი შებრძანდებიან და დაიწყებენ დარაჯს, თუ ვინ რას იღებს, ანუ რას აბარებს ბანკში და მიღებულს ფულს სად ჩაიდებენ და როგორ ინახვენ. თუ ვინიცობაა, მიმღებმა ფული ისე შეინახა, რომ ადვილი ამოსაღებია, მაშინ დარდიმანდი ჯიბგირი კვალდაკვალ გამოუდგება და სადაც უფრო მოსახერხებელს ადგილს დაინახავს, იქ ამოაძრობს ჯიბიდგან ფულს და თავისს გზას გაუდგება“.

უფროსების მსგავსად, თბილისს ყმაწვილი-ქურდები და მათი გაერთიანებებიც ახსოვს. ერთ-ერთი ასეთი ჯგუფი, რომელშიც „სულ 8-12 წლისანი იქმნებიან, დილით-საღამომდე დატანტალებენ თურმე და სადაც მეტი რამე მოხვდებოდათ, წუთს აღარ დააყენებდნენ თავის ალაგას. საკვირველად მოხერხებულად მოქმედებდნენ თურმე ბავშვები, დასხდებოდნენ რომელიმე სახლის კარებთან ჯგუფად და უთვალთვალებდნენ შემსვლელ-გამომსვლელთ. ვინც დაინახავდა, მათხოვრები ეგონა და გადაუგდებდა ერთ-ორ გროშს ტანზე შემოძარცულ ტანისამოსიან ბავშვებს…“

ყმაწვილ დამნაშავეებს მეთაურიც ჰყოლიათ, რომელიც საერთო შემოსავლიდან საკუთარი წილის გარდა, დამატებით თანხას რკინეულობის იმ გამყიდველისაგან იღებდა, ვისთანაც მოპარულ ნივთებს აბარებდნენ. ცალკე აღნიშვნის ღირსია ამ უკანასკნელის გაიძვერობა – „150-200 მანეთად ღირებულ ნივთებს – 50 კაპიკად რომ იბარებდა“ მცირეწლოვან დამნაშავეთაგან…

სხვადასხვა მზაკვრულ დანაშაულთან და ავკაცობასთან ერთად, ქალაქში, დღევანდელი გადმოსახედიდან – სრულიად მოულოდნელი, ზოგჯერ კი სულელური „ეკონომიკური დანაშაულიც“ მრავლად ხდებოდა.

ალექსანდრე როინაშვილის ფოტო / ალექსანდრე როინაშვილის ფოტოკოლექცია

მაგალითად, ცოტა რთულად დასაჯერებელია, რომ 1885 წელს, თბილისს წიგნის ქურდი შემოუჩნდა. საქმე ის გახლავთ, რომ ავსტრიის ქვეშევრდომს, წარმომავლობით ჩეხს, ვისთვისაც თბილისის გეოგრაფიის საზოგადოების ბიბლიოთეკა მიუბარებიათ მოსაწესრიგებლად, ძვირფასი და რარიტეტული წიგნები სათითაოდ გაუზიდია და ქაღალდის ფასად გაუყიდია – „ეხლა პოლიცია დადის და აქა-იქა დუქნებში პოულობს წიგნებს“.

ალბათ რთულდ დასაჯერებელია ისიც, რომ 1890-იან წლებში ბერლინიდან გამოქცეული ბანკის პატრონი თბილისს აფარებდა თავს – „მილიონნახევარი მარკა მოუპარავს და გერმანიიდან თბილისში გამოქცეულა. ეს კაცი სამს კვირას თურმე სხვის სახელით სცხოვრობდა ტფილისის ერთს სასტუმროში. ეს ამბავი პოლიციამ შეიტყო და როდესაც მივიდა იმის ნომერში, ნომერი შიგნიდამ დაკეტილი დაუხვდა. პოლიციამ კარი გამოამტვრია და გასინჯა ოთახი, მაგრამ იმ ოთახში გამოქცეულის დამნაშავის სხვა-და-სხვა უვარგის ავეჯის მეტი ვერა იპოვნა-რა“.

მოგვიანებით, გერმანიიდან გამოქცეული ბანკირი – ალფრედი, რომელიც საქართველოში თეოდორ კნაბეს სახელითა და მოწმობით იმალებოდა, პოლიციამ „ნემენცების კოლონიაში“, ეკატერინენფელდში, დღევანდელ ქალაქ ბოლნისში დააკავა.

ასევე, როგორ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, 1878 წლის ერთ მშვენიერ დღეს, ვიღაც დიდ-კაცის სახლიდან ქურდებს „ადუღებული სამოვარი მოუპარავთ და უღმერთოებს ეს პატიოსანი ოჯახის შვილები უჩაიოთ დაუტოვებიათ…“

ამავე წელს, ალექსანდრეს ბაღში დაბანაკებულ ავაზაკებს ექვთიმე ხელაძის სტამბის სარდაფიც გაუტეხავთ, საიდანაც ასევე ორი სამოვარი და არც მეტი, არც ნაკლები – ასოთ-ამწყობთა საცვლებიც მოუპარავთ.

მთაწმინდაზე კიდევ უარესი ამბავი მომხდარა – ერთ-ერთ სახლში შეპარულ ქურდებს მოსაპარი რომ ვერაფერი უნახავთ, ფარდები დაუფხრეწიათ და თეფშები და ჭურჭელი დაუმსხვრევიათ…

ასევე, ხელმრუდი ბიჭი ყოფილა ტფილისის მოქალაქის შვილი, 19 წლის გაბრიელ ზანგოლაძე, ციხიდან ახლადგამოსულს ორი გოჭი და ერთი მამალი რომ მოეპარა და კვლავ „ვირის აბანოში“ ამოეყო თავი.

საგულისხმოა კიდევ ერთი წვრილფეხა თბილისელი ქურდის ამბავი, რომელიც დღისით, მზისით, შესულა ერთი მოქალაქის სახლში, მოზრდილი ხალიჩა გამოუტანია და გზას გადგომია – „თუმცა იქვე ბევრმა დაინახა, რომ ხალიჩა მიჰქონდა, მაგრამ ვერავინ ვერ მიხვდა“.

სხვისი საკუთრების მოყვარულთაგან არც გონებამახვილური, „ახალ-გვარი“ ხერხების გამოყენება იყო იშვიათი:

„ერთს მესაათესთან, რომელსაც კუკიის ხიდზე აქვს დუქანი, მივა ვიღაც ბატონი და აძლევს საათს გასაკეთებლად, თანა სთხოვს, ვიდრე მაგ საათს გამიკეთებდე, სხვა რომელიმე საათი მომეცით, ვიხმაროო. მესაათე მუშტრისგან საათს ღებულობს, თავის საათს აძლევს და თან კვიტანციას, რომელშიაც გამოცხადებულია, შენგან საათი მივიღე გასაკეთებლადაო. ორის დღის უკან საათის მომცემი მოდის და გაკეთებულს საათს თხოულობს და როდესაც მესაათე მინათხოვარს საათსა სთხოვს, სწყინს, თავი შეურაცხ-ყოფილად მიაჩნია: მე საათი აქედან არ წამიღიაო. მესაათე პოლიციაში მივიდა საჩივლელად, მაგრამ აქ უთხრეს სასამართლოში წადიო.“

ასევე, საკვირველი ხელობა ჰქონიათ შემოღებული „ავლაბრის ხიდის ჯიბგირებს“: „ნაშუადღევის ორ საათზედ, როცა ვაჭრებიცა და სხვა მოხელე ხალხიც დასვენებულია, სწორედ იმ დროს, რამდენიმე კაცი მტკვრის ტალღებში ცურვა-ყვინთვით აოცებენ მაყურებელთ, ამ შემთხვევით სარგებლობენ მობანავეების ამხანაგები და ვისაც რა აბადია ჯიბეში, აცლიან“.

“მეტეხის ციხის პატიმრები, 1907 წ. “, გრიგოლ/გრიგორი ბაბალოვის ფოტო / ლუარსაბ ტოგონიძის ფოტოკოლექცია

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ყველაფერთან ერთად, მთელი რიგი მიმართულებებით, ქალაქში ფალსიფიკატორთა სხვადასხვა ჯგუფები მოქმედებდა. ეს ადამიანები აყალბებდნენ ყველაფერს, რაც საჭირო იყო: მიტროფანე ლაღიძის უალკოჰოლო სასმელებს, ბოზარჯიანცის თამბაქოს ფაბრიკის პაპიროსებს თუ თავადი ჭავჭავაძის ბოთლის ღვინოს:

„ქალაქის ბაღოსნობის გამოფენაზე ერთს ქალაქელ ვაჭარს წარუდგენია ბოთლებით ღვინო. ექსპერტებმა ღვინო გასინჯეს და ძლიერ კარგი აღმოჩნდა, მაგრამ მერე გაიგეს, რომ ეს ღვინო იმ ვაჭრის გაკეთებული კი არა ყოფილა, რომელმაც წარადგინა, არამედ თავადი ჭავჭავაძის ღვინო ყოფილა“.

ამასთანავე, იმდროინდელი პრესის ფურცლებზე არცთუ იშვიათად ჩნდებოდა მსგავსი სახის ცნობები კონტრაბანდისტების შესახებ:

„კვირას, პოლიციის მე-6 ნაწილში თურმე სავსე ფურგონმა გამოიარა. პოლიციის მოხელეს დაუყენებია და რაღაცა უკითხავს. პოლიციის მოხელის დანახვისთანავე შიგ მჯდომნი სპარსელნი გადმომხტარან ფურგონიდამ და სადღაც გაქცეულან. პოლიციის მოხელეს რომ უნახავს, უპატრონოდ დასტოვეს ფურგონიო, პოლიციაში წაუყვანია, იქ გაუსინჯავთ და ფურგონში 70 ფუთი ჩაი და კიდევ სხვა საქონელი ყოფილა კონტრაბანდით შემოტანილი. მას შემდეგ თურმე აღარა სჩანან საქონლის პატრონები და საკუთრებას აღარა თხოულობენო“.

რასაკვირველია, ძველი თბილისის კრიმინალურ ქრონიკაზე კიდევ დიდხანს შეიძლება საუბარი, მითუმეტეს, რომ აღნიშნული თემა პრაქტიკულად პირდაპირაა დაკავშირებული ქალაქის ეკონომიკურ ცხოვრებასთან, თუმცა, ქურდობისა და თაღლითობის რამდენი წარმატებული ან წარუმატებელი მაგალითიც არ უნდა მოვიტანოთ, ფაქტი ერთია, პოლიცია უსუსურად გამოიყურებოდა, ვერ ახერხებდა საკუთარი მოვალეობის ჯეროვნად შესრულებას და დიდი ანგარიშით მარცხდებოდა ტფილისის დამნაშავეთა სამყაროსთან.

მხოლოდ ეს შემთხვევა რად ღირს, 1899 წლის ერთ ჩვეულებრივ დღეს, დილაუთენია, თბილისის პოლიციის მეათე სამმართველოში რომ მოხდა, როცა ვიღაც კაცი თეთრეულის ამარა გამოიჭიმა ბოქაულის წინაშე და ჯარისკაცთათვის დამახასიათებელი მანერით მიმართა:

– თქვენო ბრწყინვალებავ, გამძარცვეს.

– ვინ გაგძარცვა?

– რა მოგახსენოთ! გამომეღვიძა და ვნახე, რომ არსად იყო არც წაღები, არც შალვარი, არც რევოლვერი…

– რა რევოლვერი?

– ხმალიც-კი წაიღეს!..

– მერე შენ ვინა ხარ?

დაზარალებული პოლიციელი ეფრემ ნოვოკრეშჩევი აღმოჩენილა, რომელიც სულ ახალი მიღებული ყოფილა სამსახურში. იმ დღეს, როდესაც ავადსახსენებელი ამბავი შეემთხვა, ნაძალადევში ყოფილა დანიშნული სადარაჯოდ, თუმცა, ცოტათი ჩასთვლიმა და…“

მეტეხის ციხის ხედი

მართალია ზემოაღნიშნული ცნობები ბევრ რამეზე მეტყველებს და მეცხრამეტე საუკუნის ბოლო მეოთხედის ზოგადი სურათის კონკრეტული ფრაგმენტის შექმნაშიც გვეხმარება, თუმცა, დასასრულს აუცილებლად უნდა შევეხოთ ერთ საჩოთირო, ყოველად ამორალურ გარემოებას, რაზეც გარკვეულწილად ისტორია დუმს, მიუხედავად იმისა, რომ ეს სარფიანი, უკანონო საქმიანობა ლამის საუკუნეების განმავლობაში იყო გავრცელებული საქართველოში და მასში ჩართულთათვის დიდი შემოსავალი მოჰქონდა.

„გვრცხვენია ამის თქმა, მაგრამ „ზოგჯერ თქმა სჯობს არა-თქმასა“. ჩვენ გვითხრეს, – მაგრამ ღმერთმა ინებოს, რომ ეს მართალი ამბავი არ იყოს – გვითხრეს, ვითომც ერთ იმერელ თავადიშვილს ორი ახალგაზდა ქალი ჩამოეყვანოს მოტყუებით ჩვენს ქალაქში და საროსკიპოში გაეყიდოს!“

ამ ცნობის ავტორი არ ასახელებს სახელსა და გვარს სავარაუდო დამნაშავისა, რომელიც არც მეტი, არც ნაკლები „ბრწყინვალე ქართველი თავადი“ უნდა ყოფილიყო.

სამწუხაროდ, აღნიშნული ამბავი ამ გზით ფულის შოვნის არც პირველი შემთხვევა იყო და არც უკანასკნელი. 1899 წელს, გრიბოედოვის ქუჩაზე მცხოვრები ქვრივი სიდონია გურიელი პასუხისგებაში მისცეს იმის გამო, რომ პოლიციის გამოძიებით, იგი მცირეწლოვანი ქალებით ვაჭრობდა…